მურინები კუნძულ მურანოდან

Approved by Natia Jinjolava


ალბათ ბევრ თქვენგანს იტალიის ხსენებაზე ვენეცია აგონდება, ვენეციის ხსენებაზე კი - წყალი, საკარნავალო ნიღბები, კაზანოვა, რიალტოს ხიდი და ვინ იცის, კიდევ რა... მე კიდევ ერთი ძირძველი „ვენეციელის“ არსებობას შეგახსენებთ - მინას კუნძულ მურანოდან.
მინის ტექნოლოგია ვენეციელებმა მე-12-13 საუკუნეეში ბიზანტიიდან შემოიტანეს, თუმცა ვენეციის მკვიდრებს მინის წარმოება მანამდეც ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად, ყველაფერი ბენედიქტელთა მონასტერში დაიწყო, როცა ბერებმა მონასტრის სახელგანთქმული ლიქიორისთვის მათარების დამზადება განიზრახეს. ასეა თუ ისე, ამგვარი მინის ნივთების, სამკაულების და ვიტრაჟების „სამშობლოდ“ ვენეცია ითვლება.
ჭკვიანმა და შორსმჭრეტელმა დოჟებმა, ხელნაკეთი მინა ჭეშმარიტად ვენეციურ მიღწევად გამოაცხადეს და ოსტატებს მინის წარმოების საიდუმლოს გათქმა მკაცრად აუკრძალეს (დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა). მეტიც, 1291 წელს ქალაქის მმართველობის დეკრეტით  მინის საამქროები შუაგულ ვენეციას მოაშორეს და კუნძულ მურანოზე გადაიტანეს, ვითომდა  „სანიტარული მოსაზრებებით“ (დეკრეტში სწორედ ასე ეწერა) - ანუ მინის საამქროების გავარვარებული ქურების მიზეზით გაჩენილი და გახშირებული ხანძრების თავიდან ასარიდებლად, სინამდვილეში კი მინის ტექნოლოგიის უცხო თვალისგან მოსაშორებლად. მურანოზე „გასახლებულ“ ოსტატებს სხვადასხვა პრივილეგიები ენიჭებოდათ, თუმცა ყველაზე მთავარი - თავისუფლად გადაადგილების, ანუ კუნძულიდან წასვლის უფლება ერთმეოდათ (ერთადერთი გამონაკლისი მინის ხელოსნების ქალიშვილები გახლდნენ, რომლებსაც ვენეციის მკვიდრებზე, მათ შორის დიდგვაროვნებზეც, გათხოვების უფლება უნარჩუნდებოდათ). მე-15 საუკუნეში მურანოზე, რომელსაც „მინის რესპუბლიკა“ შეარქვეს, 300-მდე საამქრო, საკუთარი მმართველობა და სასამართლო არსებობდა, იქაურებს ფულის მოჭრის უფლებაც კი მიეცათ.
ვენეციური (და აწი უკვე „მურანოს“) მინის ისტორია დრამატულია. ვინ მოთვლის ტექნოლოგიის საიდუმლოების ძალით თუ ეშმაკობით გაგების მცდელობებს, ხელოსნების მოსყიდვებს, გადაბირებული ოსტატების ტრაგიკულ დასასრულს... მეტიც, გაქცეული ხელოსნის ნათესავებსაც კი ხშირად საპყრობილეში წლების გატარება ელოდათ. მკაცრი ზომების მიუხედავად, ტექნოლოგიის ნიუანსებმა მაინც „გაჟონა“ და ნელ-ნელა ეს ხელობა სხვებმაც აითვისეს, თუმცა „ვენეციური“ იდუმალება მაინც ხელმიუწვდომელი დარჩა.
ვენეციურ მინას ზეობაც ახსოვს და მივიწყებაც. მე-15 საუკუნეში ასეთი ნაკეთობები მთელი ევროპის სამეფო კარებს ამშვენებდა, მერე „უღალატეს“ და მიივიწყეს, მე-19 საუკუნეში ხელახლა „აღმოაჩინეს“. ევროპელ წარჩინებულებს შორის ვენეციური მინის დეკორატიული ნივთის (ჭურჭელი იქნებოდა თუ სანელსაცხებლე) შეძენა ან საჩუქრად მირთმევა კარგ ტონად ითვლებოდა, ასეთი მინა პატრონის სიმდიდრეზე მეტყველებდა. ცნობილია მარია მედიჩის მომცრო წიგნის ზომის უძვირფასესი ვენეციური სარკე, რომელიც ვენეციის რესპუბლიკამ მას საფრანგეთის მეფეზე დაქორწინებისას მიართვა.
მურანოს მინის დაბადებიდან საუკუნეები გავიდა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბევრი სიახლე შემოიტანა, მაგრამ ამ მინის წარმოებაში ცვლილებებმა ფეხი ვერ მოიკიდა. ხელობის (ხშირ შემთხვევაში, ოჯახური) საიდუმლო დღესაც თაობიდან თაობაზე გადადის. მასალის შერჩევის და შერევის პრინციპები, სამუშაო იარაღებიც და ღუმელის გახურების ტექნიკაც უცველელი დარჩა. სხვადასხვა ფერის მისაღებად დღესაც იგივე მინარევებს ამატებენ, რასაც საუკუნეების წინ იყენებდნენ: მწვანე, წითელი და თეთრი ფერისთვის მინას რკინის, სპილენძისა და კალის ჟანგებს ურევენ, ოქრისფრისა და ლურჯისთვის - ოქროს და კობალტის ფხვნილს. მიღებულ მასას სხვადასხვა ტექნიკით ამუშავებენ:
ფილიგრანული - მინაში რძისფერი „ძაფების“ ჩართვა და „დაქსელვა“;
აქატისებრი - ნაირფერი შრეებით აქატის ზედაპირის მსგავსი შეფერილობის მიღება;
ავანტურინი - გამლღვალ მინაში სპილენძის ნამცეცების დამატება (ეს ნამცეცები მინის გაცივებისას კრისტალიზდება და ოქროსფრად ციმციმებს);
მოზაიკური „Millefiori“ - მინის ძაფების გრეხილის განივი კვეთით ყვავილების ან ვარსკვლავების ფორმის ორნამენტების შექმნა (ასეთ ორნამენტს „Murrina“ ჰქვია);
კრაკელაჟი - მაღალი და დაბალი ტემპერატურების მონაცვლეობით მინის ზედაპირზე დეკორატიული ბზარების მიღება;
პულეგოზო - გავარვარებული ღუმელისა და ცივი წყლის სწრაფი მონაცვლებით მინაში შეღწეული ჰაერის ბუშტუკებით ნაკეთობის ზედაპირის „მოხატვა“.
ტექნოლოგიის აღწერით და ბერვის პროცესის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, თუ ვინმეს მოგეპოვებათ ასეთი მინის გულსაკიდი, ჭიქა ან სულაც ერთი ციცქნა მძივის ბურთულა, ხელისგულზე დაიდეთ და დააკვირდით: სითბოსაც იგრძნობთ და ნაირფერი სხივების ჯადოსნურ ციმციმსაც დაინახავთ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment