კატა ვერ შესწვდა ადესას, გვიანი მარტის თვე იყო...

Approved by Natia Jinjolava

ალბათ როგორც უკვე მიხვდით, ცხოველები ძალიან მიყვარს და მათ შორის ამ ბლოგში ბოლო დროს საეჭვო კონტექსტში მოხსენიებული კატებიც. ამჯერად ჩემს კატაზე მინდა გიამბოთ. აბა, მოემზადეთ მოსასმენად: შემოდგომაა და ყურძენია დასაკრეფი. ერთი საკმაოდ ხანდაზმული ვეტერანი კატა გვყავდა, ძალიან ჭკვიანი და ეშმაკი. ჩვენს ბოსტანში მდგარი შაქარა მსახლიც მწიფე იყო და მის მისართმევად გავეშურე, ხეს მივადექი და აცოცებაც დავიწყე. უცნაური ხმების გაგონებაზე თავი ავწიე და რას ვხედავ?! ჩემზე წინ ხეზე ჩვენი კატა აბრძანებულიყო. მსხლის ტოტზე მჯდარი, ახლოს ჩამოკიდებული ადესის განსაკუთრებით მსხვილ მტევნებს არჩევდა, თათით ახლოს იწვდენდა და გემრიელად მიირთმევდა. ასეთი სურათის შემყურემ ხელი ვეღარ შევუშალე და წავჩანჩალდი სახლში ხახამშრალი.
მერე ახალი წელი მოვიდა. მამაჩემმა იმოდენა ნაძვის ხე მოიტანა, რომ სასტუმრო ოთახში დადგმისას წვერი ჭერქვეშ მოვუღუნეთ. ამხელა ხის მორთვას არ იკითხავდით? რას ეყოფოდა ჩვენი სათამაშოები და დახმარებისთვის სასწრაფოდ ჩემს უკრაინელ ბებიას ვუხმეთ. ნეტა გენახათ ფერადი ქაღალდებისგან რა ჯაჭვები და ფიგურები დავამზადეთ; შოკოლადები, ალუმინის კილიტაში გახვეული კაკლები, თხილის კუნწულები, ჩურჩხელები და საახალწლოდ დაკლული ინდაურის საგანგებოდ გამოყვანილი და დამუშავებული ჩიჩახვისგან დამზადებული, იისფერი მელნით შეღებილი უზარმაზარი ბუშტიც კი დავკიდეთ. არც „პეჩენიები“ დაგვიწყებია, ფრთხილად დავხვრიტეთ და ჩვენი ნაძვის ხეც ძალიან მდიდრულად და ლამაზად მორთულ ოჯახის მშვენებად იქცა. ნაახალწლევს მსუნაგობამ მძლია და ხიდან ტკბილეულის ნელ-ნელა მოკლება დავიწყე. ერთ დღესაც ოთახში
 შევიპარე და ჰოი, საოცრებავ, კატა ნაძვის ხეზე ასულიყო და გემრიელად მიირთმევდა ხან „პეჩენიას“ და ხანაც შოკოლადს. არც ამჯერად შემიშლია მისთვის ხელი. რამდენიმე დღის შემდეგ, მამაჩემს ნაძვის ხის მეტისმეტი სიშიშვლე თვალში მოხვდა და გვითხრა, ტკბილეული უკვე შეგიჭამიათ და ტყუილად რაზე იდგას, ხომ არ ავიღოთო და თან დაინტერესდა წიწვებისამარა მორთული ხე ვისი შემოქმედება იყო. მეც არ დავიბენი და მაშინვე „გულწრფელად“ მოვყევი  როგორ მიირთმევდა კატა ყოველდღე „ყველაფერს“. მაპატიე, ჩემო აწ განსვენებულო და საყვარელო ფისო!
სოფელში, სადაც ბავშვობა გავატარე, ჩემი ეზოს წინ მდინარე, გვერდით კი ღორჯოებით სავსე ღელე ჩამოუდიოდა, რომელიც თავსხმა წვიმების ან თოვლის დნობის პერიოდში გამაყრუებელი ღრიალით უშველებელ მდინარედ იქცეოდა ხოლმე და ჩვენს ბოსტანსაც სტუმრობდა. ზაფხულობით, თავის ჩვეულებრივ ზომას რომ უბრუნდებოდა, ბავშვები ხშირად ვთევზაობდით, ხან ანკესით და ხანაც შიშველი ხელებით. ღელის გაღმა სოფლის საცდელი ნაკვეთი იყო და ჩვენი - მოსწავლეების ხელით გაშენებული ჩაის და დაფნის ბუჩქი, სიმინდი, ლობიო, სოიო, კიტრი, პამიდორი და რა აღარ ხარობდა. ნორჩებს ყველაზე მეტად ნაკვეთის ბოლოს დარგული და ხეზე თავის ნებაზე მიშვებული ადესა ყურძენი გვაინტერესებდა (მოგეხსენებათ, გურიაში ადესას მაღალი ხის ძირში რგავენ და ვაზიც ხის ვარჯს შემოხვეული კენწეროსკენ მიუყვება, და ყველაზე კარგ მტევნებს, ზუსტად ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე იბამს).
იმ ზამთარს განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა, იმსიმაღლეზე დადო რომ ღობეზე ჭიშკრის გაღების გარეშე გადავდიოდით. ჰოდა, ერთხელაც, უკვე მარტის თვე იყო, მაგრამ თოვლი ისევ იყო, არდედეგების დროს სკოლის ნაკვეთში გადავიპარე, მივიარ-მოვიარე და რას ვხედავ, ბებერი თხემლის წვერზე მშიერი ჩიტების მახვილ მზერას გამოპარული ადესა არ შერჩენილა?! ხილი ცხოვრებაზე მეტად მიყვარს, არც დავყოვნებულვარ, ისე აღმოვჩნდი ხის კენწეროზე. ვერ წარმოიდგენთ რა გემრიელი იყო. ნეტავი თქვენც მიგეღოთ ნაზამთრალი ყურძნის დაგემოვნებაში მონაწილეობა. ადამიანის ბუნება ასეთია, რაც მეტს მიაღწევ, მეტი გინდა, მეც ბოლომდე გადავიწიე საუკეთესო მტევნებამდე მისაწვდენად და თვალის დახამხამებაში თოვლში თავით ჩარჭობილი აღმოვჩნდი. სწორედ იმ თოვლმა მიხსნა გარდუვალი სიკვდილისგან. მაშინ მერვე კლასში გახლდით და ჩემი ამ ტრამპლინიდან წარუმატებელი ნახტომის შესახებ არავის გავუმხილე, რაც სტუდენტობისას აკადემიური შვებულების საფასურად დამიჯდა. ახი იყო ჩემზე, რასაც შესწვდი შენია და დანარჩენი სხვებს დაუტოვე - თუნდაც ჩიტებს (შაშვს ან სკვინჩას მაგალითად).
დადგა გაზაფხული. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ეზოს გვერდით კიბორჩხალებით და ღორჯოებით გადაჭედილი ღელე ჩამოდიოდა. მე კი საოცრად მიყვარდა წყალიც და თევზაობაც. ბადეში აფართხალებული თევზის გამოხსნას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ღელეზე ქვის ქვეშ დამალული თევზის საკუთარი ხელით დაჭერა და გამოყვანა კიდევ უფრო მიყვარდა. კარგ ამინდში, თავისუფალ დროს სულ ღელეზე ვატარებდი, მეგზურობას კი ჩემი კატა მიწევდა. სათევზაოდ საკუთარი ნებით
 მომყვებოდა, წყალში შედიოდა, მდინარის შუაგულში უზარმაზარ ქვაზე ჯდებოდა და გასუსული თვალს არ მაშორებდა. ქვის ქვეშ ხელის შეცურებისთანავე, დღესაც არ ვიცი საიდან, კატამ უკვე იცოდა ჩემი „ნადირობის“ შედეგი. თევზი თუ არ დამხვდებოდა, კატა ჩუმად იჯდა. ღორჯოს თითებს შემოვხვევდი თუ არა, ისეთი თავდაჯერებული „მიაუ“ მესმოდა, რომ კატის მიხვედრილობით აღფრთოვანებული დაჭერილ თევზს ჯილდოდ ვესროდი, ისიც ჰაერში იჭერდა და პირს იკოკლოზინებდა.
ასე რომ, ბევრი რამის სწავლა შეიძლება ცხოველებზე დაკვირვებით და საკუთარი ინტუიციისა და რეცეპტორების გავარჯიშებით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment