18.3.11
სიდედრიადა
Approved byჩემი ერთი შუახნის ნაცნობი, საკმაოდ ნიჭიერი და მრავლისმნახველი კაცი, რომელიც თავის პროფესიიდან გამომდინარე, სახლში მუშაობდა, სულ ამტკიცებდა, რომ ყბადაღებული მითი სიდედრების შესახებ გადაჭარბებულია: „აგერ უკვე ოცდაათი წელია, სიძე ვარ და სიდედრს ჩემთვის არაფერი უწყენინებიაო“. თუმცა რატომღაც ავიწყდებოდა, რომ სიდედრი ძალიან ბევრი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა და საკმაოდ იშვიათად ხვდებოდა (ალბათ საკუთარ ქორწილში, და მერე სულ ათიოდეჯერ სხვადასხვა ოჯახურ ღონიძიებებზე თუ ეყოლებოდა ნანახი). ერთხელაც ცოლმა გაახარა და, სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, მარტო დარჩენილი 85 წლის სიდედრი საცხოვრებლად თავისთან გადმოიყვანა. სანამ ოჯახის დანარჩენი წევრები სამსახურში იყვნენ, მოსიყვარულე სიძე-სიდედრი მთელ დღეს „სიამტკბილობაში“ ატარებდნენ. ამ იდილიამ ზუსტად ერთ თვეს გასტანა. ერთ დღეს სტუმრად მისულს, ჩემი ნაცნობი კარებში შემომეგება, გვერდზე გამიყვანა და საიდუმლოდ გამანდო: „სადაცაა გავგიჟდები! გარდა იმისა, რომ ჭკუიდან გადავყავარ, ჩემი სიდედრი, მგონი, სატანისტია, ჩაიში შაქარსაც კი უკუღმა ურევსო!“ და თვითონაც მრავატანჯული სიძეების რიცხვს შეუერთდა.
ერთხელ ჩვენთან სამსახურში მოწყობილ საახალწლო ზეიმზე ვიქტორინა გაიმართა და კითხვაზე „ვინ არის ყველაზე საშიში მხეცი“, მრავალცოლგამოცვლილმა და მრავალსიდედრნანახმა გაიმარჯვა პასუხით „ჩემი სიდედრიო“ და ზეიმის მთავარი პრიზიც დაიმსახურა. ეტყობა, ამ ადამიანს სიდედრთან განსაკუთრებული გრძნობა აკავშირებს. ალბათ ბევრს გეხსომებათ, შარშან ზაფხულს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემე საქარის ხელოვნურ ტბაში (რომელიც სინამდვილეში პატარა გუბეა და ზედ გადაბიჯებაც თავისუფლად შეიძლება) რაღაც უცხო მხეცი როგორ აღმოაჩინეს (აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სიდედრი სწორედ იქ ცხოვრობს). მოკლედ, ამ კაცის აგარაკზე ვზივართ და ტელევიზორში ახალ ამბებს ვუყურებთ: ერთად შეკრებილი საქარელი ქალები ჟივილ-ხივილით ყვებიან, იმერეთის ლოხნესში დამალულმა ურხულმა ზოგს ხბო, ზოგს ძაღლი და ზოგს თხა როგორ შეუჭამა. სიუჟეტს ყველანი დიდი ინტერესით და გაფაციცებით ვადევნებდით თვალს. კაცის საქარელი ცოლი ვერ ისვენებდა, სულ წრიალებდა, ეგებ სადმე დედაჩემს მოვკრა თვალიო. ბოლოს შეწუხებულმა წამოიძახა: „ყველა მეზობელი დავინახე, ნეტა დედაჩემი სადღაა?“ იქვე მჯდარმა, გაზეთში თავჩარგულმა ქმარმა თავი ასწია, სათვალის ქვეშიდან გამოგვხედა და აუღელვებლად გვამცნო: „მე ვიცი, სადაც არის - ტბაშია“.
ერთხელ იგივე კაცთან სიდედრს სტუმრობა გაუგრძელდა. იურისტმა სიძემ შვილებს უხმო, სიდედრთან ახლოს ჩამოსხა და ყველასთვის მოულოდნელად იურიდიული კაზუსების განხილვას შეუდგა. დაწვრილებით ხსნიდა, რა განსხვავება იყო განზრახ და უნებლიე მკვლელობას შორის. ყველა ჰიპოთეტური ისტორია ასე იწყებოდა: „გინდა მოკლა სიდედრი...“ მეორე დილას სიდედრმა გუდა-ნაბადი აიკრა და მშობლიურ საქარას დაუბრუნდა.
ამ კაცის მეგობარს ერთი კვირის განმავლობაში ჯერ სიმამრი და მერე სიდედრი გარდაეცვალა. ჩვენმა სიძემ დამწუხრებულ მეგობარს დაურეკა და ჰკითხა: „გეხვეწები გამიმხილე, რას აჭმევდი, ეგებ მეც მეშველოსო“. თან ძალიან განიცდიდა, „ჩემმა თანატოლებმა სიდედრების საფლავების ღობეები უკვე რამდენჯერმე გადაღებეს, მე კი არაფერი შემეხოო“. ბაზარში საყიდლებზე წასული, გამყიდველებს თავს აცოდებს, „ცოტა დამიკელით. არ გეცოდებით, ამხელა ხნის მოვიყარე და სიდედრი ჯერაც ცოცხალი მყავსო“. სიმამრი რომ გარდაეცვალა (სხვათა შორის, სიმამრს ძალიან დიდ პატივს სცემდა და გული ძალიანდასწყდა), სამძიმარზე ვერმისულებს აქეთ ანუგეშებდა, „არა უშავს, სიდედრი ჯერ ცოცხალი მყავს, მოსამძიმრებას კიდევ მოასწრებთო“.
ჩემი ბებია-ბაბუის კამათის ერთადერთი მიზეზი ბებიაჩემის დედის საარაკოდ ცნობილი სიძუნწე იყო. ბებია ამტკიცებდა, „ჩემი ქმარი იგონებს, მთლად მასეც არ იყოო“. ბაბუა კი ამბობდა: „კიდევ კარგი, ჩემს დროს მზითევში „ვეფხისტყაოსანს“ აღარ ატანდნენ, თორემ ჩემი სიდედრი ისეთი ძუნწი იყო, მთლიან წიგნს როგორ გაიმეტებდა?! განსაკუთრებით საინტერესო ადგილებს ამოხევდა და თავისთვის დაიტოვებდაო“.
ერთი სიდედრი ქალიშვილთან ცხოვრობდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საძინებლიდან საწოლის ჭრიალის ხმას გაიგონებდა თუ არა, მაშინვე შვილს უხმობდა „ცუდად ვარ, წყალი მომიტანეო“. ერთ დღესაც თავმობეზრებულმა სიძემ სამაგიერო ასე გადაუხადა: სახლში ნასვამი მივიდა და მთელი ღამე საგანგებოდ აჭრიალა საწოლი. დილით ყველას ნასიამოვნები უყვებოდა: „როგორც იქნა, ჯავრი ვიყარე და წუხელ წყლის სმით გავჭყიპეო!“ აბა, რა იცოდა, რომ სულ მალე შურიძიების უკეთესი შანსი მიეცემოდა.
აგარაკზე (მაღალმთიან და მიუვალ ადგილას) ერთად ისვენებდნენ. სიდედრი მსუბუქად გაცივდა და „არიქა, ვკვდები, სასწრაფოდ ექიმი მომიყვანეთო“. იმ სოფელში ასე უცებ ექიმის პოვნა შეუძლებელი იყო, და ეს სიდედრმა მშვენივრად იცოდა. უნრალოდ, სიძისთვის მისი უმაქნისობის დამტკიცების შემთხვევა მიეცა და ხელიდან როგორ გაუშვებდა?! კაცს ბევრი არ უძებნია, გაუმართლა და გვერდით სახლში ნაცნობ ვეტერინარს მიადგა: „გეხვეწები, ნუ გამყიდი, წნევა გაუზომე და ვალერიანი დაალევინეო“. ვეტერინარმა თავისი როლი კარგად შეასრულა, ექიმის დანახვაზე ხმაგაკმენდილი ქალი გულმოდგინედ გასინჯა და უკვე კარებში გასულმა, სიძეს დაუბარა: „დილამდე დაელოდეთ და, უკეთ თუ არ გახდა, ნუ იზარალებთ, დაკალითო“...
ერთხელ სტუმრად მისულ დედაჩემს ჩემმა სიძემ კარი ასეთი შეძახილით გაუღო: „დღეს დანა-ჩანგალი კი არა, ნაჯახი დამივარდა და მაშინვე მივხვდი, რომ სიდედრი მოვიდოდა!“
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment