ლუდომანია

Approved by Natia Jinjolava


გამოგიტყდებით, ცოტა ხნის წინ მეგობართან სტუმრობისას გაოცებულმა მოვისმინე, რომ იგი თავისი მცირეწლოვანი შვილის „შიშით“ სახლში ლუდს ვეღარ სვამს. თურმე ბავშვს მოუხერხებია და მამამისის კათხიდან ლუდის რამდენიმე წვეთი დაუგემოვნებია და საკმაოდაც მოსწონებია. არადა, პირადად მე, სკოლის უფროს კლასებში ვიყავი, როცა ერთი კათხა ლუდი (თანაც ალკოჰოლის ნაკლები შემცველობით) ძლივს დავლიე. ისიც, მეგობრების შაყირის ობიექტად რომ არ ვქცეულიყავი იმიტომ. გავიდა დრო და ეს ჯადოსნური სასმელი ჭეშმარიტად დავაფასე და დღესდღეობით დიდი სიამოვნებით გეახლებით ხოლმე (რასაკვირველია ზომიერ ფარგლებში).
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი წინამდებარე სტატია არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების მოხმარების პროპაგანდას ან რომელიმე მწარმოებელი კომპანიისა თუ კონკრეტული მარკის რეკლამას. უბრალოდ, მინდა შეძლებისდაგვარად თავი მოვუყარო ლუდისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ მონაცემებს და მერე თქვენს წინაშე წარმოვადგინო. თუმცა, ამისთვის ალბათ ერთი სტატიაც არ მეყოფა, მაგრამ ყველაფერი თანდათნობით დავიწყოთ. გარკვეული მიზეზების გამო დღეს ბავარიულ ლუდზე შევჩერდები. ამასთან, აუცილებლად დავძენ, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
თავს არ შეგაწყენთ ლუდის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებების მოყოლით. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმცირე აშკარად არ შეინიშნება. ერთი რამ ცხადია - ლუდი ერთ-ერთი უძველესი სასმელია, რომლის მომზადების ტექნოლოგიაც მაშინაც (უძველს სამყაროში) და ახლაც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან კულტურული, გეოგრაფიული, თუ სხვა ფაქტორების გავლენით. მის დასამზადებლად იმთავითვე სხვადასხვა ნედლეულს იყენებდნენ: ხორბალი, ქერი, სვია, სიმინდი, ბრინჯი და სხვ. თანაც, ხელისუფლების მხრიდან წარმოების ტექნოლოგიის დაცვაზე მუდამ სერიოზული კონტროლი არსებობდა და დამრღვევებს საკმაოდ მკაცრი სანქციებიც ელოდათ. მაგალითად, 1516 წელს ბავარიაში (გერმანია) მიიღეს ლუდის „სისუფთავის კანონი“ (Reinheistgebot), რომლის თანახმადაც ამ სასმელის დამზადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქერის (მოგვიანებით ალაოს), სვიისა და სუფთა წყლისაგან. ტრადიციის ერთგულ ბავარიულ ლუდსახარშებში ამ წესებს დღემდე დიდი გულმოდგინებით იცავენ.
ლუდის მოყვარულ ადამიანს შეუძლებელია ერთხელ მაინც არ ქონდეს გაგონილი სიტყვა „ოქტობერფესტი“ (Oktoberfest) - გერმანიის ყოველწლიური ლუდის ფესტივალი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ღონისძიების სახელწოდება მიგვანიშნებს ოქტომბრის თვეზე, იგი ტრადიციულად სექტემბრის მესამე უიქენდზე იწყება და 16 დღე გრძელდება.
გადმოცემის თანახმად, ამ შესანიშნავ ტრადიციას საფუძველი ასე ჩაეყარა: 1810 წლის 12 ოქტომბერს ბავარიის პრინც ლუდვიგ პირველისა და პრინცესა ტერეზას ქორწინების დღეს საქორწილო წვეულებაზე მთელი ქალაქი დაპატიჟეს. ზეიმი ქალაქგარეთ მდებარე დიდ მინდორზე გაიმართა, რომელსაც ამ მოვლენის საპატივცემულოდ დღეს ტერეზას მინდორს (Teresienwiese) უწოდებენ. სტუმრებს უფასო ლუდს და სანახაობას სთავაზობდნენ. "საყოველთაო დროსტარებამ" იმდენად კარგად ჩაიარა, რომ პრინცმა ლუდვიგმა ზეიმის ყოველწლიურად გამართვის განკარგულება გასცა. დროთა განმავლობაში სულ ახალი და ახალი ტრადიციები მკვიდრდებოდა. ლუდის დღესასწაული სულ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი ხდებოდა და დღეისათვის ნამდვილი „სატყუარაა“ მილიონობით ტურისტებისათვის ან სულაც ლუდზე შეყვარებულთათვის. აი, ასე დაფუძნდა თავისი მასშტაბებით გინესის რეკორდების წიგნში შესული ლუდის უმსხვილესი ფესტივალი.
ტრადიციულად, ფესტივალის პირველ დღეს 12 საათზე მიუნხენის მერი პირველ კასრ ლუდს ხსნის, უფრო სწორედ რომ ვთქვათ - ძლიერი დარტყმით აგდებს საცობს კასრიდან, რითიც სიმბოლურად აღნიშნავს თექვსმეტ დღიანი მხიარულების დაწყებას. ასე იწყება 6 კილომეტრიანი კოსტუმირებული მსვლელობა უცვლელი მარშრუტით და საბოლოო დანიშნულების ადგილით - „ ოქტობერფესტის“ პავილიონებამდე ტერეზას მოედანზე. მინდორზე, როგორც წესი, 14 გიგანტური კარავია გაშლილი. თუმცა, ძნელია კარავი უწოდო კონსტრუქციას, რომელიც ერთდროულად 10 ათას ადამიანს იტევს... ფესტივალის დროს შეგიძლიათ ხსენებული კარვებიდან ნებისმიერს, ან სულაც ყველას რიგ-რიგობით ესტუმროთ, მაგრამ ყველაფერი 23:30-მდე უნდა მოასწროთ - ამ დროს ყველა კარავი იხურება. კელნერებს (ოფიციანტებს) ამ ღირშესანიშნავი მოვლენისთვის „უფრო ძლიერის“ პრინციპით არჩევენ, რადგან ძველგერმანულ, ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა ხშირად შემკვეთის მაგიდამდე 12 ლიტრი ლუდის ერთდროულად მიტანა უნდა მოახერხონ (ფესტივალზე 1 ლიტრის მოცულობის ლუდის კათხებს იყენებენ. ასეთ კათხას „მასი“ ეწოდება).
ოქტობერფესტზე პროდუქციის გამოტანის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ 6 ლუდსახარშს აქვს, რომლებიც თავიანთ ტრადიციულ მარკებთან ერთად აუცილებლად წარმოადგენენ საგაგებოდ ფესტივალისთვის შექმნილი ლუდის სახეობას. ექვსი „ბედნიერს“ სია ასეთია:
Augustiner - ეს ლუდი პირველად მე-14 საუკუნის 20-იან წლებში (მისი დაბადების თარიღად 1328 წელი ითვლება) მოხარშეს ავგუსტინელთა ორდენის ბერებმა. გადმოცემის თანახმად, ბავარიის მეფე ახალ ლუდს იმდენად მოუხიბლავს, რომ ბრძანება გაუცია - მონასტერი გადასახადებისგან მთლიანად გაეთავისულებინათ და თან ბერებს ლუდის გაყიდვის ნებაც დართო. ამ ლუდსახარშში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციებს. ლუდის შესანახად დღესაც მუხის კასრებს იყენებენ, რაც ამ მარკის პოპულარობას ძალიან ზრდის. ფესტივალზე   Augustiner-ის კარავში კლიენტებს ლუდს პირდაპირ ხის კასრიდან უსხამენ.
Hofbräu - ლუდის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია. იგი ზედმიწევნით ზუსტად იცავს ლუდის ხარშვის მკაცრ კანონებს, რომლებიც როგორც უკვე ვიცით, ჯერ კიდევ 1516 წელს იქნა მიღებული და ის იმ ლუდსახარშთა რიცხვში შედის, რომლებიც წარმოებაში არასდროს მიმართავენ პროცესის დამაჩქარებელ ტექნოლოგიებს. შესაბამისად, აქცენტს არა პროდუქციის მოცულობაზე, არამედ მის ხარისხზე აკეთებენ. ამ მარკას ოქტობერფესტზე ყველაზე დიდი კარავი აქვს, სადაც სხვა კარვებისგან განსხვავებით ფეხზე მდგომ კლიენტებსაც ემსახურებიან.
Paulaner - ლუდსახარში მე-17 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით მისი ნათლიები ბავარიელი ბერები არიან, რომლებიც წმ. ფრანცისკის (პაოლიდან) ორდენს ეკუთვნოდნენ.
Löwenbräu - ბავარიული ლუდის ერთ-ერთი უძველესი მარკაა, რომლის შექმნის ისტორიის ფესვებიც მე-14 საუკუნეში იკარგება. როგორც ამბობენ, ბრენდის დასახელება ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში მდებარე ტრაქტირის -  „Zum Löwen“-ის (ლომის ტრაქტირი) სახელწოდებიდან მოდის, რომელის მეპატრონემაც ეს ლუდი პირველად 1382 წელს მოახარშა. თუმცა, აღნიშნული მარკა მიუნხენის ლუდსახარშთა რეესტრში ოფიციალურად მხოლოდ 1746 წლიდანაა მოხსენიებული. „ლოვენბრაუ“ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) იყიდება. ადვილად დასამახსოვრებელია ლუდის ეტიკეტიც თავისი ფერებითა თუ ორიგინალურობით. მის ემბლემაზე გამოსახული ლომი სიმამაცის, სიძლიერისა და ლიდერობის სიმბოლოა.
Spaten - ბავარიული ლუდის კიდევ ერთი ცნობილი მარკა. სახელწოდება „შპატენ“ გერმანულად ნიჩაბს ნიშნავს და ბრენდის ლოგოც შესაბამისია - მასზე რა თქმა უნდა ნიჩაბია დახატული. ლოგო 1884 წელსცნობილმა მხატვარმა ოტო ჰუპმა შემქნა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს სავაჭრო მარკად ითვლება.
Hacker-Pschorr - იოზეფ ფშორს ლუდის ხარშვის ხელოვნების დახვეწისთვის ბევრი ლუდისმხარშველთა მეფეს უწოდებდა. საინტერესოა, ისიც რომ მისი ქალიშვილის ფრანც შტრაუსზე ქორწინების შედეგად „ვალსების მეფედ“ ცნობილი რიფარდ შტრაუსი მოევლინა ქვეყანას.
ახლა ისევ ზოგადად ლუდის თაობაზედ: ლუდს მინის ბოთლებში, ალუმინის ქილებში ან სულაც კეგებში ინახავენ (კეგი რა არის?! მეტალის ჭურჭელი, რომელიც ძირიღადად ფოლადისგან მზადდება. იგი გამოიყენება, როგორც ალკოჰოლური, ასევე არაალკოჰოლური სასმელების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის). ისიც გამიგია, რომ ლუდი -2°C ტემპერატურაზე იყინება. ექსპერიმენტი პირადად არ ჩამიტარებია და სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ ასეთი მანიპულაციის შემდეგ ლუდის გალღობა და დალევა შეიზლება, მაგრამ ის თავის გემოვნურ თვისებებს კარგავს. ასე რომ, არც თქვენ გირჩევთ. სჯობს, თქვენი გემოვნების მიხედვით შერჩეული ლუდი თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე ჩააციოთ და წელიწადის დროის ცვალებადობის მიუხედავად, ისიამოვნოთ. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე - ზომიერება უპირველეს ყოვლისა!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ


2 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    რამდენ გრადუსზე და რამდენ წუთში იყინება, ნამდვილად არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ, მაგრამ მე ვყინავ სისტემატიურად. რასაკვირველია წინასწარგანზრახვის გარეშე. უცებ რომ გაცივდეს საყინულეში ბაგდებ და მერე მავიწყდება...ისიც მართალია, რომ მერე დალევა შეიძლება და დათრობითაც ჩვეულებრივად ათრობს :)

  1. თამუნა სამხარაძე
    This comment has been removed by the author.

Post a Comment