ქორწინება და კანონი

Approved by Natia Jinjolava

არ მახსოვს სად და როგორ ჩამოვარდა ხელში გაეროს 2011 წლის ერთ-ერთი შემაჯამებელი  მოხსენება, მაგრამ ჩემი გაოცება უნდა გენახათ, როცა შევიტყვე, რომ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ქორწინების რიცხვი 50 % შემცირებულა. ეგრევე ჩავთვალე, რომ გაეროს წარმომადგენლებმა მორიგჯერ აურიეს რაღაც და ჩემი აღშფოთება საქმეში ჩემზე მეტად ჩახედულ ახლობლებს გავუზიარე. თურმე ნუ იტყვით და უცხოელი ექსპერტები არ ცდებიან. ქორწინების (თუნდაც სამოქალაქო) ცერემონიის არადამიანური სიძვირის გამო ჩვენი თანამემამულეების დაქორწინებულთა უდიდესი ნაწილი ხელს აღარ აწერს. ქვეყანაში სადაც კანონით დადგენილი ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 20 ლარია (დიახ-დიახ! ყბაღებული მინიმალური 150 ლარი სახელმწიფო სექტორშია, კერძო პირს კი შეუძლია თქვენი მომსახურება მხოლოდ 20 ლარად შეაფასოს), ქორწინების კანონიერად გაფორმება 150 ლარი და მეტი ჯდება. იგივე ეხება განქორწინებასაც. შედარებისთვის, ნიუ-ორკის სამოქალაქო რეესტრში (მანჰეტენზე) ქორწინების ყველაზე გამარტივებული ცერემონიის საფასური სულ 11 აშშ დოლარია(!). შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ქორწინებას ვერ თუ არ აფორმებს.
ბევრი შემომედავება - დიდი ამბავი, როცა ექნებათ, მერე მოაწერენ ხელსო.  კი, ბატონო, ეს იდეალურ შემთხვევაში, მაგრამ ოჯახი თუ აერიათ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ იყოფა ქონება, რომელიც შეძენილია ქორწინებამდე, მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქების გზით და ა.შ. ... ანუ, სანამ, საბჭოთა ტერმინი რომ ვიხმაროთ, სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, მანამდე შეძენილი და დაუღალავი შრომით მოპოვებული ყველაფერი, იმ ოჯახს რჩება, ვისთანაც ცხოვრობდნენ. იდეაში, ეს კანონი ორივე მხარეს ერთნაირად ეხება, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე (იმიტომ რომ ძირითადად ქმრის ოჯახში არიან), ქალი რჩება ნოლზე. შედეგად, სადღაც 20-30 წელიწადში (დღეს დაქორწინებულ ახალგაზრდა კაცებს შუახნის კრიზის რომ მოუწევთ და პატარა გოგოებისკენ გააპარებენ მზერას) შეიძლება ძალიან ბევრი ქალი აღმოჩნდეს ქუჩაში.  თუმცა, მსგავსი პრობლემისგან თავის დასაზღვევად მარტო ხელოწერაც არ კმარა. ქართველებს ცოტა ზერელე დამოკიდებულება გვაქვს კანონთან (ზედმეტად ვენდობით ახლობლების კეთილსინდისიერებას), რაც დროთა განმავლოვაში ხშირად ხდება ბევრი გაუგებრობის და უსამართლობის მიზეზი. ამის ნათელ მაგალითად ჩემი მეზობლის ისტორიას მოგითხრობთ.
ქვრივი დედამთილის სახელზე გაფორმებულ ბინაში 30 წელი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა ოჯახი. ცოლ-ქმარი, 2 შვილი და როგორც ხვდებით, თავად დედამთილი. შვილები დათხოვდნენ, დედამთილი გარდაიცვალა... ოჯახის დიასახლისმა კარგი შემოსავლიანი სამსახური დაკარგა და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მის ინტელიგენტ, წყნარ და „წესიერ“ მეუღლეს 15 წელია სხვა ქალი ჰყავს. ქმარმა, 60 წლის ცოლს, რომელმაც 10 წლის წინ საკუთარი დედის ბინა გაყიდა ქმრისთვის ავსტრიაში ოპერაცია რომ გაეკეთებინა (საკუთარი ოჯახი ხომ ჰქონდა!), გამოუცხადა, შენი არაფერი არ არის, ჩემს ახალ ცოლთან ვიწროდ ვარ და ბინა სასწრაფოდ დაგვიცალეო. კანონით ქალს მართლაც არაფერი ეკუთვნის. ბინა, რომელშიც ნახევარი სიცოცხლე გაატარა და ყველაფერი მისი ხელითაა გაკეთებული, დედამთილისგან ქმარს ერგო მემკვიდრეობით. აი, ასე! ალბათ ბევრი აღშფოთდა ქმრის უგულობით და უნამუსობით, მაგრამ რაც გინდა ის უძახე, კანონთან მართალია.
