ექვსი მარტის „ბლინობა“

Approved by Natia Jinjolava

დადგა ნანატრი დღეც და ბლოგის კოლექტივი (ამჯერად გაფართოებული) ისევ შეიკრიბა, ბლოგის მუდმივ გრაფომანებს ახალბედა მოხალისეები შემოემატნენ. სხვა შეკრებებისგან განსხვავებით, დღევანდელი იმით გამოირჩეოდა, რომ გურუმები სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ, ზოგი პირადად და ზოგიც ვიდეოზარის მეშვეობით (გულმხურვალე მადლობა სკაიპს!).
ამ დღისთვის მზადება კარგა ხნით ადრე დავიწყეთ, დღის წესრიგი საგულდაგულოდ შევადგინეთ, ფუნქციები და მოვალეობები გავინაწილეთ, სარჩო-სანოვაგეც მოვზიდეთ, შარშანდელი ყველიერის შემდეგ შენახული მრავალნაცადი რეცეპტები გამოვამზეურეთ და მოქმედებას  შევუდექით. დიდხანს  ვიმსჯელეთ, ბლინებზე მოსაყრელი ყველი დაგვეფშვნა თუ დაგვეხეხა, ლორ-ძეხვეული გრძლად დაგვეჭრა თუ კუბიკებად. ხანგრძლივი ბჭობის შედეგად დავასკვენით, რომ ბლინებს სანელებლებს ყველა გემოვნებისამებრ, თავისი ნება-სურვილით მოაყრიდა. მოკლედ, ამ სამზადისმა გვარიანად გვახალისა.
გავიხსენეთ სტუდენტობის დროინდელი ტრადიცია, როცა თავშეყრისას კედელზე დიდი ზომის ქაღალდს ვაკრავდით და მთელი საღამოს განმავლობაში ნებისმიერი მსურველი ზედ საკუთარ ნააზრევს წერდა და ხატვის ნიჭს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ავლენდა. მერე ამ ხელნაკეთ „პლაკატს“ გულმოდგინედ ვინახავდით და მომდევნო წლის იგივე დღეს „სამზეოზე“, ანუ ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა. დღევანდელ „შთაბეჭდილებების წიგნის“ ჩანაწერებს მომავალ წელს აუცილებლად გაგაცნობთ.
მთელი დილა ჩვენი მთავარი „ბლინთმცხობელი“ (მოგვიანებით „ბლინთუხუცესად“ აღიარებული) მის ენდრიუ გაზქურასთან ტრიალებდა. ჩვენ, მუქთახორები, შიგადაშიგ დაცვარულ შუბლს ვუმშრალებდით და „იფ, იფ, რა გემრიელი ბლინებია“-ს ძახილით ვამხნევებდით. ახალ-ახალ ბლინებს ტაფიდან ამობრუნებას არ ვაცლიდით და იქვე ვთნქავდით. ჩვენს სუფრაზე რა არ იყო: ნაირ-ნაირი ტკბილი თუ მლაშე სოუსი, არომატული საწებლები, თორმეტი სხვადასხვა სახის სატენი და ბლინის ტორტიც კი!
მოკლედ, დაღლილ-დაქანცული მის ენდრიუს ჩათვლით, ყველამ გულიანად მოვილხინეთ, სუფრას მუსრი გავავლეთ და ყველიერის დასასრულის მთავარი და ცენტრალური მოვლენის  განხორციელებას (ანუ ფიტულის დაწვას) შევუდექით.
დღევანდელი ფიტულის მომზადებაშიც ყველამ თავისი წვლილი შეიტანა: ერთმა ძველი და გაქუცული ცოცხი ამოაძრო, მეორემ ბამბის ქულისგან პარიკი დაამზადა, მესამემ „ზამთრის ფიტული“ შეკრა. სახელდახელო კოცონიც ავაგიზგიზეთ. ამდენი სიცივითა და თოვლიანობით თავმობეზრებულებმა, ზამთრის ფიტული ჯერ შევაფითილეთ, მერე შევაშიშხინეთ და მშვიდი გულით და ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე დავანახშირეთ. დიდხანს შეყოვნებული და აწ გასული ზამთრის „ფერფლი“ ქარს გავატანეთ...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment