იმერული ქორწილი

Approved by Natia Jinjolava

იმერულ პურმარილს და ქეიფს არაფერი რომ არ ჯობია, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება... თუმცა, რაღაც უკმაყოფილო ფაციფუცი და ბუზღუნი უკვე მესმის და აჯანყებულ მეგრული სამზარეულოს თაყვანისმცემლებს აქვე უნდა ვუთხრა: მეგრული სამზარეულო უგემრიელესია და იმერულ ხაჭაპურს მეგრული ნამდვილად სჯობს (ისევე, როგორც საცივი), მაგრამ ქუთაისური სუფრის  მრავალფეროვნებასთან ზუგდიდური და თუნდაც სენაკური ახლოსაც ვერ მივა. აღარაფერს ვამბობ თავად ქეიფისა და სუფრული დროსტარების თაობაზე. ყველაზე კარგი გაგაებით „შოვინისტი“ მეგრელებიც კი დამეთანხმებიან, რომ სამეგრელოში ქეიფი არ იციან. ავტომატის ტყვიებივით პაუზის გარეშე ერთმანეთზე მიყრილ სადღეგრძელოებს და თანამესუფრეებისათვის თითო წვეთი გადაყლაპული თუ დატოვებული ღვინის დათვლა და ჭიჭყინი „გადასვი, კაცო, ეს რა არის?“, „ეს, თამადა სუსტია, ჭიქაში ღვინოს  ტოვებს“- ამ პროცესს ღრეობის გარდა სხვა სახელს ვერ ვუწოდებ. აბა, ვის მოგისმენიათ მეგრულ სუფრაზე მოქეიფეების სიმღერა ან ანეკდოტები? მხოლოდ ღვინის დაძალება და ჭიდაობა, ვინ მეტს დალევს... ამ მართლაც გროტესკული პროცესის გაცნობის სიამოვნებას არ მოგაკლებთ და სხვა დროს მოგიყვებით. დღეს კი იმერულ ქორწილზე და იქაურ თავისებურებებზე ვისაუბრებთ.
პურმარილი - გადასარევი, საქორწილო დარბაზი თუ სეფა - შესანიშნავი, მეფე-დედოფალი - ულამაზესი, მომსახურება - საუკეთესო... იმერულ ქორწილს ერთადერთი ნაკლი აქვს - საკუთარი თავის პატრონი თვითონ ხარ და განსაკუთრებული მოხერხებულობითა და მაგარი იდაყვებით (მუჯლუგუნებისათვის) თუ არ გამოირჩევი, შანსი არაა მექორწილეების მეზობლებსა და ახლობლებს მაგიდასთან დაჯდომა დაასწრო. რომ იხუვლებენ, თავზე გადაგივლიან და საუკეთესო ადგილებს იკავებენ, შენ კი - მოკრძალებული სტუმარი ან საერთოდ უადგილოდ რჩები, ან ვალოდია ჯინჭარაძესავით სადმე რადიატორთან ხარ მიყუჟული. ვანში ახლობლის ქორწილში კარგად მახსოვს თამადამ როგორ დაგვიძახა ჩქარაო და მუშტებით გზის გაკაფვას შეუდგა, ჩვენ კი -  70 წლის ბაბუაჩემი, მისი 120 კილოიანი ცოლი და დანარჩენი ოჯახის წევრები უკან ძუნძულით მივსდევდით. სამაგიეროდ, წინა რიგებში მოვხვდით და ახალდაქორწინებულებსაც ვხედავდით. ზესტაფონში ძალიან ახლობლის ოჯახში პატარძლის მამიდასთან ერთად მივედი სტუმრად და საერთოდ ფეხზე დავრჩით. მერე სადღაც სახლის უკან, თხილებში ცალკე გაგვიშალეს მაგიდა. ეგ არაფერი, ისევ ზესტაფონში ახლობლის სიმამრის გასვენებას რა დამავიწყებს: სამძიმარზე ზუგდიდლები ჩამოვიდნენ და ქელეხში ცალკე კუთხე გაუმზადეს ერთად რომ დამსხდარიყვნენ. დარბაზის შესასვლელში ჩვენო ოჯახის ახლობელი, ზესტაფონის მაშინდელი მოსამართლე იდგა და შემსვლელებს დასაჯდომად ანაწილებდა. მძიმე წონიანი მეზობელი ქალები მიადგნენ და კაცმაც მორიდებულად სთხოვა, „იქით ნუ დასხდებით, ჩამოსულ სტუმრებს ველოდებითო“. თქვენს მტერს იმას რომ დღე დაადგა, „შენ ვინ გეკითხება სად დავჯდებითო“ და ქალების მუშტებისგან და ნაფეხურებისგან დარჩენილ „სინიაკებს“ ორი კვირა იშუშებდა. არა, არ გეგონოთ იმერულ სტუმართმოყვარეობას ვაკრიტიკებდე, პირიქით! მაგრამ ნურავინ შემომედავება, რომ ამ სტუმართმოყვარეობის მთავარი პრინციპი ასეთია: „საუკეთესო ჯერ მე და მერე სტუმრებს“.  ალბათ, სადღაც სწორიცაა, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრებაში ასეთი წესი ნამდვილად ამართლებს...
ახლა ერთ კონკრეტულ ქორწილზე რომ არ მოვყვე, მოვკვდები: ნათესაობაში ერთი არჩვეულებრივი გოგო გვყავს, რომელიც ისე მოხდა, რომ ბებია-ბაბუის გაზრდილია და ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. ჰოდა, ჩვენი „ნებიერა“ ასევე არაჩვეულებრივ იმერელ ყმაწვილს გაჰყვა ცოლად. ქორწილისთვის მთელი ნათესაობა განსაკუთრებული მონდომებით დავირაზმეთ, ასეთი „საპატიო“ მაყრიონი გვარში არვის ჰყოლია: პატარძლის ბაბუა თავისი ორი ძმით,  პატარძლის დეიდები... და თუ ვინმე ოჯახში ოდნავ გამოჩენილი და სახელოვანი გვყავდა. ემანდ, „ბავშვი“ ვინმეს უპატრონო არ ეგონოსო და არასდროს არავის ქორწილში მისვლით რომ არ შეუწუხებიათ თავი (მაგალითად მამიდაჩემი) ისეთებიც კი საკუთარი სურვილით ჩაეწერნენ მაყრიონში. ერთი სიტყვით, მთელი სერიოზულობით გავემზადეთ საქორწილოდ.
სიძის ნათქვამმა: „ჭიათურიდან რომ გადმოუხვევთ, სულ რაღაც 20 კილომეტრია ჩვენს სოფლამდე და ორ საათში იქ იქნებითო“, ცოტა კი შეგვაფიქრიანა, მაგრამ ჩვენს ენთუზუაზმს რა ჩააცხრობდა. იმერული მოლხენისთვის გავემზადეთ და წინდახედულად საჩხერის სანატორიუმში ღამის გასათევიც მოვიხაზირეთ (ქალაქის პროკურორი, მოგვიანებით კი გვიყვებოდა: „რომ გავიგე სად მიდიოდით, უკან იმდღესვე რომ ვერ დაბრუნდებოდით მაშინვე ვიცოდი, მაგრამ ღამისგასათევის დაბრონვაზე უარი აღარ მითქვამს, რომ არ გგონებოდათ - დამეზარაო“). ჭიათურის ცენტრში მეფე-დედოფლის მანქანა და სამეგრელოს და თბილისის დელეგაციები შევიყარეთ და გადავუხვიეთ სოფლის შარაზე.  საცალფეხო ბილიკს, რომელსაც დავადექით მანქანის სავალ გზას ყველაზე ოპტიმისტიც ვერ დაარქმევდა. იყო ადგილები სადაც მანქანა ოთხივე ბორბლით არ იდგა მიწაზე. მიმდებარე სოფლის მოსახლეობა ღობეებზე გამოეფინა და გაოცებული გამოგვცქეროდა. რაზეც ბაბუაჩემმა სრულიად მართებულად დაასკვნა: „აქაურებს გაოცებულები არიან, აქ გავლილი მანქანა არ უნახავთო“. გზის ამბებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით რომ ქორწილში ხუთად-ხუთი მანქანა იყო (მაყრიონის) და დანარჩენი 200 სტუმარი, როგორც აგვიხსნენს ერთ, „ვილისს“ აუყვანია ჭიათურიდან. „20 რეისი მაქვს დილიდან გაკეთებულიო“ - შემოგვჩივლა მისმა მძღოლმა.
მოკლედ, ასე აღმოვჩნდით მთიან სოფელში, სტუმართმოყვარედ ფართოდ გაღებული ჭიშკრის წინ. დამხვდურებმა პატარძლის დანახვაზე ისე გაიხარეს, გარს შემოერტყნენ და სახელდახელო ცეკვა-თამაში გააჩაღეს. ჩვენ კი უცხო სტუმრები (პატარძლის დეიდა 20 კილოგრამიანი ტორტით ხელდამშვენებული) ვდგავართ ეზოში და მომღიმარი სახეებით ერთ ცალყბად ნათქვამ მობრძანდის ველოდებით. დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში მასპინძლების მხიარულებისგან შეშინებული ეზოში თავისუფლად მორბენალი ქათმებისა და ინდაურების გარდა ჩვენით არავინ დაინტერესებულა, მერე სიევ ჩვენს სიძეს გავახსენდით, მოგვაკითხა და სუფრისკენ წაგვასხა, რომელიც ორ ოთახში იყო გაშლილი. „პატარძლიანი“ ოთახი, როგორც უკვე ხვდებით მეზობლების მიერ მთლიანად იყო დაკომპლექტებული და მეორე ოცი წუთი იმათ მაგიდიდან აყრას და „საპატიო სტუმრებისთვის“ ადგილის გათავისუფლებას დასჭირდა.
როგორც იქნა არაჩვეულებრივი პურმარილით დახუნძლულ მაგიდასაც მივუსხედით, მაგრამ პირველი 5 წუთი ეზოში მობიბინე სარეველებისგან ტანსაცმელზე აკრული ბირკებისა და ორკბილების მოშორებას მოვუნდით. კარგად რომ დავნაყრდით, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ საგანგებოდ შერჩეულ თამადას პატარძლის არსებობა საერთოდ არ ახსოვდა: საგულდაგულოდ ადღეგრძელებდა სიძის მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს... პატარძალი ვითომც არ არსებობდა. ოჯახში ახალშეძენილის გარდა, ორი იმერელი სიძე გვყავდა, ორივე ჩუმი, მშვიდობისმოყვარე და საოცარი იუმორის პატრონი. ჩვენი, ტემპერამენტიანი მეგრელების გაოცება უნდა გენახათ, სწორედ ისინი რომ წამოხტნენ და გაალმასებულებმა იჩხუბეს დედოფლის მაყრიონის უფლებების დასაცავად. იმ ღამით, რომ უკან ვერ ვბრუნდებოდით ამ აზრს გზაშივე შევეგუეთ (სიბნელეში მანქანით უკან დაბრუნება გამორიცხული იყო!), მაგრამ სადღაც 10 საათისთვის აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ღამის გასათევზე არავის უზრუნია და იმ ღამით ლოგინში ძილი არ გვეწერა. ჰოდა, დაიწყო არნახული დროსტარება. მართლა, მართლა, არ ვიცი სასოწარკვეთილების ბრალი იყო, თუ იმერული ღვინის, დიდი და პატარა ვცეკვავდით, ვმხირულობდით და მსგავსი დრო იშვიათად თუ მეტარებინოს. არასდროს დამავიწყდება, პატარძალს მე და მეჯვარე გოგოებმა თავზე როგორ წამოვხადეთ საქორწილო კაბის კრინოლინიანი ქვედატანი და სანამ გოგო „ზადნით“ ჩეჩმაში შედიოდა, კაბის „გაფუქრჩქნული“ ნაწილი გარეთ როგორ გვეჭირა...
სადღაც ღამის 2 საათზე ისევ სიძემ იზრუნდა და ბიძაშვილის ოჯახში ჩვენთვის საწოლები გაამზადებინა. მასპინძელი ე.წ. „ზალაში“ ანუ სატუმრო ოთახში შეგვიძღვა და ტკბილი ძილი გვისურვა. უზარმაზარ ოთახში იდგა დიდი მაგიდა 12 სკამით, დიდი გარდერობი, ორი ორსაწოლიანი და ორი თითო-თითო საწოლი, ტახტი და ერთიც „ლეჟანკა“, იატაკზე დავით კაკაბაძის პეიზაჟი „იმერეთივით“ ვაშლის, მსხლის, კაკლის, წაბლისა და ზღმარტლის კვადრატები იყო გასაშრობად გაშლილი... დილის 6 საათზე, ჯერ კიდევ სიბნელეში ბაბუაჩემმა გაგვაღვიძა: „აქ მეტი არ თენდება, ადექითო“. ღამენათევები და ნაქეიფრები დილას საპირფარეშოს ძებნას შევუდექით და ამ დროს, სადღაც შორიდან მომავალი მამაჩემი დავინახეთ: „ტყუილად მიდიხართ, იმსიშორეზეა, სანამ უკან მოხვალთ, მეორეჯერ წასვლა მოგიწევთო“, მოგვაძახა, მაგრამ არ დავუჯერეთ და გზა გავაგრძელეთ.
ეს პეიზაჟი არ ავღწერო, არ შემიძლია: ტრიალ მინდორზე (ირგვლივ ბუჩქის და ხის ჭაჭანებაც არ იყო) თავმომწონედ იდგა ცისფრად შეღებილი იმერული ჩეჩმა, იმდენად ვიწრო, რომ შესვლა, მოტრიალება და ტანსაცმლის ჩახდა გამორიცხული იყო. უკვე გამზადებული უკუსვლით უნდა მოთავსებულიყავი (ისიც იმ პირობით, შენი კომპლექცია 60 კილოს თუ არ აღემატებოდა). ეგ არაფერი, შიგნით უნიტაზის მოვალეობას ძირგავარდნილი რკინის დაჟანგული ასრულებდა, რომელზეც დაჯდომა, დაკუზვა, დახრა ან ნებისმიერი მსგავსი მოქმედება პრაქტიკულად შეუძებელი იყო. მსგავსი მოწყობილობა საკუთარი სხეულის მოქნილობით განთქმულ ინდოელ იოგებსა და ჩინელ აკრობატებსაც არ დასიზმრებიათ ალბათ. მას მერე სულ მინდა ჩემს სიძეს ვკითხო: „როგორ?“, მაგრამ მერიდება ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


P.S.   რომ არ გეგონოთ მარტო რეგიონებს აკრიტიკებსო: ესეც თბილისური ქორწილი!


1 კომენტარი.:

  1. Construction Layout KA

    სადაა ჩეჩმის სურათი?

Post a Comment