21.3.11
ძაღლის საბელზე გამობმული პატრონები
Approved by
გუშინ ერთი იუმორისტული სტატია წავიკითხე იმაზე, თუ რამდენი რამე იცვლება ცხოვრებაში, როდესაც ძაღლის პატრონი ხდები. სტატიის ავტორის აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება და ხდები აბსოლუტურად „სულძაღლიანი“, მთელი დღის გეგმები იწყობა და ინგრევა ამ არსებისა და მისი კეთილდღეობისთვის. დღეს ძაღლთან ერთად სეირნობისას, ზუსტად ამ თემაზე წამოვიწყეთ საუბარი მე და ჩემმა მეგობარმა და თანამოსეირნე ჰელგამ. აღმოჩნდა, რომ სტატიას მასაც წაუკითხავს და ორივემ უცებ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა და, რა თქმა უნდა, არ მოხდება. რას ჰქვია, მთელი ცხოვრება და ყოველდღიური გეგმები ძაღლს მიუსადაგო და მის მიხედვით ააწყო? ჩვენი საერთო აზრით, პირიქით მოხდა - ძაღლი მოგვერგო ჩვენ და არა ჩვენ - ძაღლს.
თუმცა სტატიის ავტორს ერთ რამეში ვეთანხმები: ძაღლის მოყვანის პირველივე დღიდან უნდა დაემშვიდობო გაქათქათებულ ფარდებს, გაპრიალებულ შუშებს და სუფთა იატაკს. სამაგიეროდ, რამდენი დადებითი ენერგიით ივსები? მაგალითად, ბუნებაში სეირნობისას. ადრე თუ ჩემი ბუნებასთან ახლო ურთიერთობა ინსტიტუტიდან შატალოზე ვაკის პარკში გაპარვით შემოიფარლებოდა, მას მერე, რაც გერმანული ნაგაზის პატრონი გავხდი, საათობით ტყე-ღრესა და მინდორ-ველში დავხეტიალობ, ხანდახან სიამოვნებით (მზიან თბილ ამინდში), უმეტესად კი გაწუწული, ტალახიანი და სიცივისგან მობუზული. არ გეგონოთ, რამეს ვჩიოდე, პირიქით! ხომ ამბობენ, ცუდ ამინდში სეირნობა ადამიანს აკაჟებსო, ჰოდა, მეც ჯიუტად ვსეირნობ ქარშიც და წვიმაშიც და ველოდები, როდის გავკაჟდები (ალბათ ეს მორიგი გაციება რომ გამივლის, მაშინ უკვე ნამდვილად... ვნახოთ).
ამ წლებში კიდევ ერთი დადებითი თვისება გამივითარდა. ვისაც ოდესმე ძაღლი ჰყოლია, მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა კარგი მხედველობა. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, რა დამზაფვრელია, როცა ძაღლი მოულოდნელად, ფაქტიურად თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდება (იმიტომ, რომ სადღაც კატამ დაიკნავლა, ან ჩიტმა შეიფრთხიალა), მიმიხვდება, რამხელა შიში განვიცადე, როდესაც ჩემი ძაღლი მინდორში აშვებისთანავე გასროლილი ისარივით შევარდა ტყეში და ირემს გაეკიდა (ჰოი, საოცრებავ და საქართველოში წარმოუდგენელო სასწაულო!). დიახ, ტყეში ირმები ცხოვრობენ, მინდვრებში კი კურდღლები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მელიებიც კი შემხვედრია. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ აი, ძაღლმა თუ დაგასწროთ და ასეთი არსება თქვენზე ადრე დაინახა, მასში ჯიშისდა მიუხედავად მომენტალურად იღვიძებს მგელი. იდექით მერე და ელოდეთ, როდის გაახსენდება, რომ მგელი კი არა, მწევარიც არაა და დარცხვენილი უკან მოგიბრუნდებათ.
ასე რომ, რაც ეს შიში მეც ვიგემე, მას მერე მხედველობა ასმაგად გამიუმჯობესდა და შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დღეს ჩემს ძაღლზე ბევრად ადრე ვხედავ წრუწუნებს, ციყვებს, ზღარბებსაც კი, ფოთლებში რომ იმალებიან. ერთადერთი გაუკონტროლებელი მაცდური კურდღელიღაა დარჩენილი და ამაზეც ვმუშაობთ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ ნამდვილად მაზოხისტი კურდღლები ცხოვრობენ - ზედ ძაღლის ცხვირწინ უშიშრად გამოხტებიან და ისე გამომწვევად დახტუნაობენ აქეთ-იქით, თითქოს აქეზებენ „აბა, თუ ბიჭი ხარ, დამეწიეო“. არ ვიცი, ან სიცოცხლე აქვთ მობეზრებული (გამიგია, კაი ცხოვრებაც მოსაბეზრებელიაო), ან სადღაც ისწავლეს, რომ საბელით დაბმული ძაღლი საშიში არაა.
გარდა გამახვილებული თვალისა და მოდუნებული ყურისა (რაღად მინდა კარგი სმენა, თუ ჩემს ძაღლს გაფაჩუნებაც ესმის და მატყობინებს?!), საკუთარ თავს კიდევ ერთი რამ შევამჩნიე - გემოვნება შემეცვალა. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია, ასაკმა? ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ მაღაზიებში პირველ რიგში კაბებს და ქვედაბოლოებს ვიზომებდი და ვყიდულობდი, დღეს ჩემი გარდერობი სავსეა ჯინსის შარვლებით (უმეტესად, მუქი ფერის. ძალიან პრაქტიკულია - ჭუჭყი და ტალახი ნაკლებად ეტყობა). ადრე თხელი და ქუსლიანი ნაზი ფეხსაცმელი მიყვარდა, დღეს კი თითქოს უფრო ბოტასებით, სქელძირიანი და მაღალყელიანი ფეხსაცმლით ვიხიბლები. სხვათა შორის, ამაში ჩემი მეგობარი ჰელგაც დამეთანხმა. მისი აზრით, წლებთან ერთად გემოვნებაც გვეცვლება და
რა გასაკვირია, რომ ადრე თუ გულისცემას პატარა სპორტული მანქანები გვიჩქარებდა, დღეს უპირატესობას დიდ, საბარგულიან მანქანებს ვანიჭებთ?! თანაც ეს დიდი საბარგული რა პრაქტიკულია, რამდენი რამე ეტევა და ძაღლიც თავისუფლად ზის...
მანქანებზე გამახსენდა... რა თქმა უნდა, არიან მართლაც რომ სულძაღლიანები, ვინც მთელ ცხოვრებას საკუთარი ძაღლის კომფორტზე ფიქრში ატარებენ. აი, მაგალითად, ერთი ჩემი თანამოსეირნე სვენი: ორი მანქანა ჰყავს, ერთი - ცუდი ამინდისთვის დიდი „ფოლკსვაგენ კომბი“ და მეორე - კარგი ამინდისთვის სპორტული კაბრიო. თურმე მის ძაღლს ღია მანქანაში ჯდომა ურჩევნია და რა ქნას აბა? სულ დახურულით ხომ არ ატარებს აქეთ-იქით? ეს ამბავი ჩვენმა მეორე თანამოსეირნემ რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და, რადგან მისი საფულე ორ მანქანას ვერ გასწვდებოდა, სასწრაფოდ ჯიპი იყიდა. ზამთარ-ზაფხულ გამოსადეგია!
მე და ჰელგას, რა თქმა უნდა, ასეთ ხალხი ბევრ ახალ საჭორაო თემას გვაძლევს. აი, გუშინაც ამ სკანდალურ სტატიაზე მსჯელობისას, მაგალითად ასეთი პარტონები მოვიყვანეთ, თორემ ჩვენ? ჩვენ, მას მერე რაც ძაღლები გვყავს, არაფერი შეგვიცვლია. მართალია, ჰელგა წელს უკვე მეორედ იცვლის ბინას, რადგან მეოთხე სართულზე ცხოვრება აღარ აწყობს. როგორც იქნა, ბინა პირველ სართულზე იშოვა. შესანიშნავია - ბოლო დროს მის ძაღლს უკვე ძალიან უჭირს კიბეებზე აღმა-დაღმა სიარული...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბაგირა
4 კომენტარი.:
ჩემმა ძაღლმა პირველი რაც ისწავლა, "შოკოლადი" და "გშია" იყო და მალე ყველა გავვწვრთნა, რაც არ უნდა მშივრები ვყოფილიყავით ჯერ ძაღლს ვაჭმევდით და ჩვენ მერე ვსადილობდით.ასე რომ ძალაუნებურად ძაღლზე დამოკიდებული ხდები. დასასვენებლად წაულები ბინას ჩვენ კი არ ვარჩევდით, ბინის პატრონები გვარჩევდნენ, ძაღლიანის შეშვება უნდოდათ თუ არა, სასტუმროზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...
აფსუს,აქ იმ შენი მეზობლის ძაღლის ამბავიც უნდა მოგეყოლა, ტახის რომ შეეშინდა და პატრონს ამოეფარა...
Aunt Polly, მართალი ხარ ეგეც უნდა მომეყოლა ან თუნდაც, როგორ გაეკიდა ჩემი ქალბატონი გედს და მერე როგორ ერთმანეთს ვასწრებდით მანქანისკენ რადგან ეს გედი მოგვზდევდა ჩვენ :)) ან როგორ შეაშინა ჭრიჭინამ ისე, რომ მერე კვირები უჩემოდ ეზოში გასვლას ვეღარ ბედავდა:)))
ამ ისტორიებს "საბელის რამბოები" უნდა დავარქვა :)))
უი, რა საინტერესო ამბებს მოვკარი ყური. გაგრძელებას ხომ არ დაწერდით ძაღლებზე? სიამოვნებით ვკითხულობ :)))
Post a Comment