გულუბრყილო ქართველ დიასახლისს კანონი არ იცავს და არც არის ვალდებული. საკუთარ თავს, ისევ კანონის მეშვეობით თავად უნდა მივხედოთ, ჩვენს უმეცრებაზე ვერც კანონი აგებს პასუხს და ვერც სახელმწიფო - სწორედ ამისთვის არსებობს საქორწილო კონტრაქტი. მართალია, დედამთილის ბინას ვერც ერთი საქორწინო ხელშეკრულებით ვერ დაისაკუთრებთ, მაგრამ ქმრის მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე შეგიძლიათ პრეტენზია განაცხადოთ. და აღშფოთებები, რომ საყვარელ ადამიანისთვის პირობების წაყენება სირცხვილია, თქვენთვის შეინახეთ. სწორედ ის საყვარელი ადამიანები ამტვრევენ ერთმანეთს თავ-ყბას რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერი კარგად თუ არ წავიდა და არის მერე წივილ-კივილი და მუქარა. დამიჯერეთ, მშვიდ გონებაზე განაწილებული ვის რა ეკუთვნის და რა ევალება, მოგვიანებით ძალიან ბევრ „მაგ გათახსირებულს ბავშვებს არ ვანახებ“ და „სიმშვიდეს არ გაღირსებს“ აგაშორებთ (ახლა, ვინმე გიჟს თუ გადაეყარეთ, მაშინ ვერც კანონი და ვერც წამდაუწუმ საშველად მოხმობილი მეზობლები და ახლობლები გიშველიან). ისე, ისიც ნიშანდობლივია, რომ უცხოური ანალოგებისგან განსხვავებით, ქართული საქორწილო კონტრაქტი მხოლოდ ქონებრივ საკითხს აწესრიგებს. თან ნუ გგონიათ, რომ ეს რაიმე სიახლეა. ქართული წინასწარ შეთანხმებული მზითვის ტრადიცია, სწორედ საქორწილო შეთანხმების ძველებური ვარიანტი იყო და მეტი არაფერი - ოჯახები ერთმანეთს ხვდებოდა და წინასწარ თანხმდებოდა, ახალდაქორწინებულებს ორივე მხარე რას, რამდენს და რა პირობით აძლევდა.
ახლა ხარბი და ყოფილ ქმარზე შურისძიების სურვილით შეპყრობილი ქალების საყურადღებოდ: ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება, ან მემკვიდრეობით და საჩუქრად მიღებული ქონებაც, რომელიც თქვენს ხელში შერემონტდა შუაზე იყოფა, მაგრამ... ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქტივთან ერთად პასივიც თანაბრად ნაწილდება. ერთი ნაცნობი ქმარს შორდებოდა. ექს-მეუღლემ ყოფილ ცოლს ბინა, მანქანა და აგარაკი დაუტოვა, მაგრამ ქალს არ ეყო და ქმრის ბოლომდე გამწარება განიზრახა. სასამართლოს მიმართა და ქონების ზუსტად შუაზე გაყოფა მოითხოვა. სასამართლომ შურისმაძიებელი ქალის კანონიერი მოთხოვნა დააკმაყოფილა და „ბედნიერ გამარჯვებულს“ კიდევ ერთ მანქანასთან და თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის ნახევართან ერთად ქმრის საბანკო ვალის ნახევარიც - 500 000 ლარიც ერგო. დიახ, დიახ, ქონებასთან ერთად ვალებიც თანაბრად იყოფა!
დროა დავიწყოთ ფიქრი ჩვენი უფლებების დაცვაზე, თუნდაც ქორწინების ხელშეკრულებით, საპენსიო ფონდით და ა.შ. მომავალ ცხოვრების თანამგზავრთან ამაზე საუბარი სულ არ არის უხერხული (პრინციპში, ან სხვასთან ვისთან უნდა დააწყო მომავლის გეგმები?!). სირცხვილი ისაა, საპენსიო ასაკში რომ აღმოჩნდები ქუჩაში, იმიტომ რომ ქმარს თავლი უფრო ახალგაზრდისკენ გაექცა, შენ კი ამდენი წელი მიამიტად ენდობოდი, ან ნახევრად სკლეროზიანმა დედამთილმა გადაწყვიტა, რომ თქვენი სახლი თქვენზე მეტად მასთან რომ არ ცხოვრობდა და არაფერი უწყენინებია ისეთ რძალს უფრო სჭირდება...  მოკლედ, მივხედოთ ჩვენს თავს და ისევ ჩვენი ინტერესებისთვის, ცალი თვალით კანონშიც ჩავიჭყიტოთ ხოლმე - არ გვაწყენს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment