9.3.11
დაუსრულებელი არაკი მარტის კატებზე
Approved by
იყო და არა იყო რა, იყო სხვადასხვა ჯიშის, ჯურისა და ჯილაგის კატებით დასახლებული ერთი პატარა ზღაპრული ქვეყანა კატალენდი. ქვეყანა კი პატარა იყო, მაგრამ პრეტენზიები და ამბიციები მეზობელ დრაკონ- და ვეშაპლედზე დიდი ჰქონდა. კატალენდის ნებისმიერი ბინადრისთვის რომ გეკითხათ, ყველაფერს სხვაზე უკეთესად აკეთებდნენ, სხვაზე უკეთესი შეუძლიათ და სხვაზე უკეთესი ექნებათ. აი, რა აქვთ - ამაზე კი დუმილს ამჯობინებენ. სხვა თავმოყვარე ქვეყნების მსგავსად, კატალენდს თავისი მეფე-მბრძანებელი ჰყავდა - გულით ჩია, მაგრამ ტანად დიდი ლომი.
ნაზირ-ვეზირებიც, როგორც ხვდებით, თვით ვეფხვები იყვნენ, ზოგი უსურიული, ზოგი ბენგალური, ზოგი თეთრი და ზოგიც ხმალკბილა. იკითხავთ, ეგ უკანასკნელი მაინც ხომ გადაშენდაო. სულაც არა, უბრალოდ, ყველა დიდმა თუ პატარა კატამ თავი კატალენდში მოიყარა. როგორც ყველა ნამდვილ ქვეყანას შეეფერება, აქაურ სამეფო კარსაც თავისი დიდგვაროვნები ჰყავდა: ფოცხვერები და კუგუარები. და, რაღა თქმა უნდა, იქვე ირეოდნენ ლაქიები, მლიქვნელები, მეხოტბეები, მგოსნები და კუდის ამწევები - ვივერები, ოცელოტები, კარაკალები, ჟოფრუები და კატისებრთა ოჯახის სხვა წვრილფეხობა.
კატალენდს თავისი ელიტაც ჰყავდა, მაგრამ პანტერებს, გეპარდებს და იაგუარებს, როგორც ჭეშმარიტ ინტელიგენტებს შეეფერებათ, თავი ამა ქვეყნის მესვეურთაგან და უბრალო მოკვდავთაგანაც შორს, განცალკევებით ეჭირათ.
საკატეთში მრავალეთნიკურ მოსახლეობაში ვის არ შეხვდებოდით: ზანტ და ფუმფულა სპარსელებს, მოქნილ და გრაციოზულ სიამელებს, უკუდო კატებს კუნძულ მენიდან, ფარაონების შთამომავალ ტანშიშველ სფინქსებს, ოცელოტის მანტიამოსხმულ ბენგალელებს, ცისფერ ციმბირლებს და კიდევ ბევრ სხვას. მათ გვერდით ჩვეულებრივი კატაც ბევრი იყო. და ამ უძაღლო ქვეყანაში ყველანი სიამტკბილობით თანაარსებობდნენ. კატალენდს თავისი პარიებიც ჰყავდა, ეზოს, ქუჩის, შუკის და ბუნკერის მაწანწალა, გაქუცული და მჩხავანა კატები. ჩვენც სწორედ ერთ ასეთ კატაზე გიამბობთ.
* * *
კატალენდელები თერთმეტი თვე განცხრომით ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ჰარმონიული სიმბიოზი წელიწადში ერთხელ, მარტში ირღვეოდა. მარტი ხომ სწორედ კატების თვეა და, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, კატის ბუნების ყველა მივიწყებულ-მიძინებული თვისება და საგულდაგულოდ დამალული ინსტინქტი იღვიძებს. და იწყება აურზაური...
ეს ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო, როცა ნოემბრის წვიმიან საღამოს ერთმა ღვთისნიერმა ბუნკერთან გაწუწული და სიცივისგან აკანკალებული ერთი საბრალო სულიერი იპოვა და საკუთარ ჭერქვეშ შეიფარა. სახლში აჭამეს, მოუარეს, დაუყვავეს... კატაც მოფერიანდა, მოსუქდა, ბეწვი დაეწმინდა. აბა, რა იცოდა შემომშვებმა, რომ ოდესღაც საცოდავი არსება ერთ დღესაც გამედიდურდებოდა და დაიჯერებდა, რომ ასეთ პატივი მხოლოდ საკუთარი ღირსებებისა და დამსახურების გამო ერგო - მშიერს კარი გულმოწყალეობით და სიბრალულით კი არ გაუღეს, მწყალობელს „აქეთ დასდო პატივი“!
