19.3.11
ევროკავშირი და ტაბუდადებული პროდუქტები
Approved byევროპული სახელმწიფოები თავისი მოქალაქეების უსაფრთოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მშვიდი ცხოვრების იდეით შეპყრობილნი მეტწილად საჭირო და აუცილებელ, მაგრამ ხანდახან უაზროდ მკაცრ და გადამეტებულ აკრძალვებსა და დათქმებს აწესებენ. მშვიდი ცხოვრების მოყვარული მეც გახლავარ, მაგრამ ევროკავშირის პარანოიაში გადასული სიფრთხილე, ხანდახან ნერვებს მიშლის და გულში „მოგუდულად“ მიხარია კიდეც, ამ მართლაც საჭირო და კარგ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე რამდენიმე „თავისუფლების“ წელიწადი მაინც რომ შემოგვრჩა. ამჯერად ევროკავშირის მიერ ტაბუდადებულ (ზოგზე ნამდვილად სამართლიანად) საკვებ პროდუქტებსა და კვებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ნორმაზე მოგიყვებით.
2008 წლის 20 ივლისს ევროპელ გურმანებს შავი დღე გაუთენდათ, ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე საყოველთაოდ ცნობილი ჩინური დელიკატესის - პეკინური იხვის მომზადება ხელის ერთი მოსმით აიკრძალა და რესტორნებს ამ პოპულარული კერძის მენიუდან სასწრაფო წესით ამოღება დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ თავად იხვი და მისი ხორცი ჯანმრთელობისათვის საშიში სულ არ არის, ეს უდანაშაულო ფრინველი ევროპული სამზარეულოების შავ სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი მომზადებისას ჰაერში ნორმით დადგენილზე სულ ერთი ბეწოთი მეტი მხუთავი გაზი გამოიყოფა. შედეგად, ევროპის ყველა დიდ ქალაქში ევროკავშირის გულმოდგინე ინსპექტორებმა საეჭვო დაწესებულებები სასწრაფოდ ჩამოიარეს და იხვის დაბრაწვისთვის აუცილებელი სპეციალური ქვაბები საგანგებოდ დალუქეს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ „იხვი პეკინურად“ სახელმოხვეჭილი ჩინური სამზარეულოს მწვერვალად ითვლება და მისი რეცეპტი არსებობის, სულ მცირე, ექვს საუკუნეს მაინც ითვლის. რა, რა და ჩინელებს შეხუთვის და გადაგვარების ნამდვილად არაფერი ეტყობათ და რაღა ევროპელებს გაგვგუდავდა მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ცეცხლზე შემოდგმული მაქსიმუმ 100 ქვაბი? ასე რომ, სანამ დროა და თბილისში მისი გასინჯვის საშუალება გვაქვს მივირთვათ, თორემ მალე ამ კერძის დასაგემოვნებლად ჩინეთში მოგვიწევს გამგზავრება (აი, ჩვენთან დამზადებული რამდენად გავს ნამდვილ პეკინურ იხვს, ეს ცალკე სტატიის თემაა და მაგაზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ).
სამაგიეროდ, ეგზოტიკური საჭმელებისა და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებს ევროკავშირმა, ჩემი აზრით, მართლა დიდი სამსახური გაუწია, როცა სარდინიული ყველი Casu Marzu-ს წარმოება აკრძალა. ეს ცხვრის ყველი განსაკუთრებული ჯიშის ყველის ქინქლებითაა ინფიცირებული და მათი გადაყლაპვა ნაწლავურ მიოზს იწვევს, რაც თავისთავად სასიკვდილო დაავადება არ არის, მაგრამ საკმაოდ სახიფათოა. თუმცა ამ ყველის მოყვარულები სასუსნავს შავ ბაზარზე მაინც შოულობენ და თავგამოდებული ამტკიცებენ, რომ ქინქლის მატლები თუ ცოცხალია, ყველის ჭამა თავისუფლად შეიძლება და იგი ჯანმრთელობისათვის საშიში მხოლოდ მატლების „გარდაცვალების“ შემთხვევაში ხდება. აი, ადამიანის კუჭში მოხვედრილი ცოცხალი მატლი კი არ კვდება, ნაწლავებში იბუდებს და გულისრევას, დიარეასა და მუცლის ტკივილს იწვევს. მერე ქინქლად გარდაიქმნება, გარეთ ბუნებრივი გზით გამოდის და რამდენიმე კილოგრამდაკარგული ბუზიჭამია ყველისმოყვარულიც ახალი თავგადასავლების ძებნას იწყებს.
ევროკავშირში თურქეთის არმიღების ერთ-ერთი ნაკლებადმნიშვნელოვანი მიზეზი, ქვეყანაში არსებულ სხვა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ხარვეზებთან ერთად, მთელი თურქეთის ტერიტორიაზე გავრცელებული შეშაზე პურის საცხობი ღუმელებიც აღმოჩნდა. ევროკავშირის აზრით, ასეთი ღუმელი უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ხანძრის საშიშროების მომატებულ წყაროს წარმოადგენს. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ამ სანატრელ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქართველები შეშაზე გამომცხვარ თონის პურს და გურულებისთვის ასე საყვარელ „ადესასაც“ უნდა გამოვემშვიდობოთ.
რას ვიზამთ, კეთილდღეობა მსხვერპლს მოითხოვს. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, 2008 წლიდან ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ღვინის წარმოება რამდენიმე სხვა ყურძნის ჯიშთან ერთად, ჩვენში ასე გავრცელებული „იზაბელასა“ და მისი ნებისმიერი ჰიბრიდისგან კატეგორიულად აეკრძალათ (ისევე, როგორც ვარდისფერი ღვინის მისაღებად თეთრი და შავი ყურძნის ჯიშების ერთმანეთში არევა, რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა). ექსპერტების ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება ადესაში აღმოჩენილმა დიგლიკოზიტების ჯგუფმა გამოიწვია, რომელიც ღვინის დუღილის დროს თურმე მეთანოლად გარდაიქნება. დიდი ოდენობით მეთანოლი ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და მისი სასიკვდილო დოზა 350 მგ-ს შეადგენს. ერთი ლიტრი ადესა სულ 70-120 მგ მეთანოლს შეიცავს, რაც ნორმით დადგენილზე ბევრად ნაკლებია და, ევროკავშირის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, შეგიძლიათ სრულიად მშვიდათ მიირთვათ. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ადესისსაწინააღმდეგო კამპანია ევროკავშირმა მხოლოდ იმიტომ წამოიწყო, რომ კალიფორნიიდან და ავტრალიიდან შემოტანილი ღვინოების გავრცელებისათვის შეეშალა ხელი. ყოველ შემთხვევაში, ღვინის რა მოგახსენოთ და მეგრული ადესისგან დამზადებულ ფელამუშზე უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდება.
ევროკავშირმა 2001 წელს გაზულუქებულ ევროპელებს კიდევ ერთი სიამოვნება მოაკლო და თავის ტერიტორიაზე საქონლის სუბპროდუქტების გასაღება და მათგან კერძების დამზადება აკრძალა. ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი ხალხში „ძროხის ცოფად“ წოდებული „ძროხის ღრუბლისებრი ენცეოფალოპათია“ გახდა.
ენცეფალოპათიისა და მილიონობით ლიკვიდირებული საქონლის შესახებ ფართო საზოგადოება ვერაფერს შეიტყობდა, სნეულება ადამიანისთვის საშიში და გადამდები რომ არ ყოფილიყო. „ძროხის ცოფის“ ადამიანურ ანალოგს კრეიტცფელდ-იაკობსის დაავადება ჰქვია და თავის ტვინის უჯრედებს შლის. დაავადებულისთვის სიცოცხლეში დიაგნოზის დასმა დღეისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, ეს ორმაგსათურიანი სენი (მას შენელებულ ვირუსულ ინფექციასაც ეძახიან და მისი მიმდინარეობა, შესაძლოა, 6-დან 12 თვემდეც გრძელდებოდეს) ჩივილებით ნერვული სისტემის ბევრ სხვა დაავადებასაც ძალიან ჰგავს - განსაკუთრებით ალცჰეიმერს. მისი საწინააღმდეგო პრეპარატი არ არსებობს და განკურნება შეუძლებელია. ერთადერთ ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ ერთ მილიონ ჯანმრთელ მოსახლეზე დაახლოებით ნახევარი დაავადებული ადამიანი მოდის და ცოფი ძროხის ისეთი ნაწილებიდან ვრცელდება, რომელსაც ყველა არ ჭამს - ანუ სუბპროდუქტებისგან. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე (1986 წლიდან) „ძროხის ცოფს“ დაახლოებით 90 ადამიანი ემსხვერპლა. მაგრამ ექიმების აზრით, სნეულთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდება - ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი ოცდაათ წელს შეადგენს.
დღეისათვის დაავადების გავრცელების საშიშროება აღიკვეთა (იმათმა იკითხონ ვისაც უკვე ჭირს თორემ), სასტიკად აიკრძალა საქონლის თავის ქალის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, თვალების, ნაწლავების, ელენთის, ლიმფური, თირკმელზედა და ნუშისებური ჯირკვლების ანუ, დაავადების გავრცელების ნებისმიერი პოტენციური წყაროს გაყიდვაში გამოტანა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა უფრო დაბალი რისკის ჯგუფზეც, რომელშიც ენა, ძვლის ტვინი, ღვიძლი, ფილტვი და კუჭქვეშა ჯირკვალი მოხვდა. ამავდროულად, საქონლის კუნთოვანი მასა, ანუ ხორცი სრულიად უსაფრთხოა და ძროხის ნატურალური ბიფშტექსი (თუნდაც სისხლიანი) შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ. იგივე ეხება რძეს და რძის პროდუქტებსაც.
რაც შეეხება საქართველოს, ორი მარტივი მიზეზის გამო, შეგვიძლია სრულიად მშვიდად ვიყოთ: ჯერ ერთი, ევროპა უპრეცედენტო ზომებს ღებულობს და ამ დაავადების მომავალი გავრცელება პრაქტიკულად შეუძლებელია. 80-იან წლებში კი, რამდენად გასაოცრადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ საბჭოთა კავშირმა გადაგვარჩინა და მის ყოფილ ტერიტორიაზე აბსოლიტურად ჯანმრთელი ძროხები გვყავს! საქმე იმაშია, რომ, როცა ევროპაში ენცეფალოპათია მძვინვარებდა დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირს უცხოეთიდან რამის შემოსატანი სახსრები აღარ ჰქონდა. 1989 წელს კი, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული ქვეყნებიდან ხორცის იმპორტი სასტიკად აიკრძალა. მეორეც, საქართველოში ევროპიდან ხორცი პრაქტიკულად არ შემოდის, მაღაზიებში ადგილობრივი, ანუ აქ დაკლული საქონლის, ან სამხრეთ ამერიკიდან და აზიიდან ჩამოტანილი გაყინული ხორცი დევს. ჰოდა, სანამ არავის აუკრძალავს მივირთვათ კვარაცხელიას ჯიშის ძროხის ფაშვისაგან დამზადებული ხაში, კუჭმაჭი, კუპატები და შევახარბოთ ძვლის ტვინის წრუპვას დანატრებულ ევროპელებს!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა
0 კომენტარი.:
Post a Comment