ქორწილი სამეგრელოში

Approved by Natia Jinjolava

სექტემბერია, ქორწილების სეზონი დადგა და ამ თემას აბა, რა ნამუსით გამოვტოვებდი. თანაც იმდენი კურიოზი მახსენდება...  მეგრული ქორწილის შესახებ ბევრ ტყუილ-მართლას ყვებიან. მე კი მოგეხსენებათ, სამეგრელოსთან მჭიდრო კავშირი მაქვს (ალბათ სადღაც 50-60 ქორწილში მაინც ვარ ნამყოფი და რამდენიმეს ორგანიზებაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული) და იქაური წეს თუ ზნე-ჩვეულებების ავ-კარგიანობაზე საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვებით. არამეგრელების მიერ მეგრული ქორწილის კრიტიკის მთავარი მიზეზი, სუფრაზე მეფე-დედოფლის დაგვიანებული შეყვანაა. ხშირად გამიგონია, როგორ იხსენებენ, სამეგრელოში ქორწილში ვიყავით და თამადა ისე გაერთო, რომ ახალდაქორწინებულები სულ დაავიწყდათო. ტყუილი, ტყუილი და ტყუილი - შეიძლება ოდესმე სადმე და რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო (მაგალითად პატარძალი დაშლილ ვარცხნილობას ისწორებდა), წყვილის სუფრასთან მიპატიჟება მართლაც დააგვიანდათ, მაგრამ სულ დავიწყება გამორიცხულია. სამეგრელოში იმდენად უყვართ ცერემონიები, რომ არც ერთი ახალბედა დედამთილი არ შეარჩენს არც ერთ თამადას ხალხისთვის საჩვენებლად და თავის მოსაწონებლად საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული პატარძლის სუფრაზე არ გამომზეურებას.
მოკლედ, მეგრული ქორწილის ეს ყბადაღებული ტრადიცია რაში მდგომარეობს: სიძე-პატარძალი ოჯახში (ან რესტორანში) რომ მივლენ სასტუმრო ოთახში, ან ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას შეჰყავთ და იქ ღებულობენ უკვე შეგროვებული სტუმრების მილოცვებს. მერე სტუმრები საქორწილო სუფრას უსხდებიან. მასპინძელი ასახელებს თამადას, თამადა შეკრებილებს ასმევს მშვიდობის, ან ოჯახის და ა.შ. სულ ორ ან სამ სადღეგრძელოს და მერე ითხოვს მეფე-დედოფლის მოყვანას... ეს რა საჭიროაო, იკითხავთ? საქმე იმაშია რომ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: ბოლო დრომდე სამეგრელოში მეფე-დედოფალს საქორწილო მაგიდაზე საჭმელს არ უდგამდნენ. ისევ იქაური კუდაბზიკობის გამო - აბა, თავმომწონე მეგრელი პატარაძალი სამასი კაცის წინ ხომ არ დაიწყებდა ჭამას. საქორწილო მაგიდაზე მხოლოდ, ტორტი, შამპანური, ხილი და დეკორატიული მორთულობა იდგა ხოლმე. ამიტომ, სანამ სტუმრები გაშლილ სუფრასთან ლაგდებოდნენ  ახალდაქორწინებულებიც სხვების თვალისგან მოფარებით ნაყრდებოდნენ.
დღეს კი, როცა ნეფე-დედოფალმა როგორც იქნა, სუფრასთან ჭამის უფლება მოიპოვეს, პატარძალი ამდენი ადამიანის გადაკოცნის შემდეგ წაშლილ მაკიაჟს და არეულ ვარცხნილობას იწესრიგებს ხოლმე. თანაც, ამ ცერემონიას ერთი საკმაოდ დადებითი მხარე აქვს. ახლა თავად წარმოიდგინეთ სურათი და მიხვდებით. მაგალითად თბილისში, რესტორანში ყველა ერთად შედის და არის ერთი გნიასი და რია-რია, პირველი 20 წუთი პატარძალი სადაა და რას აკეთებს არავის ახსოვს. სამეგრელოში, სტუმრები ლაგდებიან, ჭამასაც ასწრებენ და  პირველი ხმაურისა და აურ-ზაურის ტალღა რომ გადაივლის და სიტუაცია ჩაწყნარდება, მერე შემოყავთ პატარაძალი. ამ დროს ჟღერს მუსიკა, ყველა სტუმარი ფეხზე დგას და შემოსულ წყვილს, რომელსაც წინ მშობლები მოუძღვიან ტაშს უკრვენ - ყველას ყურადღება მექორწილე წყვილისკენაა მიქცეული, ყველამ მათთვის მოიცალა და მემგონი დამეთანხმებით, რომ ლამის ერთადერთი მომენტია, როცა ქართველი პატარძალი მართლა დედოფლად გრძნობს თავს.
სამეგრელოში კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა და აქაც მეგრელების ცერემონიებისადმი სიყვარული იჩენს თავს: ოჯახს თუ ქორწილი აქვს, მთელი სამეზობლო ეხმარება (ისევე, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში), მაგრამ მეზობლები სამეგრელოში თავს ოჯახის წევრებად თვლიან. შედეგად, სანამ ერთი სტუმარი მაინც დგას ფეხზე, სუფრასთან არც ერთი მეზობელი არ ჯდება. პირველ რიგში და საუკეთესო ადგილებს მაყრიონი იკავებს, მერე მასპინძელი ოჯახის შორიდან მოსული და საპატიო სტუმები და ნათესავები, მერე დანარჩენი ახლობლები და სულ ბოლოს ის მეზობლები და ახლობლები, ვინც ოჯახს ქორწილის ორგანიზებაში ეხმარებოდა. არც ერთი სტუმარი არ მიუჯდება გაშლილ სუფრას, თუ არ უთხრეს, მობრძანდი ბატონო, აქ დაჯექიო. მხედველობაში რა მაქვს ყველა მიხვდება, იმერეთში ქორწილში ვინც ყოფილა. იმერულ სუფრასთან, თუნდაც ქეიფთან მეგრული ახლოს ვერ მივა, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ დაჯდომა იქ მხოლოდ დასწრებაზე და შენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.
მეგრულ ქორწილს და სუფრას ცოტა სხვა ნაკლი აქვს (ჩემი აზრით, სერიოზული). სამეგრელოში ქეიფი არ ეხერხებათ - სამეგრელოში მხოლოდ სვამენ! მთავარია ვინ მეტს დალევს და უკაცრავად ასეთი დეტალებისთვის, მაგრამ ვინ მეტხანს არ გავა საპირფარეშოში. აი, ასე! მიდის დაძალება და ერთმანეთისთვის თვლა, ვინ რამდენი ყლუპი მოსვა და ვინ რამდენი წვეთი ჩატოვა ჭიქაში...
მეგრული ქორიწლი ორგანიზებულობის თვალსაჩინო მაგალითად, ჩემი მამიდაშვილის ქორწილის 20 წლის წინანდელ ისტორიას მოგიყვებით. მეც "ტექნიკური პერსონალში" შეცდიოდი და ამიტომ შიდა სამზარეულოც კარგად მახსოვს.
მამიდაჩემი ერთადერთ ვაჟიშვილს აქორწინებდა - მზადება ერთი წლით ადრე დავიწყეთ. სამჯერ გადავფრინდით ოდესაში - 500 სტუმარზე ერთნაირი თეფშები, ჭიქები, წვენისთვის მინის გრაფინები და დაშაქრული მარწყვისთვის პატარა ვაზებიც კი ჩამოვიტანეთ (არ შეგეშინდეთ, ქორწილის მერე ახლობელ-ნათესავებმა დაინაწილეს. ყველა თავმოყვარე მეგრელ დიასახლისს ას კაცზე მაინც უნდა ქონდეს ერთნაირი ჭურჭელი). სასაცივე ინდაურები, სპეციალურად კრასნოდარის მხარეში დავასუქებინეთ. ქაღალდის ხელსახოცებს როგორ ვიკადრებდით და ერთნაირი მაგიდის გადასაფარებლები და ნაჭრის ხელსახოცები შევუკვეთეთ. მაშინ ამდენ ხალხს რომ დაიტევდა ისეთი დარბაზები არ იყო და სეფა უნდა გაგვეშალა. თანაც მოდაში სამხედრო, ცირკი შაპიტოსავით მრგვალი კარვების გაშლა და ქორწილის იქ გადახდა იყო შემოსული.
მე და მამიდაჩემი ერთი კვირა ვხაზავდით, როგორ დაგვედგა მართკუთხედი მაგიდები მრგვალ კარავში წრიულად (დურგლებს მაგიდების ერთმანეთთან გადასაბმელად სპეციალური დამატებითი სექციები გამოვაჩარხინეთ). მერე სტუმრებს ხაკისეფერი ბრეზენტის ქვეშ ხომ არ დავსხამდით და 2 თვე ვღებეთ ასეული მეტრი მიტკალი სხვადასხვაფრად. სამეზობლომ საქორწილო სეფის მშენებლობა ერთი კვირით ადრე დაიწყო. შიგნიდან სულ ფერად-ფერადი ნარმა ააკრეს, მაგიდებიც დადგეს, სუფრებიც გადააფარეს და ის ის იყო ჭურჭლის შეტანასაც აპირებდნენ... საღამოს გრიგალი ამოვარდა და რამდენიმე სახლს სახურავიც კი ახადა... მამიდაჩემი ქალებმა სახლში ჩაკეტეს, რომ არ ენახა რა ხდებოდა. მთელი სამეზობლო ფეხზე იდგა. ქალები მაგიდის გადასაფარებლებს და სეფის მორთულობას მთელი ღამე რეცხავდნენ და მერე უთოთი აშრობდნენ, კაცებმა ამწეკრანი მოიყვანეს და მიწასთან გასწორებული სეფას ისე ააშენეს. თბილისიდან ერთი კვირით ადრე (დასვენებული რომ იყოო) გამოძახებული თამადა (მამაჩემი), მთელი ღამე ფეხზე იდგა და მშენებლობას ხელმძღვანელობდა.
ამ დროს თბილისშიც ცოდვის კითხვა ტრიალებდა. საპატარძლო კაბა ბელორუსში მამიდაჩემის მკერავს შევუკვეთეთ, ქორწილამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა და პატარძალს არ მოერგო. ატირებული პატარძალი ორი დღე და ღამე კაბას თავისი ხელით შლიდა და ახლიდან კერავდა...
თავად ქორწილის დღის გეგმა ასეთი იყო: ვინაიდან მექორწილეები თბილისში ცხოვრობდნენ, ხელმოწერა თბილისში იყო დაგეგმილი. ანუ, დილას საქორწილოდ გამოწყობილები წავიდოდით ხელის მოწერის ცერემონიაზე, მერე გზა რომ არ გაგვმრუდებოდა, დიდ დიღომში ახლობელთან გავივლიდით, იქ სამგზავრო ტანსაცმელს ჩავიცმევდით და ისე გავემგზავრებოდით სამეგრელოსაკენ. სამტრედიაში, იმერელი პატარძლის მაყრიონი შემოგვიერთდებოდა და ერთად გავაგრძელებდით გზას ზუგდიდისაკენ. ზუგდიდში ბაბუის სახლში შევივლიდით, იქ კვლავ ქორწილისთვის გავიპრანჭებოდით, დადიანების სასახლის კარის ეკლესიაში ჯვრისწერას ჩავატარებდით და 5 საათზე ოჯახშიც მივიდოდით საქეიფოდ გამზადებულ სტუმრებთან. ვერაფერს იტყვით, ყველაფერი შესანიშნავად გახლდათ დაგეგმილი.
სეფა რომ დაინგრა და კაბა არ ვარგოდა უკვე იცით. მეფე-დედოფლისთვის მანქანა ბიჭის მეჯვარემ ითავა. თანამდებობის პირის შვილი იყო და მამაჩემის მანქანა თავისი მძღოლითურთ მოგვემსახურებაო. მძღოლს ქორწილის წინა საღამოს ავარია მოუვიდა და მანქანა სერიოზულად დაამტვრია... სამაგიერო მანქანა იყო, მაგრამ მეჯვარე გამოდგა ჯიუტი (ისიც მეგრელი) - მე შეგპირდით და პრობლემა მევე უნდა მოვაგვაროო. წინა დღის ნაავარიები მძღოლი ნათხოვარ მანქანაზე დასვა და ზუგდიდისკენ 35 კმ/სთ სიჩქარით დავიძარით... სადღაც 6 საათისთვის მე, ჩემი და და სიძე საქორწილო პროცესიას მოვწყდით, გაზს ფეხი მივაჭირეთ და სამტრედიაში ჩვენთვის უცნობ ახალშეძენილ ნათესაობას ჩავაკითხეთ (მაშინ მობილურები არ იყო), ნუ გეშინიათ, ცოცხლები არიანო. საქორწილო სუფრას საღამოს 11 საათზე მივუსხედით... დაღლილობისაგან ვერც მასპინძლები იდგნენ ფეხზე და ვერც სტუმრები.
აქვე გეტყვით, ასეთი კარგი დრო იშვიათად თუ მიტარებია. მიუხედავად ყველაფრისა, არაჩვეულებრივი ქორწილი იყო. სეფაც გამორჩეული გახლდათ, პატარძალიც ულამაზესი იყო და პურმარილზე ხომ აღარ ვამბობ. ერთი ქართული ტრადიციაც დავარღვიეთ და ამდენ მთვრალ ხალხში, არავის უჩხუბია. თითქოს, განგებამ, ბუნებამ და ადამიანმა ერთად შეკრა პირი ქორწილი არასდიდებით რომ არ შემდგარიყო. მაგრამ მერწმუნეთ, მსგავსი ბედნიერი წყვილი ცოტა თუ მეგულება. სხვათა შორის, ერთი კიდევ უფრო კურიოზული იმერული ქორწილი მახსენდება და მათაც არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ. ეტყობა, ქორწილის დღეს რაც უფრო მეტს გაუძლებ, უფრო მშვიდად ეგუები ოჯახური ცხოვრების ქარტეხილებს და უფრო ტკბილი მომავალი გელის.  მოკლედ, ხვალ იმერულ ქორწილზე მოგიყვებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    Რა მაგარი ტყუილი
    დაწერე

Post a Comment