Fastnacht, Fasching, fünfte Jahreszeit, ორი სიტყვით: გერმანული კარნავალი

Approved by Natia Jinjolava

კარნავალი თავისი ისტორიით, მრავალფეროვნებითა და ჭრელა-ჭრულა რიტუალებით, საინტერესო და ბევრისმთქმელი ფენომენია - ადამიანებს ყოველთვის უნდოდათ სხვისი როლის თამაში და სხვისი ტყავის მორგება, თანაც ნიღაბაფარებული ადამიანის თავისუფლება სულ სხვაა!
კარნავალის საწყისები ძველი რომიდან და წარმართობიდან მოდის, შუა საუკუნეების ევროპაში ფეხს მყარად იკიდებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იკრძალება და იდევნება, ჩვენამდე ჯიუტად მაინც აღწევს და, რაც მთავარია, არ ბერდება!
გერმანიაში კარნავალის ტრადიცია შედარებით გვიან დამკვიდრდა - მის შესახებ ისტორიული ცნობები სულ რაღაც მე-14 საუკუნეში გვხვდება, როდესაც გერმანია იტალიასა და საფრანგეთს არ ჩამორჩა, მეტიც, კარნავალს „წელიწადის მეხუთე დრო“ დაარქვა და მისი აღნიშვნის ოფიციალურ თარიღად 11 ნოემბრის 11 საათი და 11 წუთი დაასახელა. ამ თარიღის ახსნის ვერსიებიც სხვადასხვაგვარია: ერთის მიხედვით, ალქიმიასა და რიცხვების მაგიასთანაა დაკავშირებული, მეორეს მიხედვით -  11 ნოემბერს, წმინდა მარტინის ხსენების დღეს, ყველა საშემოდგომო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მთავრდება და გლეხებს სულის მოთქმის საშუალება ეძლევათ. ასე თუ ისე, გერმანიაში კარნავალის პერიოდი სწორედ ნოემბერში იწყება, მერე ადვენტისა და შობის მოახლოებასთან ერთად ნელდება, ჩვენებური ყველიერის დროს ახალი ძალით რომ იფეთქოს. გერმანელები, რამდენადაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში საკმაოდ თავდაჭერილი ხალხია, იმდენად თავშეუკავებელნი არიან დაწესებულ ქეიფსა და დროსტარებაში, ტრადიციას დააკანონებენ, კანონს შეასრულებენ და ყველაზე ხმამაღლადაც იმხიარულებენ.
გერმანიის ყველა კუთხეს თავისი კარნავალი აქვს, მაგრამ ყველაზე ცნობილი (და ყველაზე ხმამაღალიც!) კიოლნში ტარდება. 1823 წელს ქალაქის  მოსახლეობამ „საკარნავალო კომიტეტი“ დააწესა, რომელსაც ამ დღესასწაულის მოწყობა ევალებოდა (ეს კომიტეტი დღესაც არსებობს, მისი წევრები წერენ ექვსდღიანი მსვლელობების სცენარს, ადგენენ განაწესს, ურთიერთობენ ქალაქის სხვადასხვა საკარნავალო ასოციაციებთან, მოკლედ რომ ვთქვათ, მუხლჩაუხრელად შრომობენ).
ოფიციალურად კიოლნის კარნავალი „ქალების ხუთშაბათს“ იწყება, როდესაც ქალებს ყველაფრის უფლება ეძლევათ. ქალები მამაკაცებს მაკრატლებით დასდევენ და ჰალსტუხებს ძირში სიამოვნებით აჭრიან (ამ დღეს მომჭირნე გერმანელი ახალ და ძვირადღირებულ ჰალტუხებს კარადაში ღრმად ინახავს). „დაკოდვის“ თავისებურ რიტუალს ვერც ქალაქის მერი გადაურჩება - კუდიანებად გადაცმული ქალების ჯგუფი ქალაქის რატუშას „შტურმით იღებს“ და საწყალ ქალაქის თავს დიდხანს დამალვის და, მითუმეტეს, გაქცევის უფლება არა აქვს. 
პარასკევი, შაბათი და კვირა საყოველთაო მხარულებაში, ღრიანცელში, ჟრიამულში, აურაცხელი კათხა ლუდის სმასა და „ვარდების ორშაბათის“ მოლოდინში გადის. ამ დღეს, ზუსტად დილის 11 საათზე იწყება მთავარი სანახაობა - გადაცმული ადამიანების აღლუმი, რომლებსაც წინ სამი ალეგორიული პერსონაჟი მიუძღვით: უფლისწული, გლეხი და ქალწული (ამ უკანასკნელის როლსაც მამაკაცი ასრულებს). საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული  ურმებიდან ურიცხვი კამფეტი იყრება (გადმოცემით, ოდესღაც ვარდებს ისროდნენ - და ამ დღის სახელწოდებაც აქედანაა), ბავშვები ტკბილეულს კრეფენ, უფროსები ერთმანეთს ლუდის სმასა და ვურსტების ჭამაში ეჯიბრებიან. მომდევნო დღეს, რომელსაც „იების სამშაბათი“ ჰქვია, ქანც- და ილაჯგაწყვეტილი ნაქეიფარები დღისით სულს ითქვამენ, საღამოს კი საზეიმოდ წვავენ ფიტულს, რომელიც წლის მანძილზე დაგროვებულ ცოდვებს განასახიერებს. კარნავალი „ნაცრის ოთხშაბათს“ მთავრდება - ამ დღეს თევზის კერძებით და ერთმანეთისთვის შუბლზე ნაცრის ჯვრების დასმით აღნიშნავენ. მშვიდობით, თავაშვებულო სილაღევ! ხვალიდან მარხვა და სულ სხვა დღესასწაულისათვის მზადება იწყება...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი ლურჯი მუხლუხო

0 კომენტარი.:

Post a Comment