ყველიანი ჩხირები და ლორის კრუასანები

Approved by Natia Jinjolava


აბა, ლუდის სმა რა ლუდის სმა იქნება თან ფსტის კაკალი ან გემრიელი ყველიანი ჩხირები თუ არ მივაყოლეთ. და, რაც არ უნდა გემრიელად მოგვეჩვენოს მეზობელ სუპერმარკეტში ნაყიდი ორცხობილები და კრეკერები, კიდევ უფრო გემრიელი გამოდის საკუთარი ხელით და სულ ოდნავ ორიგინალური რეცეპტით გამომცხვარი სასუსნავი. მოკლედ, ვისაც ლუდი და სამზარეულოში ფუსფუსი ერთნაირად უყვარს იმათთვის:

ყელიანი ჩხირები
30 ცალისთვის: 250 გრ უცხიმო ხაჭო, 250 გრ ფქვილი, 250 გრ ცივი კარაქი ან მარგარინი, მარილი, პილპილი, გახეხილი ჯავზის კაკალი დანის წვერზე, 250 გრ ყველი „გაუდა“, 2 კვერცხის გული, 4 ს/კ რძე ან ნაღები
ხაჭო ჩავდოთ საცერში და ერთი საათი დავტოვოთ სითხისგან დასაწრეტად. შემდეგ ფქვილი, კარაქი და ხაჭო დავყაროთ სამუშაო დაფაზე, ზემოდან დავაყაროთ მარილი, პილპილი და ჯავზის კაკალი (მუსკატის კაკალი) და ავკეპოთ დანით. ბოლოს ხელები დავიხმაროთ და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით შევდოთ მაცივარში. ყველი გავხეხოთ. ცომი გავაბრტყელოთ 3-4 მმ-ის სისქეზე და დავჭრათ 20 სმ სიგრძის და 2 სმ სიგანის ზოლებად. კვერცხის გული და ნაღები ერთად ავთქვიფოთ და წავუსვათ ცომის ზოლებს და ზემოდან გახეხილი ყველი მოვაყაროთ (ყველს ხელით ოდნავ დავაწვეთ, ცომზე კარგად რომ დაფიქსირდეს). შემდეგ ყველიანი ზოლები სპირალივით დავახვიოთ და ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე დავალაგოთ. გამოვაცხოთ 200°C-მდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი, გაოქროსფერებამდე.

ლორის კრუასანები
40 ცალისთვის: 250 გრ უცხიმო ხაჭო, 250 გრ ფქვილი, 250 გრ ცივი კარაქი ან მარგარინი, მარილი, პილპილი, გახეხილი ჯავზის კაკალი დანის წვერზე, 500 გრ ლორი, 1 კვერცხის გული, 2 ს/კ რძე ან ნაღები
ხაჭო ჩავდოთ საცერში და ერთი საათი დავტოვოთ სითხისგან დასაწრეტად. შემდეგ ფქვილი, კარაქი და ხაჭო დავყაროთ სამუშაო დაფაზე, ზემოდან დავაყაროთ მარილი, პილპილი და ჯავზის კაკალი და ავკეპოთ დანით. ბოლოს ხელები დავიხმაროთ და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით შევდოთ მაცივარში. ცომი გავაბრტყელოთ 3-4 მმ-ის სისქეზე და დავჭრათ 14 სმ სიგრძის ზოლებად. შემდეგ ეს ზოლები დავჭრათ მახვილკუთხა სამკუთხედებად. ღუმელი გავაცხელოთ 200°C-მდე. საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი. თითოეულ სამკუთხედზე მოვათავსოთ ლორის ნაჭერი და დავახვიოთ კრუასანის ფორმაზე. გამზადებული კრუასანები დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე, წავუსვათ კვერცხში ათქვეფილი ნაღები და გამოვაცხოთ 22-25 წუთის განმავლობაში გაოქროსფერებამდე.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment