22.3.11
ქართველი მთარგმნელის მძიმე ჯვარი და ჯვარცმული მკითხველი
Approved byაწ განვლილ ზამთარსა და უამინდობაზე უმცროსკლასელებისთვის გამოცემული ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან რუსულიდან ქართულად თარგნილი ლექსის ტაეპი გამახსენდა: „ქარი ზეცას მგლებით ფარავს“. აბა, თუ გეცნობათ? ჰო, ჰო, ესაა: „Буря мглою небо кроет“...
ადრე უცხო ენიდან ნათარგმნი წიგნების თავფურცელზე ყოველთვის უთითებდნენ „ამ და ამ ენიდან თარგმნა მავანმა“. მერე ამ ფრაზიდან ენის მინიშნება ნელ-ნელა ამოიღეს, ახლა კიდევ უფრო გაამარტივეს და ახალი ფორმულირებაც გამოიგონეს „გადმოაქართულა...“
რას არ შეხვდებით ბოლოდროინდელ ნაბეჭდ ლიტერატურაში? არა, თარგმანებში ადრეც ბევრი შეცდომა თუ ლაფსუსი შეინიშნებოდა, მაგრამ დღეს... მე და ჩემი მეგობრები ასეთი „მარგალიტების“ შეგროვებამ გაგვიტაცა და მინდა, თქვენს წინაშე ჩვენი „კოლექციის“ რამდენიმე ფასეული ექსპონატი გამოვფინო.
ადრე თუ თარგმანებში არსებული შეცდომები ხშირ შემთხვევაში სინონიმის არასწორი შერჩევით ან იდიომატური გამოთქმის პირდაპირი გადმოტანით იყო გამოწვეული, დღეს შეცდომათა უმრავლესობას ორი ფაქტორი განაპირობებს: 1. ქართული ენის ცუდად ცოდნა და ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობის მცდარი გაგება (ამ შეცდომის თავიდან არიდებისთვის, მიმართეთ ისეთ შესანიშნავ ხერხს, როგორიცაა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჩახედვა და საკუთარი ცოდნის გადამოწმება); 2. ზოგადი განათლების ხარვეზები (გამოსავალი ასეთ შემთხვევაშიც მოინახება - საჭიროა არა მარტო თარგმნა, არამედ კითხვაც! და, რაღა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში ენციკლოპედიების მოშველიება).
განათლების სისტემაში სახელმძღვანელოების დღეისათვის არსებულმა მრავალფეროვნებამ ბევრი წააქეზა „თავისი სიტყვა ეთქვა“. უფრო ყოჩაღებმა საკუთარი შექმნეს, უფრო ზარმაცებმა კი იოლ გზას მიაგნეს და სხვადასხვა ენებიდან „გადმოაქართულეს“. აი, სწორედ ამ უკანასკნელმა ფენომენმა გამოიწვია ასეთი „გაპარული“ შეცდომების მთელი საბადოს გაჩენა. რუსული ენიდან ნათარგმნი ისტორიის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში უჩვეული ფრაზების მთელი თანავარსკვლავედი აღმოვაჩინეთ: „ერთ მუშტად შეკრული გლეხები“, არც მეტი არც ნაკლები, „кулаки“ ყოფილა, „დიდხანს მცხოვრები გლეხები“ კი (ეტყობა, მთარგმნელი გლეხებს ერჩოდა მაინცდამაინც) – „зажиточные крестьяне“.
ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებელ საგამოცდო ტესტებში ორი „შედევრი“ დაგვხვდა: „сероводородный“ ქართულად თურმე რუხ-წყალბადოვანია, ხოლო კითხვაზე „ექიმმა სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს“ სწორი პასუხი ასეთი იყო: „სისხლის მიმოქცევა უნდა შეაჩეროს(!!!)“. აქ თარგმანი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ალბათ არც მთარგმნელმა და არც გამსწორებელმა არ იცოდა, რა განსხვავებაა „დენასა“ და „მიმოქცევას“ შორის. წარმოიდგინეთ საბრალო პაციენტი, რომელიც ამ ტესტჩაბარებულ ექიმთან გაჭრილი თითით მივიდა და ჭრილობის გადახვევის ნაცვლად, საიქიოს გაისტუმრეს!
ექიმებზე უკეთეს დღეში არც ინფორმატიკა-კომუნიკაციის დარგში მომუშავენი არიან. გარდა იმისა, რომ ინტერნეტკავშირის გასაუმჯობესებლად თურმე „ბითუმ-ბოჭკოვანი კაბელი“ („оптико-волоконный“) გაჰყავთ, ქართულ საიტებზე ათასი გაურკვეველი ჯურის ტერმინი ხვდებათ: მაგალითად, ერთი ქართული ბანკი ერთ დროს (საბედნიეროდ, შეასწორეს), გარკვეული ოპერაციის ჩატარების შემდეგ ასეთ რამეს გთავაზობდათ: „დააჭირეთ მჭიდროდ“. „მჭიდროდ“ თურმე “close“-ის ქართული ვერსია ყოფილა, ვიღაც განსაკუთრებულად ნიჭიერ ენის სპეციალისტს კომპიუტერული ტერმინი „დახურვა“ საერთოდ დაავიწყდა, ინგლისური სიტყვის კიდევ ერთი მნიშვნელობა „ახლოს“ არ მოეწონა და ლიტერატურულად გააკეთილხმოვანა... რას არ შეხვდებით ქართულ ვებ-სივრცეში! ზოგან „ძებნის“ ნაცვლად „გამოკვლევა“ შეგხვდებათ, ზოგან „shortcut” „სწრაფმხმობია“ (კაცი ენას მოიტეხს!), ზოგან საიტი „რუქა“ სულაც „კარტოგრაფიაა“ და ასე შემდეგ... ჩემი მეგობარი ქართულ საიტებზე მოტანილი ფილმების სათაურების თავისებური თარგმანებით ტკბება: „სტანციის მაყურებელი“ („Станционный смотритель“), „დედალი ჭრელა“ („Курочка ряба“), „კი, არა, ალბათ“ (ამ ფილმის ნამდვილი სახელი დედანში ასე გამოიყურება: „Definitly no“. როგორც ჩანს, „გადმომქართულებელს“ ინგლისური ენა არ ხელეწიფებოდა და რუსული მოიშველია, მაგრამ აქაც არ გაუმართლა და იდიომატური გამოთქმა დახვდა: „Да, нет, наверное“), „გასროლილი ბეღურა“ („Стрелянный воробей“ - ესეც იდიომატურ გამოთქმაზე წაბორძიკების შემთხვევაა), „მასკის შვილი“ („Сын маски“ - კომენტარი ზედმეტია).
არანაკლებ საუნჯეს ვხვდებით მასმედიის წერით და ზეპირმეტყველებაში. თუმცა აქ მთარგმნელზე მეტად, რედაქტორი სცოდავს: ჩვენი ჟურნალისტებისთვის „ნაღდი ფული“ რატომღაც „ნამდვილი ფულია“, სოჭი და ბიჭვინთა - „სოჩა“ და „პიცუნდა“, მდინარე იორდანე - „ჯორდანე“, პლანეტა იუპიტერი - „ჯუპიტერი“, იოანე ნათლისმცემელი - „ჯონ მნათვლელი“, ხოლო კრეტიენ დე ტრუა - სულაც „კრეტიენ ტროიანელია“. იცოდით, რომ “Joan of Arc” (ჟანა დ’არკი) „ჯოუნის კიდობანი“ ყოფილა? მე -არა...
ეგ რაა და, ფრაზა „კოსმონავტები ღია კოსმოსში ზურგზე გიშერმოკიდებული გავიდნენ“ რომ წავიკითხე, ძალიან დავიბენი. ჯერ ვიფიქრე, რომ კოსმონავტები ცრუმორწმუნე ხალხია და გათვალვის ეშინიათ, მერე ფრაზა ინგლისურად „გადავიყვანე“ და ყველაფერი ნათელი გახდა: ჩვენს სულსწრაფ მთარგმნელს სიტყვა „jet“-ის მნიშვნელობათა ჩამონათვალი, ეტყობა, ბოლომდე არ წაუკითხავს და პირველივე განმარტებაზე შეჩერდა. თვალი ოდნავ დაბლა რომ ჩაეყოლებინა, „რეაქტიულ ძრავასაც“ იპოვიდა...
არ შემიძლია, ქართული ჟურნალისტიკის სიტყვაკაზმული აბსურდის კიდევ ერთი მაგალითი არ მოვიყვანო. 2007 წელს გაზეთი „რეზონანსი“ ასეთი „ნიუსებით“ გვანებივრებდა: „ავსტრალიელმა ბუნების დამცველებმა გუშინ უდიდესი გომბეშო დაიჭირეს. მისი სიგრძე 40სმ-ს აღემატება, წონა კი - კილოს. როგორც დამჭერთა კოორდინატორმა, გრემ სოიერმა განაცხადა, ეს გომბეშო ხვადია და, იმის გათვალისწინებით, რომ ხვადი გომბეშოები მდედრებზე გაცილებით ტანმორჩილნი არიან, ადვილი წარმოსადგენია, რამხელა საძაგლობა იქნებოდა მისი დედა ან და. არადა, ეს იმ ჯიშის გომბეშო ყოფილა, რომ აკოცებ და ვასილისა პრეკრასნაიად რომ გადაიქცევა. ეს, რასაკვირველია - ხუმრობით. სერიოზულად კი ამ ჯიშს შაქრის ლერწმისა ეწოდება, ის შხამიანია და ავსტრალიაში მისი წარმომადგენლები 1930-იანებში გადაასახლეს იმ მიზნით, რათა მისი დახმარებით ლერწმოვანს შესეული ხოჭოეული მოესრა. მაგრამ ამ გომბეშომ არამარტო ხოჭოეული მოსრა, არამედ კონტინენტის არაერთი სხვა სახეობაც დააზიანა, თავისზე პატარები იმით, რომ შეჭამა, მოზრდილები კი - მაგალითად, გველ-ნიანგეული - იმით, რომ შეეჭმევინა. ჰოდა, დადის ახლა მისტერ სოიერი თანამოაზრეებთან ერთად და თავად ამ ჯიშის გომბეშოთა განადგურებას ცდილობს“ (სტილი, პუნქტუაცია და ა.შ. დაცულია!!!)
კლასიკით დავიწყე და კლასიკით დავამთავრებ. ქართველი მთარგმნელები, ეტყობა, განსაკუთრებით პუშკინს „სწყალობენ“ - პოემაში „რუსლანი და ლიუდმილა“ 33 გოლიათი აქაფებული ზვირთებიდან „ზღვაში შეძენილ ბიძას თანხლებით“ რომ ამოვიდნენ („...Тридцать три богатыря, Все красавцы удалые, Великаны молодые, Все равны, как на подбор, С ними Дядька Черномор...“), წიგნი დავხურე...
იგავის მორალი ასეთია: „მრავალ ენათა წრთვნილი“ თუ ხართ, წიგნები ორიგინალში იკითხეთ. აბა, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ზღაპრის შინაარსის ამარა დარჩენილი, სტილ- და აფორიზმებშემოძარცვული, უცხო ენაზე „გატყავებული“ „ვეფხისტყაოსანი“...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
7 კომენტარი.:
ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს ხანდახან:) ერთ მშვენიერ დღეს ერთ საკმაოდ პრესტიჟულ რესტორანში მენიუში კერძი ”შემწვარი ენის” ასეთი საინტერესო თარგმანი აღმოვაჩინე "Fried Language". ვისაც ინგლისურის ოდნავ მაინც გაეგება რამე, მიხვდება ამ შეცდომას და გულიანადაც გადაიხარხარებს:)))
მეც კლასიკური ფრაზით მინდა დავიწყო ჩემი კომენტარი:
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
მას შემდეგ ქართული თითქმის აღარავის ახსოვს, რაც ღონისძიებების ნაცვლად ივენთების კეთება დაიწყეს.
მართალია მანამდეც გვხვდებოდა თარგმნის მსგავსი შედევრები, მაგალითად როგორიც იყო "ცისფერი სიყვარული" -"Любовь и голуби" ან "სოსლანი პლანეტა დედამიწაზე" - "Сослан на планету земля", მაგრამ მაშინ ყველა ხვდებოდა ამ შეცდომებს და ქალაქში ანეგდოტებად დადიაოდა ასეთი ისტორიები, ახლა კი მხოლოდ იმას იმახსოვრებენ რასაც გადმოავაიქართულებულად კითხულობენ და მიაჩნიათ რომ ესა თარგმანის სწორი ვარიანტი. მე მგონი სწორედ მაშინ დავუშვით შეცდომა, როცა "ცისფერი სიყვარული" სასაცილოდ არ გვყოფნიდა ან ბევრად უფრო ადრე, როცა გადავწყვიტეთ რომ აზრის გამოთქმა სხვა ენაზე უფრო მოსახერხებელია ვიდრე ქართულად. ესეც ალბათ იმიტომ რომ ასეთი აზრი პირველად უცხო ენაზე მოვისმინეთ, მაგრამ აქაც ქართულად ვიზარმაცეთ, იმის ნაცვლად რომ ქართულში დაგვეხვეწა უცხო ენიდან შემოსული ახალი ტერმინები - იმ უცხო ენაზე დავიწყეთ საუბარი. შედეგად ვერც ის უცხო ენა გახდა მშობლიური და მშობლიურიც ვეღარ მშობლიურობს იმ დონეზე რომ ისევ ღონისძიებები ვაკეთოთ ივენთების ნაცვლად.
მადლობა სტატიის ავტორებს.
ასე გააგრძელეთ!
იქნებ ვინმემ წაიკითხოს და სულ ცოტა ხნით მაინც დაფიქრდეს.
:)სანამ მე წერა დავამთავრე სასაცილო/სატირალი უკვე დაუკომენტარებიათ :)
მსგავსი შეცდომები ადრეც იპარებოდა, მაგრამ ამჯერად კატასტოფული ფორმები მიიღო. მფრინავ მიშაზე (летучий мышь) თუ ვიცინოდით, "რუსთავი 2"-ის ჟუნალისტების სოჩა და პიცუნდა უკვე საგანგაშოა! მე რაღა უნდა ვთქვა, რედაქტორი თარგმანში "ზურგზე დაცემულს" "პირქვე დამხობილით" რომ მისწორებს, კაცს გულკერდში ხელს რომ ატაკებენ, პირქვე რომ ვერ დაეცემა ვერ გავაგებინე. ასე მოწსონს და მორჩა, ორიგინალში რა ეწერა, ვის რაში აინტერესებს :)
ვინაიდან სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს უკვე ბევრჯერ ითქვა, მე მოდი ასე დავიწყებ, თვითონ ქართველები ვართ საკუთარი ენის უცოდინარნი. ქართული მდიდარი ენაა მაგრამ მიუხედავად ამისა, გვირჩევნია უცხო სიტყვები ვიხმართ, უფრო "ქულ" და "ინ" ვართ როდესაც ვაინგლისურებთ, ან ადრე ვარუსულებდით. რატომ ვთქვა მომწონს როცა დალაიქება შემილია? ან რატომ ვთქვა ბოდიში როცა სორიიიი ამოვიკნავლო შემიძლია, გურული აქცენტით თანაც?
მითუმეტეს მათთვის ვინც "მამამ საზღვარგარეთ წაიღო და კარტული სულ დაავიწყა" საუკეთესო შანსია ყველას შეაშუროს თავისი იმდენიხანი ვიყავი საზღვარგარეთ რომ ქართული დამავიწყდა.. ფრაზებით როგორიცაა გუშინ მთელიდღე პუცენს ვაკეთებდი გოგო. (ვალაგებდიო ანუ)ან ერთიც რაუხენ და წავედით (ერთიც მოვწიოთო) მოკლედ, გრელი კომენტარი გამომივიდა და სვეტსკურადვე რომ დავამთავრო: ო მაი გოთ ეს რამდენი ჩეპეები გიპოვნიათ თარგმანებში, ანბილივებელ , ჩაო ჩემო კარგებო და პაკა :))))
"რეზონანსის" 2007 წლის კოლექციის შედევრები მეც მაქვს: "ეს ვეებერთელა, ათკილოიანი კატა პორტლენდელმა იადგვიგა დროზდეკმა იმ დღეს თავის საძაღლე კარში გაჩხერილი იპოვა. იადვიგამ კატა უხერხულობიდან დაიხსნა, გააძღო და შემდეგ იქაურ ჰუმანიტარულ ცენტრში წაიყვანა. ცენტრში პირუტყვს მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, გოლიათი დაარქვეს, თუმცა როგორც მოგვიანებით იქ მისულმა პატრონმა ჯეფ ერნსტმა გაამხილა, მისი ნამდვილი სახელი ჰერკულესი ყოფილა.
სახლიდან ის იმ დროს დათესილა, როცა პატრონი სიეტლში ოპერაციის გასაკეთებლად გახლდათ წასული. სხვათა შორის, ვეტერინართა ცნობით, სიმსუქნეს თურმე ამერიკელ კატათა 40 პროცენტი უჩივის".
აი, კიდევ ერთი ,,მარგალიტი" – ცნობილი რუსული ფილმის (Зимний вечер в Гаграх) სახელწოდების თარგმანი: ზამთრის საღამო გაგრახაში
(წყარო: http://www.rustavi2.com/news/full_progg.php?pg=&ddd=4.1.2014&ddd2=4-1-2014&month=2&year=2014&wth=0)
Post a Comment