მარტის დადგომასთან ერთად, ჩვენს „ბუნკეროზას“ (ბუნკერის ვარდი სიყვარულით შეარქვეს. თავიდან ასეთი ნათლობა მაინდამაინც არ ეპიტნავა, მაგრამ თავი მალევე დაიმშვიდა: „ვარდი ბაღნარშიც, უდაბნოშიც და ბუნკერშიც - ყველგან ვარდიაო“), კატობა ჩვეულებრივზე მეტად მოეძალა. მხოლოდ მშვიდად ჭამა-სმა და ახლობლების ალერსი ეცოტავა. „ასეთი კარგი რომ ვარ, მთელმა ქვეყანამ გაიგოსო“, და ხმაც ამოიღო. დღედაღამ გულისგამაწვრილებლად კნაოდა და თვითონ დარწმუნებული იყო, კარგად ვმღერივარო. ბევრის ყურადღებაც მიიქცია, ზოგმა შეაქო, ზოგმა ტაშიც დაუკრა - უნდა ითქვას, უშნო კატა მანამდეც არ იყო და ნასუქ-ნაპატიები კიდევ უფრო დამშვენდა.
წესით და რიგით ამას უნდა დასჯერებოდა, ოდესღაც უსახლკარო ქუჩის კატას მეტზე რაზე უნდა ეოცნება?! მაგრამ ზომიერების გრძნობამ სწორედ აქ უღალატა და მისი უჯიშობაც აქ გამომჟღავნდა: ჩვეულებრივი მოკვდავები იუკადრისა და, ლომამდე რომ ვერ მივიდა, „მცირედით დაკმაყოფილდა“ - წუწკი მზერა ნაზირ-ვეზირებს მიაპყრო.
აბა, სამეფო კარს ვინ გააკარებდა, მაგრამ ძალიან მიზანდასახული კატა გახლდათ - ბევრს ეცადა, ბევრიც იშრომა, ბრჭყალებიც მოიშველია. ერთს კბილი გაჰკრა, მეორეს კუდი გაუსვა, ვიღაცას მოეპირფერა, ვიღაცას თათი აუქნია, აღმასვლის გზიდან უცერემონიოდ გადააგდო. სადაც საჭირო იყო, თავიც დახარა და გაელაქუცა, სხვაგან წაბორძიკებულ თანამოძმეს თავზე გადაახტა. მაღალ საზოგადოებაში ცხვირ-ულვაშის შესაყოფად იმდენი ქნა, კატალენდში რომ პატივს სცემენ, ისეთ სამსახურშიც ამოჰყო თავი, სადაც ფულთან და ფულიან ხვადებთან ექნებოდა საქმე. საჭირო ნაცნობ-მეგობრების წრე გაიფართოვა, დაქალების ამალაც საგულდაგულოდ და ჭკვიანურად შეარჩია: უფრო დაბლები, უფრო უჯიშოები, უფრო მჩხავანები და, მისი აზრით, უფრო უღირსები. მათ ფონზე თავს უგვირგვინო დედოფლად გრძნობდა. ყველა აქებდა და მის გრაციოზულ მიხვრა-მოხვრას ხოტბას ასხამდა. მალე გვირგვინის დადგმაც მოინდომა.
პატარა კატებში კი გაინავარდა, მაგრამ დიდმა კატებმა დაბანილ-დავარცხნილ, მაგრამ მაინც ბუნკერის ყოფილ ბინადარს თავი არ გაუყადრეს და გვერდზე არ გაიკარეს. ბუნკეროზამ ფარ-ხმალი არ დაჰყარა და წუწკი მზერა ნაზირ-ვეზირების იერარქიის ყველაზე წვრილფეხა და ხელმისაწვდომ წარმომადგენელს მიაპყრო.
კატალენდში ბუნკერის და მაწანწალა კატების სათვისტომო არსებობდა. სათვიტომო თავისთავად არაფერს არ წარმოადგენდა და არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ ბრძენმა ლომმა ქვეყნის ყველაზე დაბალ ფენას კოჭი გაუგორა და, საზოგადოება მშიერი კნავილით ძალიან რომ არ შეეწუხებინათ, მდაბიო კატებს სათვისტომო შეუქმნა და მბრძანებლადაც ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული და ადვილად სამართავი კატა დაუნიშნა. სათვისტომოს ქვეყანა სამადლოდ ინახავდა. დიდგვაროვან კატებს ვერშემწვდარი, მაგრამ მათ ცხოვრებას შორიდან ნაზიარები ბუნკეროზა ადვილად მიხვდა, რომ უსახლკარო თანამოძმეებს შორის მართლაც პირველი იქნებოდა. თუ ბუნკერის ვარდი ყველგან ვარდი იყო, თუნდაც პატარა სათვისტომოს მბრძანებელიც ხომ მბრძანებელი იქნებოდა! ბუნკეროზა სათვისტომოში სასწრაფოდ გაწევრიანდა, ხელმძღვანელობასაც გაელაქუცა და პირველ კატამდეც მივიდა. მივიდა, თავიც მოუქონა და საკუთარიც მოაწონა, მაგრამ მბრძანებელს ერთი თვალსაჩინო ნაკლი ჰქონდა - ცოლი და ოხრად კნუტებიც ჰყავდა.
ჩვენი ბუნკეროზა ამდენი მძიმე შრომის წყალში ჩაყრას როგორ შეელეოდა? გაიკითხ-გამოიკითხა და გაიხარა - „მბრძანებელს ჩემზე ბებერი, უშნო და ქონიანი ცოლი ჰყავსო“ და მოქმედებასაც შეუდგა. მიზანში ამოღებული ხვადის გვერდით დღეს აღამებდა და ღამეს ათენებდა, არ შორდებოდა, გასაქანს არ აძლევდა, თვალებში შესციცინებდა და დითირამბებს უმღეროდა. მბრძანებელმაც გაიხარა, მხრებში გაიშალა, ქაჩალი თავი ამაყად ასწია, „არიქა, როგორ ქალს ვუყვარვარო“. ბუნკეროზას ამაყად ყველგან დაატარებდა, ოფიციალურ შეხვედრებზე, წვეულებებზე და კურორტებზე დაჰყავდა...
დრო გადიოდა, მბრძანებელი თავს არხეინად გრძნობდა, შინ ცოლი უყვარდა და გარეთ საყვარელი. აი, ეს კი შორს მიმავალი გეგმების მქონე ბუნკეროზას სულაც არ ეამა. ყველა ღონეს ეცადა, რა ხერხი არ მოიშველია, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია და ასე სანატრელი ძეხვით პირი ვერც პარასკევს და ვერც კვირის სხვა დღეს ჩაიტკბარუნა. ამასობაში ბუნკერის სათვისტომოს მბრძანებელს თავდაპირველმა აღტკინებამ გაუარა, ბუნკეროზას სილამაზეს და გამორჩეულობას შეეჩვია და, სიმართლე რომ ითქვას, სატრფოს ზედმეტმა გულმოდგინებამაც მოაბეზრა თავი და თვალი სათვისტომოს სხვა კატებისკენაც გააპარა - ბუნკეროზას მაგალითმა ბევრი მაწანწალა კატა წააქეზა და იმათმაც ისწავლეს კუდის მოხდენილად გაქიცინება.
სასოწარკვეთილმა ბუნკეროზამ კატურ ნამუსზე თათი აიღო და უკანასკნელი მძლავრი კოზირის გამოყენება და კნუტების დაყრა განიზრახა, მაგრამ ამაოდ - არც სახელდახელოდ ნაყიდმა მაქმანებიანმა თეთრეულმა და არც შედარებისთვის გასაღიზიანებლად მოყვანილმა მახინჯმა დაქალებმა უშველა! სრულიად კატალენდის ექიმ-ექიმბაშები მოიარა, მარჩიელებს მიმართა, მჩხიბავებიც ფეხზე დააყენა... ვერა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. აღმოჩნდა, რომ ბრძანებელს ახალთახალის გარდა, ფერხორციანი კატები ჰყვარებია და, ბუნკეროზას ერთ-ერთ ასეთ ნაპატიებ დაქალს რომ დაადგა თვალი, გამწარებული საყვარლის ჩხავილმა ქვეყანა შეძრა. გარშემო ყველა შეაწუხა. მზაკვრული ჩანაფიქრის მისარწევად ეშმაკობამ რომ არ გაჭრა, მისი სისრულეში მოყვანა წივილ-კივილით და ძალით სცადა. ჰოი, საბრალო... ამით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ერთ დღესაც, მბრძანებლის დავალებით, სათვისტომოს კარი ცხვირწინ მოუხურეს.
კატური თავმოყვარეობა სულ დაივიწყა, აყალმაყალით თავმობეზრებულ მრძანებელს დიდხანს უდარაჯა, ერთ დღესაც ფეხებში ჩაუვარდა და შემოირიგა კიდეც. თავი სამშვიდობოს იგრძნო, მიტოვებული და გამოგდებული აღარ იყო! მართალია, აქამდე შეუბღალავი რეპუტაცია შემოეძარცვა, დაქალებიც შემოეცალა, მაგრამ „სათვისტომოს ტახტი“ და უგვირგვინო დედოფლობა ხომ დაიბრუნა...
დახეთ უბედურებას, ბუნკეროზას სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ქვეყნის ნამდვილ მესვეურებს სამადლოდ არსებულ სათვისტომოში ატეხილი ალიაქოთი მობეზრდათ და საზრუნავის თავიდან მოშორებაც ვეფხვურად გადაწყვიტეს - ტორის ერთი მოქნევით გააუქმეს და ჩვენი მბრძანებელიც, პატივაყრილი სანაგვეზე გააპანჩურეს...
* * *
უმბრძანებლოდ და უგვირგვინოდ დარჩენილი ბუნკეროზა ბედს არ ეგუება, კატალენდის მთავრობაში ხელი რომ მოეცარა, ახლა სამსახურში ნადირობს, ამჯერად ბანკირებზე. ბევრს ეპოტინება, მაგრამ ამდენი კნავილით და ჩხავილით თავი ხომ უკვე საქვეყნოდ მოიჭრა! ყველამ ყველაფერი იცის, საკატეთში არც ცოდვა იმალება და არც უზნეო საქციელი. მარტიც გადაივლის და ყველაფერი თავ-თავის ადგილას დალაგდება. დრო გვიჩვენებს, სად მონახავს თავის ადგილს ჩვენი ბუნკეროზა - ზეაღსვლის კიბის რომელიმე საფეხურზე მოიკალათებს თუ მშობლიურ ბუნკერს დაუბრუნდება...
3 კომენტარი.:
ვაიმე, რა ნაცნობი ისტორიაა!!! კარგი გიქნიათ, რომ დაუსრულებელი დაგიტოვებიათ - იგავ-არაკის მთელი მუღამი მის მორალშია, მაგრამ მანდ მორალი ვერ იქნება. ჩვენმა ბუნკეროზამ ჭკუა ვერ ისწავლა, კვლავაც უწინდებურად მჩხავანაა და ახლა სხვებზე ნადირობს. და კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩათ: მბრძანელისგან რომ ვერ დაფეხმძიმდა, ექიმებისა და მკითხავების გარდა მეგობრების ქმრებსაც რომ მიმართა დახმარებისთვის :)))))))))
საწყალი ბუნკეროზა :((
მე მგონი მისთვის ის სჯობია რომ სამსახურსჰი ნადირობის ნაცვლად სამსახურზე ინადიროს, იქნებ როგორმე კატალენდის ზნეობის ინსტიტუტში დაიწყოს მუშაობა და იქნებ ის გვერდები ჩაასოწროს სადაც წერია რა ითვლება კატალენდში უზნეობად და თავის მოჭრად.
ბუნკეროზამ ხომ ყველაზე კარგად იცის რომ ზოგჯერ უზნეობა ზნეობაზე მაღლა დგას და ზოგჯერაც წმინდაა როგორც უმანკეობა.
აბსოლუურად სწორი შენიშნვაა, მაგრამ სამწუხაროდ, სამსახურში "სამსახურის" გარდა ყველაფერი აინტერესებს:)
Post a Comment