„...и козел чтоб за все это платил!“

Approved by Natia Jinjolava

ყველა ქალი ბუნებით ერთგულია (რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა), სტაბილურობა უყვარს, ბუნებით ავანტიურისტი არ არის და კაცებისგან განსხვავებით, რისკს და თავგადასავლებს მშვიდი და მოწესრიგებული ცხოვრება ურჩევნია. მაგრამ ყველაზე ძლიერ და გაწონასწორებულ ქალსაც კი, სიცოცხლეში ერთხელ მაინც უჩნდება ფუქსავატური ცხოვრების სურვილი და სინანულით აღმოხდება: „ერთი ფულიანი კაცი მაშოვნინა!“
ზოგსაც ეს გამოთქმა ცხოვრების პრინციპად უქცევია და თავის ერთადერთ დანიშნულებას „მარჩენალი მამრის“ ძიებაში ხედავს. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ასეთი კაცი ხელში პირველივე მცდელობით ჩაიგდო. როგორ წესი, ერთ უშედეგო ცდას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე, მეოთხე და ხანდახან მეათასეც... თვალსა და ხელს შუა ვერც კი ხვდებიან,  პარტნიორების წამდაუწუმ ცვლასთან ერთად, საზოგადოებაში მათი ადგილი და სტატუსიც რომ ინაცვლებს და ხშირად არცთუ სახარბიელო ხდება.
ყველაფერს კი სრულიად უწყინარი დასაწყისი აქვს. ყველა ქალი ბავშვობიდან თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულზე ოცნებობს, ჰა, ჯანდაბას, გრაფზე ან ვეზირზე. მაგრამ ზღაპრული პერსონაჟები ზღაპარშივე რჩებიან. ამიტომ ზოგი ქალი მთელ ცხოვრებას ოცნების მამაკაცის უშედეგო ძებნაში ატარებს, ზოგიც წარმოსახვაში ძერწავს სასურველ პორტრეტს და მერე მის მორგებას რომელიმე ახლობელ კაცზე ცდილობს, რასაც ბუნებრივია, კარგი არაფერი მოაქვს.
რომანტიულ გოგოებს ხშირად ავიწყდებათ, ძიების გზა როგორი მძიმე და მწარეა. უკვე მწვერვალდაპყრობილი მაგალითის შემხედვარენი, ჩუმად ოხრავენ და თავისთვის ვიშვიშებენ „რა იქნება, მეც ასე რომ გამიმართლოს, რით  ვარ ნაკლებიო“. არაფრით, ჩემო კარგებო, გარდა იმისა, რომ თქვენგან განსხვავებით, იმან ბევრი იშრომა და იწვალა. ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად, ბევრი გარჯა და ძალისხმევა უნდა დახარჯოთ. სანამ მილიონერის რჩეული გახდებით, მცირეს უნდა დასჯერდეთ და ყველაფერი ნოლიდან დაიწყოთ. არა, ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ამ გზაზე გიბიძგებთ ან რამე რჩევა-დარიგებას გაძლევთ, უბრალოდ გიხსნით, მიზანს რატომ ვერ აღწევთ. თავისთავად გასაგებია, რომ წარმატებული და უზრუნველყოფილი ქალი ფულიან მამაკაცს არ ეძებს, ეს აზრი მას გარკვეული პრობლემების გაჩენასთან ერთად ებადება.
დიდი წარმატება პატარ-პატარა წარმატებების საკმაოდ გრძელი ჯაჭვის ბოლო რგოლია. სულ თავიდან „ლაღიძეში“ ხაჭაპურზე და წყალზე დაპატიჟებულმა, გვერდით მაგიდასთან აყუდებული ცოტა უფრო შეძლებული მამრის ყურადღება უნდა მიიქციოთ, რომელიც უკვე ყავასაც დაგალევინებთ. მისგან, ტორტს რომ „გაქაჩავს“, ისეთს გაიცნობთ, იმას მანქანიანი მეგობარი ეყოლება, იმ მეგობარს - ვინმე უკეთესი და ასე, ნელ-ნელა, ბევრი წყენისს და შეურაცხყოფის ჩაყლაპვის შედეგად, ეგებ სახინკლიდან რესტორანშიც გადაინაცვლოთ, იქიდან თავი ღამის კლუბში ამოჰყოთ და აი, იქ უკვე შანსია, რომ ვინმე ჯიბესქელი მამაკაციც გამოიჭიროთ. ოღონდ, უფასო სიამოვნების მოყვარულმა გოგოებმა უნდა იცოდეთ, რომ ოდესმე ბევრად უფრო ძვირს გადაიხდით. ამ ქვეყნად უფასო არაფერია და ერთ დღესაც, დალეული კოქტეილისთვის შეუსაბამოდ ძვირი და მტკივნეული საფასურის გადახდა აუცილებლად მოგიწევთ. თუმცა თავი შეგიძლიათ ერთით ინუგეშოთ: საქმეში ჩაუხედავ, გამოუცდელ ქალებს თქვენი ნერვების ფასად დამჯდარი ბინის, მანქანის და ქურქის ძალიან შეშურდებათ და თქვენს ბედს ინატრებენ.
ერთი ჩემი ნაცნობი თავმომწონედ ყვებოდა, ზღვაზე 50 ლარით წასულმა, ერთი თვე როგორ დაისვენა და ფულიც უკან ჩამოიტანა. გავიოცეთ და დავინტერესდით. თურმე ყოველ დილით  დაქალთან ერთად „პლიაჟზე“ კაცებზე სანადიროდ გადიოდა. სამიზნეს საგულდაგულოდ არჩევდნენ, მერე შეგულიანებულ კაცს მომავალი სიამოვნების იმედს აძლევდნენ და თავს სადილად აპატიჟებინებდნენ. უკვე შეზარხოშებულ „მსხვერპლს“ რესტორნიდან ეპარებოდნენ და მეორე დილით სანადიროდ ახალ ადგილზე ინაცვლებდნენ. კარგი ინტრიგანივით ჩავეძიე: ოინი თუ არ ჭრიდა, მაშინ რას შვებოდით-თქო. „არაფერს, იმ დღეს მშივრები ვიძინებდითო“, მიპასუხა.
ამაზე სხვა ისტორია გამახსენდა, უკვე საკუთარი გამოცდილებიდან. ერთხელაც ბარში ვიჯექით (მე, დეიდა პოლი და ჩვენი საერთო მეგობარი), გვერდით მაგიდასთან ბიჭები სადილობდნენ. შორიახლოს ორი გოგო უჯდა 250 მილილიტრიან კოკა-კოლის ბოთლს და ორი საათის განმავლობაში, თავიანთი აზრით ყველაზე გამომწვევი გამომეტყველებით წრუპავდნენ. ქალურ შურს ნუ დააბრალეთ, მაგრამ საკმაოდ ჩვეულებრივი გარეგნობის და არაფრით გამორჩეული გოგოები იყვნენ და მათ მცდელობებზე კარგად ვერთობოდით. ბიჭებს ხან საათი ჰკითხეს, ხან სანთებელა დასჭირდათ, ხანაც სამარილე (კაცმა არ იცის რატომ). ჩვენ კი ვხალისობდით, მაგრამ  ბიჭები ამასობაში კარგად დანაყრდნენ და ირგვლივ მიიხედ-მოიხედეს, თვალებში სადილის გარდა სხვა ინტერესიც გაუჩნდათ. ჯერ ჩვენ შეგვათვალიერეს, სახეზე მოწონება აღებეჭდათ, მაგრამ ამ დროს მზერა ჩვენს გადავსებულ მაგიდაზე და თვითკმაყოფილ გამომეტყველებაზე გადაიტანეს და ხელი ჩაიქნიეს. ორიოდე წუთში ჩვენი კოკა-კოლიანი გოგოები ბიჭების მაგიდასთან აღმოჩნდნენ მხიარული შეძახილებით: „უი, დაქალსაც დავურეკავთ, იმასაც შიოდა!“ ასეთი სცენას ალბათ ბევრი თქვენგანი შესწრებია...
ერთ ტელე-შოუში ახალგაზრდა წარმოსადეგ ბიზნესმენს ასეთი კითხვა დაუსვეს: რატომ ხდება რომ წარმატებულ კაცებს უმეტეს შემთხვევაში ცოლად საეჭვო წარსულის და სკანდალური რეპუტაციის ქალები მოგყავთ. ჭკვიანმა კაცმაც ეს ფენომენი მშვიდად ახსნა - სად და რითი დადიან ბიზნესმენები? საკუთარი მანქანით ან კერძო თვითფრინავით, ელიტარულ მიღებებზე, ელიტარულ კლუბებში, ასეთივე რესტორნებსა თუ კურორტებზე, სადაც სწორედ ასეთი ქალები ირევიან. წესიერი გოგოები კი ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით კინოში ან დაქალებთან დადიან. ჩვენი გზები არსად არ იკვეთება და ბუნებრივია, ცოლადაც ის მოგვყავს, ვისაც ვნახულობთო.
ამ ნათქვამის მორალი მარტივი და ლოგიკურია: თანამდებობის პირის, დიპლომატის, ცნობილი სახისა თუ ბიზნესმენის მეგზური რომ გახდეთ და მისი გულ-ჯიბე მოინადიროთ, შესაბამის წრეებში უნდა ტრიალებდეთ და სათანადოდაც უნდა გეცვათ. ეტიკეტი, მიხვრა-მოხვრა, სიტყვა-პასუხი და განათლებაც იმ წრის შესაბამისი უნდა გქონდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უფლისწულმა კონკია მხოლოდ მაშინ შეამჩნია, მეჯლისზე მისულს დედოფლის კაბა რომ ეცვა, მანამდე თხუთმეტჯერ აუარ-ჩაუარა და ზედ ერთხელაც არ შეუხედავს...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    მარტო მე კი არა ალბათ ყველას ეცნობა ეს ისტორიები. ახლის მოგონება ხომ არც ისე იოლია:)
    წარმატებებს ვუსურვებ ყველას თვის დაბრკოლებებით სავსე გზაზე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რამოდენიმე აქსიომა:
    ყველა უფლისწულს მოთხოვნებიც მეფური აქვს და ყველა ვარიანტში მოგიწევთ იმ საფასურის ანაზღაურება რასაც თქვენზე ხარჯავენ.
    უფასო კუბოში ჩაწოლა ნამდვილად არ ღირს მისი უფასსობის გამო.
    და ბოლოს, გენერლის ცოლი რომ გახდე, ლეიტენანტს უნდა გაჰყვე ცოლად.
    და მაინც, თუ გადაწყვეტტთ რომ ეს თქვენი გზაა და აუცილებლად ამ გზით უნდა იაროთ, (რომელ გზაზეც ტყუილების თქმას ვერ ასცდებით) ჩემი თხოვნა იქნება და არ მარტო ჩემი: კი ბატონო, იცრუეთ, ოღონდ გულწრფელად

Post a Comment