საშემოდგომო სამზადისის დროც მოვიდა - აჯიკები

Approved by Natia Jinjolava

მართალია, ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან და სუპერმარკეტების მომრავლებასთან ერთად ჩვენი ბებიებისა და დედების ახალგაზრდობის  დროინდელმა საშემოდგომო დაკონსერვება-ხუფვა-ხარშვის საყოველთაო ისტერიამ საგრძნობლად იკლო, მაგრამ დღესაც ბევრია გატაცებული საშინაო მურაბა-კომპოტების მზადებითა და ზამთრისათვის მათი დასაწყობებით. სიმართლე გითხრათ, ხანდახან მართლაც სასიამოვნოა მსგავსი ხასიათის ფუსფუსი - რაღაც ძალიან საშინაო-შინაურულ ატმოსფეროსა და საოცარ სითბო-სტაბილურობის განწობას ბადებს აივნის ბოლოში მოწყობილ სათავსოსა თუ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი კარადის თაროებზე ლამაზად ჩაკიწკიწებული უკვე გავსებული და მზრუნველი ხელით ეტიკეტებმიწეპებული ქილების დანახვა. თანაც, მაღაზიებში როგორც იქნა გამოჩენილი ქარხნული ტყემლების, აჯიკებისა და საწებლების მიუხედავად, ჯერაც ძალიან ბევრი და გემრიელი რამ არ იყიდება და მოგეხსენებათ - ვინც არ შრომობს, ის არც ჭამს. დღეს, რამდენიმე გამორჩეულად არომატულ და არატრადიციულ აჯიკას შემოგთავაზებთ - ეს ის სიამოვნებაა, რომელთა გასაკეთებლად თავის შეწუხებაც ნამდვილად ღირს. 

ცხარე აჯიკა
2 კგ წითელი ცხარე წიწაკა, 800 გრ ნიორი, 3 ჩ/ჭ უცხო სუნელი, 2 ჩ/ჭ დაფქული ხმელი ქინძი, ½ ჩ/ჭ დაფქული ხმელი ქონდარი, 34 ჩ/კ ყვითელი ყვავილი, 500 გრ მარილი
წიწაკა გავრეცხოთ, შუაზე გავჭრათ და გავაცალოთ თესლი. ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ. გაფცქვნილი ნიოროც დავაბლენდეროთ და სუნელებთან და მარილთან ერთად შევურიოთ წიწაკას. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
ინახება ძალიან დიდხანს.

აჯიკა ჭარხლით
2 კგ ჭარხალი, 2 კგ სტაფილო, 2 კგ წითელი ბულგარული წიწაკა, 2 დიდი ქილა ტომატ პასტა (500 გრ-იანები), 1,5 ლ ზეთი, მარილი, ნიორო და წითელი ცხარე წიწაკა გემოვნებით
ბოსტნეული გახეხეთ, ხორცსაკეპმანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ და ნიორთან და ცხარე წიწაკასთან ერთად მოთუშეთ ზეთში. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ დაუმატეთ ტომატი და მარილი და თუშეთ კიდევ 10 წუთი.
განსაკუთრებით ძნელი და შრომატევადია ჭარხლის დაბლენდერება, მაგრამ იმდენად გემრიელი და უჩვეულო აჯიკა გამოდის, რომ ამ მძიმე შრომად ნამდვილად ღირს.

უკრაინული აჯიკა
5 კგ პამიდორი, 300 მლ ზეთი, 200 მლ ძმარი, 1,5 კგ სტაფილო, 1,5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა, 2 დიდი თავი ნიორი, მარილი, შავი პილპილი და 5 ტაბლეტი ასპირინი
პამიდვრებს თავზე კანი დაუსერეთ ჯვრის ფორმაზე და 2 წუთით ჩაყარეთ მდუღარე წალში. დამდუღრული პამიდორი ადვილად გაიფცქვნება. ძმარი და ძეთი სქელძირიან ქვაბში ავადუღოთ, ჩავყაროთ გატარებული სტაფილო, ბულგარული წიწაკა და პამიდორი. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ვადუღოთ დაახლოებით 20-25 წუთი, ჩავაყაროთ დაფხვნილი ასპირინი და ცხლადვე ჩავასხათ ქილებში.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment