მსხლის ტორტი „ბურდალუ“

Approved by Mary Poppins


ეს ტორტი,  ნებისმიერი ცომისგან და ნებისმიერი ხილით მზადდება, მისი მთავარი ინგრედიენტი კი ნუშის კრემი ფრანჯიპანია, რომელიც საკმაოდ ადვილად მზადდება და ძალიან გემრიელია. არაჩვეულებრივია ნებისმიერ ხილის ნამცხვარში, მშრალ, ფხვიერ „პეჩებიებში“ და თქვენ წარმოიდგინეთ, კრუასანებშიც კი.

ინგრედიენტები:  500 გრ გაყინული ფენოვანი ცომი (ან ნებისმიერი სხვა უსაფუარო ცომი), 50 მლ წყალი, 250 გრ შაქარი, 4-6 ცალი ნებისმიერი მაგარი ჯიშის მსხალი; კრემი ფრანჯიპანისთვის - 100 გრ ნუში, 50 გრ კარაქი, 250 გრ შაქარი, 2კვერცხი, 1 ჩ/კ რომი. ნუშის ფირფიტები თავზე მოსაყრელად.
გათალეთ მსხალი, გაჭერით შუაზე და ნახევრები კიდევ შუაზე. გააბრტყელეთ და ტორტის ფორმაზე ამოაფინეთ წინდაწინ მაღაზიაში ნაყიდი და უკვე გამლღვალი გაყინული ფენოვანი ცომი (ამ ტორტისთვის ფხვიერი ცომიც გამოდგება). ცომი ჩანგლით დაჩხვლიტეთ. კარამელის მოსადუღებლად შაქრი დაყარეთ ტაფაზე და დაასხით წყალი. შაქარი რომ გადნება, ჩაყარეთ მსხალი და დაახლოებით 4-5 წუთი თუშეთ კარამელში, თან ხის კოვზით ურიეთ, რომ არ მიიწვას.
კრემი ფრანჯიპანისთვის ბლენდერში ჩაყარეთ კანგაცლილი ნუში და დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წვრილად. დაუმატეთ 50 გრ კარაქი და 250 გრ შაქარი. ბლენდერშივე ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ჩაუმატეთ კვერცხები. სულ ბოლოს დაუმატეთ სულ ცოტა რომი, კრემი საბოლოოდ გადათქვიფეთ და თანაბრად გაანაწილეთ ფორმაში ჩაფენილ ცომზე. ტორტი ზემოდან  მსხლის ნაჭრებით მორთეთ და თავზე ნუშის ფირფიტები ან ნაფხვენები მოაყარეთ. შედგით წინასწარ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

(ელენე ჩეკალოვას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment