შოკოლადის რიზოტო

Approved by Mary Poppins


კლასიკური და არაკლასიკური რიზოტოც არატკბილი კომპონენტებისაგან მზადდება და ჩვენებურად რომ ვთქვათ „ზაკუსკას“ ანუ „აპეტაიზერს“ წარმოადგენს. დღეს ბრინჯის მოყვარულებს მის მეტად უჩვეულო -  ტკბილ ვარიანტს შემოგთავაზებთ. პრინციპში, ვისაც ბრინჯის ფაფა, პუდინგი, სიუტლაჩი ან თუნდაც ტკბილი ფლავი უყვარს ეს კერძიც ძალიან უნდა მოეწონოს. სხვათა შორის, დაახლოებით ამდაგვარი რაღაც, ოღონდ შოკოლადის ნაცვლად თაფლითა და გოგრით მაღალმთიან აჭარაშიც მზადდება და მასაც ცივად მიირთმევენ. აჭარლებს ბრინჯის თაფლიანი და პილპილიანი კერძიც აქვთ, რომელიც ერთდროულად ძალიან ტკბილი და ცხარეცაა და საკმაოდ საინტერესო საჭმელია. გპირდებით, ერთ დღეს მათ რეცეპტსაც მოვიძიებ (ჩემს მრავალრიცხოვან რეცეპტების რვეულებში ჩაიკარგა) და შემოგთავაზებთ, დღეს კი ჯეიმი ოლივერის შოკოლადის რიზოტოთი შემოვიფარგლოთ. შეგახსენებთ, რიზოტოს პორციები ასე იზომება - 1 ადამიანზე 2 პეშვი ბრინჯი.
ინგრედიენტები: 200 გრ ბრინჯი, 75 კარაქი, 1 ვანილის ჩხირი, 1 დარიჩინის მოკლე ჩხირი, 1 ტოტი როზმარინი, 150 გრ თეთრი ღვინო, 75 გრ შაქარი, დაახლოებით 500 მლ რძე, 125 გრ თეთრი შოკოლადი, 100 გრ შავი ან რძიანი შოკოლადი
პატარა ქვაბი დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ჩავაგდოთ 50 გრამიანი კარაქის ნაჭერი. ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე და გამოვფხიკოთ თესლი. როზმარინის ტოტს გავაცალოთ ფოთლები. ვანილის თესლი, როზმარინის ფოთლები და დარიჩინის ჩხირი ჩავაგდოთ კარაქში და მოვურიოთ კარაქი რომ არ დაიწვას.  დავუმატოთ ბრინჯი და ისევ მოვურიოთ. ბრინჯი რომ მოიხალება დავუმატოთ ღვინო. არ დაგავიწყდეთ, რომ რიზოტოს განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ! ჩავაყაროთ შაქარი (შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციოთ თქვენი გემოვნების მიხედვით). ღვინოს რომ ამოიშრობს, დავიწყოთ რძის თანდათანობით დამატება ზუსტად რიზოტოში ბულიონის ჩამატების პრინციპით - დავუმატევთ 100 მლ-ს, ვურევთ, ამოიშრობს, ისევ ვუმატებთ, ვურევთ, ამოიშრობს, ვუმატებთ და ა.შ სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. თეთრი შოკოლადი დავჭრათ კუბიკებად და ჩავყაროთ უკვე გამზადებულ ბრინჯში დარჩენილ კარაქთან ერთად და კარგად მოვურიოთ. ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და 2 წუთი გავაჩეროთ. შავი შოკოლადი ავთალოთ ფართო ბურბუშელებად. რიზოტო გადმოვასხათ თეფშზე და მოვაყაროთ შავი შოკოლადის ბურბუშელა (შეგვიძია დავუმატოთ ცოტა კარაქიც). რიზოტო მზადაა, უფრო გემრიელი იქნება ჩაცივებულს თუ მიირთმევთ. დარიჩინის ჩხირის ამოღება არ დაგავიწყდეთ.
გემრიელად მიირთვით!




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment