ბათუმი მამაკაცების ქალაქი

Approved by Natia Jinjolava

ისე მოხდა, რომ განახლებულ ბათუმში მოვხვდი და გულიანადაც ვისიამოვნე, თან შთაბეჭდილებებითაც კარგა გვარიანად დავიტვირთე. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ მომეწონა, ბევრიც - არა. ყველაზე დიდი გაოცება კი ერთმა ფაქტმა გამოწვია, რაზეც ქვევით, ამ სტატიის ბოლოში ვისაუბრებ. მანამდე კი დღევანდელი ბათუმის ჩემეულ ხედვაზე მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვას.
პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე "შერემონტებულ" და ქვაფენილით ახლადმოფენილ პატარა ქუჩები მართლაც ძალიან ლამაზია, ერთი პატარა ნიუანსი რომ არა - ფეხითმოსიარულეთათვის
 მზრუნველად გაფართოებულმა ტროტუარებმ(შუაში დატანებულ წყალსადენ არხებთან ერთად) ისედაც ვიწრო ქუჩები იმდენად დაავიწროვა, რომ მანქანებისთვის გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა და გააცალმხრივა, მაგრამ საქმეს ამანაც არ უშველა. პარკინგის არარსებობის გამო გაჩერებულმა მანქანებმა ქუჩის ერთი ზოლი მთლიანად დაკავეს, მეორე მხარეს მოსიარულე დიდი ზომის მანქანებს კი ცალი ბორბლით ტროტუარზე ასვლის გარდა არაფერი დარჩენიათ. სულ ნახევარი საათი ვიდექი ერთ ადგილას და არა ერთი ჯიპისა და BMW 700-ის „საცოდაობით“ მოვახერხე დატკბობა.
ულამაზესია ამ პატარა ქუჩებზე გაშლილი ღია კაფეებიც ნაირფერი ქოლგებითა და გემრიელად მოსაჯდომი სავარძლებით, კვლავაც ერთი პატარა ნიუანსი რომ არა - კლიენტების კატასტროფული ნაკლებობა. მე არ ვიცი როდის მოაწყდება აჭარის ამ ულამაზეს ქალაქს ჯერაც მითიური ტურისტების დიდი ნაკადი (სომხებს, აზერბაიჯანლებს და ირანელებს არ ვგულისხმობ, რომლებსაც მსგავსი გართობა აშკარად არ ხიბლავთ და მხოლოდ პლიაჟზე კოტრიალით კმაყოფილდებიან), მაგრამ ნახევრადცარიელ კაფეებში კანტიკუნტად მსხდარი თბილისელების გარდა ბევრი არავინ შემინიშნავს.
მემგონი არავინ გამამტყუნებს, რომ მინდა ჩემს ხალხს გართობის მეტი საშუალება ჰქონდეს, მინდა რომ დღეს თითქმის უკაცრიელ აკვაპარკთან შემსვლელების რიგები იდგას და მისი ატრაქციონები მზის ნაცვლად მოსრიალეთა უკანალების ხახუნისგან ხუნდებოდეს, მინდა რომ  სულ რაღაც ორი წლის წინ სუპერპოპულარულ და მართლაც გემოვნებით მოწყობილ „Bamba Rooms”-ში ჩვეულებრივ საღამოს და გაგანია ზღვის სეზონზე მარტო ოთხი გოგო და ორი ბიჭი არ ყურყუტებდეს, მინდა რომ მწირბიუჯეტიანი სტუდენტებით გადაჭედილ „Caladium”-სა  და „Take Five“-ში ულამაზესი ქართველი გოგოების და ბიჭების უმეტესი ნაწილი შიმშილს ზიარად შეძენილი ერთი ბოთლი „კოკა-კოლათი“ არ იკლავდს... მოკლედ, ბევრი რამე მინდა და ბევრი პრეტენზიაც მაქვს, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
ლონდონში თანამედროვე მაგისტრალზე დედოფლის ფერხთით წითელი ხალიჩის გაშლის შეუძლებლობის მიუხედავად, ტრადიციის მოყვარულმა ბრიტანელებმა გამოსავალი გამონახეს და გვირგვინოსან ქალბატონს სასახლიდან ვესტმინსტერის ტაძრამდე წითელი ასფალტი დაუგეს (შეიძლება დეტალები მერევა და მიმართულებას ვურევ, მაგრამ ლონდონში წითელი ასფალტის დაგების მიზანი ზუსტად ვიცი). აი, ბათუმის აეროპორტიდან ქალაქის ინდუსტრიულ, ნაკლებად პოპულარულ და არაფრით გამორჩეულ ნაწილამდე (შუა გზაზე წყდება, თორემ პორტამდე რომ ჩადიოდეს, რაღაც ლოგიკა კიდევ იქნებოდა) გადატკეცილი წითელი გზა რა მიზანს ემსახურება, ვერაფრით მივხვდი და ვერც ვერავინ ამიხსნა. ბათუმელებს რომ ვკითხე, ასე მითხრეს, მგონი ველოსიპედებისთვისააო(!). რაც, ფოტოს თუ დახედავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ აშკარად უაზრობაა.
ახლა ორი სიტყვა „ალი და ნინოზედ“: ამ ქმნილებასთან დაკავშირებით გაორებული გრძნობა მაქვს - თან მომწონს და თან არა. და, შევეცდები აგიხსნათ რატომ. ისეთ ადგილას დგას, აშკარად იმაზე გათვალეს, რომ პორტში შემომავალი გემებიდან უნდა გამოჩნდეს - ამისთვის ისეთი პატარაა, გემებიდან კი არა, ცხვირს სანამ არ მიადებ არ ჩანს. არა, ეგეთი ჩიაც არ გეგონოთ, უბრალოდ რისთვისაც დადგეს მაგისთვისაა პატარა, თორემ ცოტა კიდევ უფრო პატარა, იდეალური იქნებოდა ბულვარში დასადგმელად და თან გაუსაძლისად ნელა მოძრაობს. სანამ ერთ წრეს გააკეთებს, ჩამოგეძინება. ზომიდან თუ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, დღისით ანატომიის სახელმძღვანელოში კუნთების აგებულების საჩვენებლად ტყავგაცლილი ადამიანი რომ ეხატა, იმას წააგავს (არადა, აშკარად ლამაზია და ვენეციის ბიენალესათვის შექმნილი მისი ორიგინალი - ბევრად პატარა და ბევრად სწრაფი, გაცილებთ უფრო მიმზიდველად, უფრო მეტიც, შესანიშნავად გამოიყურება!), ღამით კი რობინ უილიამსის რობოტს „200 წლის ადამიანიდან“.  რაც შეეხება სათაურს, ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ ალი და ნინო. წიგნი ყურადღებით წავიკითხე, გადავიკითხე, გადავათვალიერე... ვერც რაიმე განსაკუთრებული ლიტერატურული ღირებულება აღმოვაჩინე და ვერც რაიმე კავშირი ბათუმთან (ამ ქალაქში ტრანზიტითაც კი არ ყოფილან).
სკულპტურას ასეთივე წარმატებით შეიძლება რქმეოდა აბესალომ და ეთერი, ამირანი და დალი, ან თუნდაც ზესნახე და ბუძგურია თუ კიდევ ახსოვს ვინმეს ფუცუ დგებუაძე-ფულარიას „შედევრი“. ან პარმენ ლორიას რომელიმე ნაწარმოების გმირების სახელები, როგორც მახსოვს მათი მოქმედება მაინც ხდებოდა აჭარაში.

აჭარის დედაქალაქის ცენტრში ამაყად წამოჭიმული ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, მაგრამ მაინც მართლაც ლამაზი შენობის დანახვაზე, მე ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე და ანტონიო გაუდი ბარსელონაში „Sagrada Família“-ს  ტაძრის სამუდამო განსასვენებელში უნისონში ვხვნეშოდით და ვქსუტუნებდით სიამაყისა და სიამოვნებგან. თუმცა, ერთი, უკაცრავად ორი, აბეზარი ფიქრი მაინც ვერაფრით ამოვიგდე თავიდან - შენობის კოპირების უფლება ვიყიდეთ თუ არა და პროექტის ავტორმა გაამხილა თუ არა გაუდის იდეები უნამუსოდ რომ მოიპარა და მიითვისა?! უნდა გამოგიტყდეთ და ეჭვი მეპარება ერთშიც და მეორეშიც. ერთადერთ იმედად ისღა რჩება, რომ ამ ჩვენს პატარა ქართულ ეშმაკობას ვერავინ შენიშნავს (რაღაც არა მგონია, რომ გაუდის შემოქმედებას ასე კარგად იცნობდნენ ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ჩვენი მოძმე ერების წარმომადგენლები. ევროპელ დამსვენებლებს რაც შეეხება - თქვენი არ ვიცი და ქართული სერვისიდან გამომდინარე, მე კარგახანს არ ველოდები) და ხახვივით შეგვრჩება პლაგიატიც და გალამაზებული ქალაქიც.


მეტყველების უნარი დამაკარგინა ბათუმის თეატრის წინ, მთავარ მოედანზე სექსუალურ პოზაში თავმომწონედ აღმართულმა ნეპტუნის თუ პოსეიდონის (ეჭვი მაქვს, ავტორის გარდა კაციშვილმა არ იცის ვინაა) ქანდაკებიანმა შადრევანმა ჩვენი ეპოქისათვის უწესურად უხამსი და უსირცხვილო ხელებში ძუძუებჩაღუჯული და ფეხებგაჩაჩხული სირინოზების თუ გაურკვეველი წარმოშობისა და ჯიშის მითიური არსებების გამოსახულებებითა და თავად ზღვის მბრძანებლის თვალისმომჭრელ ბაჯაღლო-ოქროსფრად მბზინავი უკანალით. თუმცა, რენესანსის ეპოქის მიმბაძველობით შექმნილმა ამ უგემოვნო კიჩმა უბრალო ხალხის გულებისაკენ გზა, როგორც ჩანს, მაინც გაიკვლია და მადლიერმა დამთვალიერებელმაც არ დააყოვნა და „ხელოვნის“ უკვდავ ქმნილებას იქვე დასვა ხალხური შემოქმედების წარუშლელი დაღი ლური მარკერით შესრულებული კედლის პრიმიტიული მხატვრობის სახით.


ასევე „აღმაფრთოვანა“ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ბასეინიდან ამოყოფილმა ზვიგენის, ნიანგის, გოძილას თუ სხვა რომელიღაცა რეპტილიის უზარმაზარმა თვალმა, რომელიც დაბნელებასთან ერთად სხვადასხვა ფრად ანათბს და ბრაზიან მზერას ტყორცნის იქვე არხეინად მოსეირნე დამსვენებლებს; ბათუმის მეტისმეტი სილამაზისაგან აღგზნებული თუ დაბნეული დამსვენებლებისაგან აქამდე არნახული და არგაგონილი მასშტაბებით დაიბინძურებულმა პლიაჟებმა და ნურავინ დაადანაშაულებს ნურც მთავრობას და ნურც მერიას იმაში რაც სანაპიროზე ხდება. ნაგავი მთელი დღე გააქვთ! მაგრამ მე არ მეგულება ძალა, რომელიც იქ დაყრილი კვების პროდუქტებისა და მისი შესაფუთი ტარის ნარჩენების გაზიდვას აუვა და მოერევა. და, რაც ყველაზე საინტერესო და გამაოგნებელია, თავისივე დაყრილ სიბინძურეში მომსახურების ყველა ვადაგასულ საარაკოდ ძუნძგლიან და ათას ადგილას მავთულებით დაკემსილ შეზლონგებზე წამოწოლილი დამსვენებლები წარბსაც არ იხრიან და თავს ღორებზე უფრო კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ. რაღა დამრჩენია გარდა იმისა, რომ ბედნიერი დასვენება ვუსურვო...
მიუხედავად იმისა, რომ სარფისა და გონიოსაკენ მიმავალი კატერებისა და ტენტიანი ტურისტული ავტობუსების ყველა რეისი გაუქმებულია (მხოლოდ ერთი დადის მწვანე კონცხიდან ბათუმის გავლით), ბევრად უფრო კომფორტულ პლიაჟებზე წამოკოტრიალებისათვის უმანქანო ტურისტებს ქალაქის სარეისო ავტობუსებითა და ჩახუთული სამარშუტო ტაქსებით „გაძრომა“ მაინც შეუძლიათ. დიახ, დიახ, გაივსო ქალაქი  „Zonda“-ებით. იცოცხლე, მეც თქვენსავით გამეხარდებოდა ერთი „Pagani Zonda“ მაინც რომ დაქროდეს ბათუმში, მაგრამ ამჯერად ზონდას ავტობუსებს უნდა დავჯერდეთ და კვარიათამდე 101 ნომრით ვიჩიქჩიქოთ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ „Zonda Bus“-სები თბილისურ „Богдан“-ებთან შედარებით შესახედად ნამდვილი ზონდებია (შიგნით არ ვიცი და გარეგნულად მაინც!).
ახლა კი მთავარი: რისთვისაც ეს სტატია წამოვიწყე და რასაც დასაწყისში გპირდებოდით - რატომ არის ბათუმი მამაკაცების ქალაქი და რითი მოახდინა ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება. ქალაქის ცენტრში გამოვედი (თეატრთან) ირგვლივ მიმოვიხედე და პირი დავაღე - გალამაზებულმა და მართლაც დამშვენებულმა ბათუმმა ნიცა არა, მაგრამ ძველი რომი ნამდვილად მომაგონა. ახლავე აგიხსნით რატომ: ერთად თავმოყრილი ამდენი სვეტი, სოლი, პალო, წვეტი და რასაც ძველი ბერძნები და რომაელები მამაკაცობის ფალიკურ სიმბოლოებს ეძახდნენ, ეთაყვანებოდნენ და აქტიურად აღმართავდნენ, არსად მინახავს. ფალიკური სიმბოლო რაა და  ამერიკელი ოფიცრები „პაგონებზე“ წვეტებს რატომ იხატავენ ამაზე ზიგმუნდ ფრეიდმა და დენ ბრაუნმა უკვე ბევრი ილაპარაკეს და თავს აღარ შეგაწყენთ - მე ჩემი სიტყვების დასტურად  მხოლოდ ფოტორეპორტაჟს (ფაქტებს) შემოგთავაზებთ სულ პატარა კომენტარებით, დასკვნები კი თავად გააკეთეთ...







"Radisson Blu"






  








რაღაც სვეტი შუა გზაზე, რომელიც ღამით ფერადად ანათებს












იუსტიციის სასახლე  "In and Out"















ბათუმური პიზის კოშკი













აწრეალიზებული პრეზერვატივი, რომელიც ნაკლები სვეტების გარემოში ავანგარდულად შესრულებული დაჩოქილი ადამიანის ფიგურა იქნებოდა














ბათუმის შუქურა














ბათუმის პორტი












სვეტი ბათუმის პორტში










მთელ ბათუმში ერთადერთი გაუნათებელი ნაგებობა (ღამით მშენებარე სახლებიც კი გაჩახჩახებულია), რომელზეც ქართული ანბანია გამოსახული. არადა, როგორი იმედი მქონდა, i-პედზე ქართული ანბანის ერთი თითით აკრეფაში ვინმე რეკორდს თუ არ მოხსნის, ეგებ ოცდაცამეტივე ასო ზეპირად მაინც ისწავლონ-მეთქი.











ობელისკი ქალაქის შესასვლელში














"პიაცა"














შენობა ერას მოედანზე














ისევ ერას მოედანი














იქვე ახლოს















"Sheraton"











თბილისში გმირთა მოედნის მემორიალიდან მორჩენილი მასალისგან აგებული სვეტი. არ ვიცი, შეიძლება ოდესმე ზღვაში დაღუპულთა სახელები უკვდავყონ...












გაურკვეველი დანიშნულების ობელისკი დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს











ახალი ბულვარი















ბათუმის აეროპორტის სადისპეჩერო














ბათუმის ახალდაგებულ გზებზე ჩაკიწკიწებული პატარა, ლამაზუკა პალოები






"ბანანების" ნავსაყუდელი












ულამაზესი შადრევანი, რომელსაც საერთო ფონზე არ შემიძლია, რომ "Ejaculation" არ ვუწოდო













კაბააფრიალებული ქალები ბათუმის შენობებზე








კიდევ ერთხელ, კარგად რომ დავრწმუნდეთ










და ლოგიკური ბოლო: განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა დაყოფა დაიწყო...


















საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი






P.S. მართალია, მთლად თემაში არ ჯდება, მაგრამ სარფის საბაჟოს ახალი შენობის ეს ანატომიური შედევრი რომ არ მეჩვენებინა, არ შემეძლო. გამოტყდით, ანატომიის წიგნიდან კუნჭ-ნაწლავის ტრაქტის თვალსაჩინოებას ხომ გაგონებთ?


6 კომენტარი.:

  1. Anonymous

    4 апреля 2012 года в самом сердце города Москвы, на Красной площади, состоялась торжественная церемония вручения международной премии в области архитектуры и градостроительства - АрхиП 2011.

    По результатам голосования Профессионального жюри, в работе которого приняли участие более ста архитекторов из 20 стран мира, были объявлены победители в 7 номинациях:
    в номинации «Общественное здание» - Юрген Майер (Jurgen Mayer H.) за здание пункта таможенного и пограничного контроля в Сарпи (Грузия);
    http://www.apsny.ge/2012/soc/1334871049.php

    ამიტომ, სანამ რამეს შეადარებდეთ თქვენს მდარე ფანტაზიაზე დაყრდნობით, დაფიქრდით – იქნებ არ ღირს საუბარი იმაზე, რაც არ გესმით.

  1. Natia Jinjolava

    ყოველთვის მიკვირდა იმ ხალხის, ერთადერთ არგუმენტად დავისას შეურაცხყოფა რომ ქონდა. ეს კომენტარი ბევრად უფრო მეტყველი და მრავლისმთქმელი იქნებოდა, ბოლო აბზაცი რომ არა... როგორც ყოველთვის, ზედმეტმა და შეუკავებელმა ბოღმამ ყველაფერი გააფუჭა.
    არადა, მარტო ზედა ინფორმაცია რომ წამეკითხა, ალბათ როგორი დარცხვენილი ვიჯდებოდი ახლა :)
    რა ვქნათ, ზოგს შედევრების შექმნის უნარი არ მისცა ღმერთმა და ზოგს მათი დაფასების (საკუთარ თავს ვგულისხმობ)... :))))))))))))))

  1. Aunt Polly

    Элементарно, Ватсон, საქმე კამათის კულტურის სიმწირესა და ამ კულტურის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატის ("ოპონენტების მიერ ეთიკური ნორმების დაცვა და ურთიერთკორექტული დამოკიდებულების არსებობა") უარყოფაშია. და კიდევ ერთი რამ: გემოვნების საკითხებზე "ბჭობისას", თუნდაც მნიშვნელოვანი კონკურსის ლაურეატობის მოშველიება ძალიან სუსტი არგუმენტია. ესაა და ეს.

  1. Mrs Pots

    მეც არ მიკვირდა, თუქრი ტურისტების რიცხვმა საქართველოში საგრძნობლად რატომ იკლო-თქო?! საბაჟოზე დგანან, აღფრთოვანებისგან მონუსხულები საბაჟოს შენობას თვალს ვეღარ აშორებენ და ფეხს აღარ იცვლიან :)

  1. ტაშხანა

    ძალიან მაგარი შენობაა!!!
    უბრალოდ სიახლეს სიკეთის თვალით თუ არ შეხედავთ რაც არ უნდა შედევრები ვაშენოთ ყველაფერი თქვენთვის მაინც ერთი და იგივე იქნება,

  1. Natia Jinjolava

    ძალიან მიხარია ეგ შენობა ვინმეს მაინც თუ მოწონს და ჩემსავით არ ზაფრავს:) ძალიან კარგი, თუ მოგწონთ, მაგას რა ჯობია. მე რომ რამე მომწონს, ჩემში დადებით ემოციებს იწვევს ხოლმე და კარგ ხასიათზე ვდგები და სულ არ მადარდებს სხვისი აზრი ამ თემაზე. "მომწონს" -გასაგებია, "შესანიშნავია"- გასაგებია, "ძალიან მაგარია" - გასაგებია და ჯანდაბას, ემოციის გასაძლიერებლად დასმული სამი ძახილის ნიშნანიც შესანიშნავი იქნებოდა, შემდეგი წინადადების სახით გაწიწმატებული ფეხების ბაკუნი და ჩემი მოსპობის, განადგურების და დაუნახავი თვალის დაფსების სურვილი რომ არ ახლდეს თან :)
    აქეთ, ადიდეთ და დაიცავით შენობის ღირსება, მაგრამ როგორც კი ჩემს პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ, ყველაფერს წყალში ყრით. თუ ასეთი კარგია, რა საჭიროა ამდენი ბოღმა და ბრაზი? პირად შეურაცხყოფაში გადასულ კამათში ყველა არგუმენტი იმთავითვე წაგებულია. კარგი საქმე მაშინაა კარგი, როცა მხოლოდ იმირტომ აკეთებ რომ კარგია, თორემ როგორც კი მის დაფასებას და მადლობას ითხოვ, საქმეც შელახულია და მისი მკეთებელიც.
    ძალიან კარგი თუ მოგწონთ, ჩემს ლანძღვაზე დროს ნუ კარგავთ, უკეთესი ააშენეთ და მასე დამჯაბნეთ. საქმით შემარცხვინეთ! :)))
    სულ რომ დედა მაგინოთ აწი, ესაა ჩემი ბოლო კომენტარი ამ თემაზე:)

Post a Comment