3.3.11
ნამდვილი ბლინები ყველიერისთვის
Approved byაი, უკვე რამდენი წელია, პრაქტიკულად, როგორც რიაზანოვის ფილმში - მეგობრებს გვაქვს ტრადიცია - ყოველ ყველიერზე ვაცხობთ ნამდვილ ბლინებს - საფუარზე, სქელს და ცხიმიანს, სწორედ ეს დეტალი ასხვავებს მათ თხელი ბლინჩიკებისაგან. ერთადერთი რამ, რაც არ იცვლება წლების მანძილზე - ბლინი თხელია თუ სქელი - ყველა ჩემი დასაცხობია ხოლმე. (ისევე, როგორც მუდამ მერის პოპინსის დასარეცხია ჭურჭელი). მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რეცეპტი, ეგებ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი და მომბაძოთ. მოკლედ, ვიწყებთ.
ბლინი „წითელი“ ანუ „ლამაზი“
800 გრ პურის ფქვილი, 800 მლ რძე, 4 კვერცხი, 50 გრ კარაქი, 1 ს.კ. მარილი 1 ჩ.კ. შაქარი 20 გრ „ცოცხალი“ საფუარი. (მშრალი საფუარის ყოველ შეფუთვას გამოსაყენებელი ფქვილის რაოდენობა აქვს მითითბული. ერთი პატარა 8-10 გრ პაკეტი მიახლოებით 500-1000 გრ ფქვილზეა გათვლილი).
საფუარი, 400 გრ ფქვილი და 400 მლ რძე და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ, დავდგათ ძალიან თბილ ადგილას ასაფუვებლად. როცა ამოვა, დავამატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხის გული და დარჩენილი ფქვილი და რძე (400-400 გრ), კიდევ ერთხელ ამოსვლა ვაცადოთ (დაახლოებით 30 წთ) და მარილი და ათქვეფილი ცილა შევურიოთ ფრთხილად. ცოტა ხნით კიდევ დავტოვოთ და შემდეგ გამოვაცხოთ გავარვარებულ (თუნუქის ან ტეფლონის) ზეთწასმულ ტაფაზე. ზედმეტი ზეთი რომ არ მოგივიდეთ გაფცქვნილი კარტოფილი ააცვით ჩანგალზე, ლამბაქზე დასხმულ ზეთში ჩააწეთ და ისე მოუსვით ტაფას. ზეთს ვასხამთ ცოტათი იმაზე მეტს, ვიდრე ბლინჩიკის გამოცხობისას. გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეც დაუბრაწეთ.
ბლინები ბოიარული
2 ჭიქა წიწიბურის ფქვილი (თუ ვერ იშოვეთ, საფქვავში გადასარევად იფქვება ბურღული), 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი, 4 ჭიქა რძე, 1 ჭიქა ნაღები, 1 ჭიქა არაჟანი, 100 გრ კარაქი, 5 კვერცხი, 30 გრ საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი ½ - 1 სუფრის კოვზამდე მარილი, ზეთი.
ნახევარ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი წიწიბურის ფქვილი შევურიოთ და ძალიან თბილ ადგილას დავდგათ ასაფუვებლად. როცა ამოვა, 2 საათში, დავასხათ დარჩენილი თბილი რძე, დავამატოთ არაჟანთან, კარაქთან, შაქართან და მარილთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გულები, შევურიოთ დარჩენილი ხორბლის ფქვილი და ხელმეორედ ამოსასვლელად დავტოვოთ. გამოცხობის წინ, ცალ-ცალკე ათქვეფილი ნაღები და კვერცხის ცილა ფრთხილად გადავურიოთ ძირითად ცომს, ბოლოჯერ ვაცალოთ ამოსვლა 15-20 წუთით და გამოვაცხოთ.
და ბოლოს, იმათთვის, ვისთვისაც უბრალო 5 წუთში სახელდახელოდ მომზადებული ჩვეულებრივი ბლინჩიკების ცომი გაკეთებაც კი გმირობის ტოლფასია. მოიმარჯვეთ გმირის წოდება, მომავალი მედლის ესკიზი და სასიამოვნო საჩუქარი იმისგან, ვისთვისაც „ამისთანა“ საქმეს აკეთებთ და შეუდექით ექსპერიმენტის ჩატარებას. მაშასადამე,
ბლინჩიკები ჩვეულებრივი
დაგჭირდებათ 500 გრ ფქვილი, 3 ჭიქა რძე, წყალი ან მათი ნაზავი, 2-3- კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ½ კოვზი მარილი სოდა და ლიმონის მჟავა (სურვილისამებრ).
მაღალკედლიან ჯამში მიქსერით (საუკეთესო და ყველაზე ჩქარი საშუალება) აურიეთ ჯერ ყველა თხევადი ინგრედიენტი და შემდეგ დაუმატეთ ფქვილი ( სველის და მშრალის ცალ-ცალკე ათქვეფა, ცომოვანი ნაწარმის მომზადების ბოლო მოდაა). რაც შეეხება სოდას და ლიმონის მჟავას - ორივე გახსენით წყალში და ისე გამოიყენეთ, მებებიაჩემის პატარა საიდუმლოს ვამჯობინებ: ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით სოდა, არ შეგეშინდეთ, სოდა „აღშფოთდება“ მდუღარეში, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი სითხე და მიყევით რეცეპტს. ასეთი მეთოდით მომზადება სოდის უსიამოვნო გემოს არ დატოვებს. ცომი მზადაა. შეგიძლიათ გამოაცხოთ.
როგორც ხედავთ, მომზადების „მოკლე“ ექსპრეს-მეთოდიც შემოგთავაზეთ და ყველიერისთვის უდავოდ უფრო მისადაგებული „გრძელი“. არჩევანი თქვენზეა.
საუკეთესო სურვილებით, იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment