27.3.11
ტიბეტური სულები, იაკი და ბლოგერავტორები
Approved byმოგეხსენებათ, რომ ჩვენს „კამანდას“ დღესასწაულები ძალიან უყვარს და ამისთვის საგანგებო მიზეზი და ოფიციალური თარიღი სულაც არ გვჭირდება. დედიკო რუმ ჭორი მოგვიტანა, „ამ დღეებში ტიბეტში წარმატების მომტანი სულების დღეს ზეიმობენო“. მეტი რა გვინდოდა, მერი პოპინსმა საიდანღაც სტუდენტობისდროინდელი უმოწყალო ხმარებისგან გაქუცული ძველისძველი ბლოკნოტი გამოაძრო, „მახსოვს, ერთი ოცი წლის წინ ტიბეტური ჩაის რეცეპტი ჩავიწერეო“. ამჯერად ინგრედიენტებზე მისის დაუტფაიერი ვაფრინეთ, ჩაის სმის პროცედურისთვის აუცილებელ და შეუცველ ატრიბუტზე - ფაიფურის ჩაიდანზე ზრუნვა მის ენდრიუს დაევალა. მე მუქთახორობა გადავწყვიტე და ყველაზე იოლი მოვალეობა მივითვისე - მახარობლის როლი მოვირგე და ყველას ჩამოვურეკე: „არიქა, მოდით, რაღაც საინტერესო გველოდება“.
ხალხი შეიყარა და, სანამ მერი პოპინსი ჩაიდანთან ჯადოქრობდა, მის ენდრიუმ (გახსოვთ ალბათ, ჩვენი მის ენდრიუ ყოვლისმცოდნე და სასარგებლო თუ უსარგებლო ინფორმაციის ცოცხალი საგანძურია), პატარა ლექცია ჩაგვიტარა ტიბეტური ჩაი „ჩასუიმას“ შესახებ: „რა გიხარიათ, ახლა რძისა და იაკის კარაქის მარილიან ნაზავს დაგვალევინებენო“ (აქვე დაგამშვიდებთ, სინამდვილეში მერი პოპინსი ასევე ტიბეტურს, მაგრამ სულ სხვა ჩაის აკეთებდა). მერიკოს რეცეპტის მიხედვით, ტიბეტელი სულები რომ არ დაფრთხნენ და თავქუდმოგლეჯილი რომ არ გაიქცნენ, ჩაი ერთმა ადამიანმა უნდა დაამზადოს და ისიც უსიტყვოდ. ჰოდა, სამზარეულოში მარტოდმარტო დარჩენილ მერი პოპინსს სულ არ გაუგია, მეზობელ ოთახში რა ვნებათაღელვა ატყდა. ლანგარზე ჩაკიწკიწებული, ქაფქაფა ჩაის ჭიქებით თავმომწონედ რომ გამოგვეცხადა, პატარა აჯანყებაც დახვდა. ამბოხი სასწრაფოდ ჩავახშეთ (ტიბეტში იაკის მოსაწველად ნამდვილად არავინ გაქცეულა) და უნებლიე ბუნტისთავს დასჯით (ჭურჭლის იძულებით დარეცხვით) დავემუქრეთ.
თქვენც რომ დარწმუნდეთ, რომ ეს ჩაი საკმაოდ გემრიელი და სასიამოვნო დასალევია, მის რეცეპტს აქვე შემოგთავაზებთ და იმასაც გეტყვით, რომ ამ სასმელს ძალიან უხდება მისის პოტსის საავტორო კექსი.
ტიბეტური ჩაი
ინგრედიენტები: 0,5 ლ რძე, 7-8 ც მიხაკი, 9-11 ც ილი, 0,5 ჩ/კ მშრალი ან 1 ს/კ ცოცხალი ჯანჯაფილი, 0,5 ჩ/კ ჯავზის კაკალი, 2 ჩ/კ მწვანე ჩაი, 1 ჩ/კ ჩაი „დარჯელინგი“.
ილი და მიხაკი დავნაყოთ. წყალი ჩავასხათ ემალის ჭურჭელში, დავუმატოთ ილი, მიხაკი, მწვანე ჩაი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ერთი წუთი დუღილის შემდეგ, დავუმატოთ რძე და „დარჯელინგი“ და წვრილად დაჭრილი ცოცხალი ჯანჯაფილი. დუღილს რომ დააპირებს, ჩავუმატოთ ჯავზის კაკლის ნაფხვენი და ვადუღოთ რამდენიმე წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავწუროთ, ჩავასხათ ფაიფურის ჩაიდანში. ჩაიდანს შემოვახვიოთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ ცოტა ხნით.
ილი და მიხაკი დავნაყოთ. წყალი ჩავასხათ ემალის ჭურჭელში, დავუმატოთ ილი, მიხაკი, მწვანე ჩაი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ერთი წუთი დუღილის შემდეგ, დავუმატოთ რძე და „დარჯელინგი“ და წვრილად დაჭრილი ცოცხალი ჯანჯაფილი. დუღილს რომ დააპირებს, ჩავუმატოთ ჯავზის კაკლის ნაფხვენი და ვადუღოთ რამდენიმე წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავწუროთ, ჩავასხათ ფაიფურის ჩაიდანში. ჩაიდანს შემოვახვიოთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ ცოტა ხნით.
როგორც ტიბეტელები ამბობენ, ჩაი ერთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, თორემ სამზარეულოში ბევრი ხალხი თუ ზიმზიმებს, ტიბეტური წარმატების სულები დაფრთხებიან და ჩაიც არ გამოვა. ჩაი ისმება თურქული ყავის ჭიქებით და ჭიქანახევარზე მეტის დალევა არ შეიძლება.
მერი პოპინსი გირჩევთ: „ვერ ვიტან ჩაიში (კოქტეილში, გლინტვეინში) რაღაც ნამცეცები რომ დაცურავენ, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვიღებ პაკეტის ჩაის, რომელიმე ბოლოდან აკურატულად ვხსნი, ჩაის გარეთ ვფერთხავ და ცარიელ პაკეტში ვყრი სანელებლებს, მერე პაკეტს ძაფით თავს ვუკრავ და ისე ვათავსებ წყალში (რძეში, ღვინოში). ხარშვას რომ მოვრჩები, პაკეტს ვიღებ და ვაგდებ“.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment