არუგამის ყურე

Approved by Natia Jinjolava

მეთევზეების დასახლება
პალმის ფოთლებით გადახურული სასტუმრო
სერფინგის ტალღების ნაპირი და დელფინების ლაგუნა

ავტობუსი, რომლითაც Fluffy Foxy მაღალმთიანი, ცეილონის ჩაით დაფარული  მთებიდან დაბლობში ეშვება, სამხრეთ სანაპიროსკენ მიქრის, ოკეანის ნაპირს უახლოვდება. 
Fluffy Foxy-ს ამ მხარეში მეგობრები არ ჰყავს და არც არავინ იცნობს. ხუთსაათიანი  მგზავრობის  შემდეგ ავტობუსი ჩერდება.  ქუჩის ორივე მხარეს მჭიდრო დასახლებაა, პატარა მაღაზიები და  სასადილოები. საშინლად წვიმს, მაგრამ საკმაოდ თბილა.  
ამბობენ, ეს ადგილი ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავსო. ოკეანის ნაპირი  განსხვავებულია, წყლის  სიღრმე კი იმდენად დაბალი, რომ ოკეანის ფსკერზე  შეიძლება  ფეხით გაისეირნო. თუ  დაიღლები, სადმე  წყალში  ამობურცულ რომელიმე კლდეზე შემოჯდები ოკეანის ჩიტივით და დატკბები ამ უკიდეგანო ლურჯი სივრცის სილამაზით; ნახავ, როგორ უერთდება ცის ჰორიზონტს ოკეანის გაღმა ნაპირი. ამ ყურეში თეთრი დელფინებიც ცხოვრობენ. მათი ნახვა თუ მოგინდება, მოტორიანი  ნავით ნაპირიდან 30 კილომეტრს გაიქროლებ და მიადგები დელფინების მყუდრო თავშესაფარს.
როგორ უყვარს Fluffy Foxy-სს ეს მხიარული და  ჭკვიანი არსებები, მათ დანახვაზე სიხარულით გული უჩერდება, მკლავებს უწვდის, ჩასახუტებლად ეძახის. დელფინები Fluffy Foxy- ის ძმები და დები არიან, მაგრამ რამდენი წელია ერთმანეთი არ უნახავთ.  საოცარია მათი პირველად შეხვედრის მომენტი: სიხარულის ცრემლები, მთელ  სხეულში სიყვარულის ტალღების ვიბრაცია. ზოგჯერ დელფინებს დაკარგული  სხეულის ნაწილებივით შეიგრძნობს. მართალია, ამ ნაწილებს Fluffy Foxy  სამუდამოდ ვერასოდეს დაიბრუნებს, მაგრამ ახლა, როცა მათ  სრიალა და გლუვ კანს ეფერება, გრძნობს, რომ იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა, ეს სიყვარული  მას ღმერთთან  აახლოებს და განსხვავება ადამიანსა და დელფინს შორის ქრება. ყველანი ერთნი ხდებიან.
არუგამის  ყურეში  2004  წელს  ცუნამმა ყველაფერი გაანადგურა. ვინც გადარჩა და 60-მეტრიანი ტალღის შთანთქმას გადაურჩა, მერე ისევ უკან დაუბრუნდა ამ მხარეს,  თავიდან ააშენა ეს ნაპირი თავისი პატარა სასტუმროებით, რესტორნებითა და მეთევზეების სახლებით.
ნაპირი სავსეა მეთევზეთა ნავებით. რანაირ ნავს აღარ ნახავ: ზოგი იალქნიანი, ზოგი სათევზაო, კიდევ კანოე და უცნაური მორა ნავები... ყველგან თევზის დასაჭერი დაგრაგნილი  ბადეები  ყრია. სანაპიროს  საფარველი  ოქროს  სილაა. 
Fluffy Foxy ფიქრებში ჰემინგუეის მოხუც კაცს და იმ  ბიჭს ხედავს... ვინ იცის, აქ იქნებ ლომებიც არიან. სულ ცოტა, ადვილია, რომ მოელანდოს ლომები. თუ მოინდომებს, უსიზმროდაც  დაინახავს. 
არადა, ამ ოქროს ნაპირს  ლომები მართლა როგორ მოუხდებოდა.
არუგამის ყურე დღემდე სერფინგის მოყვარულების საყვარელი ადგილია, მარტის ცხელ სეზონზე აქაურობა ტურისტებითაა გადაჭედილი, ამ სანაპიროს განსაკუთრებით სერფინგის მოყვარული ავსტრალიელი ტურისტები ირჩევენ დასასვენებლად.  
 დილიდან ტროპიკულმა წვიმამ დასცხო, თითქოს კოკიდან გადმოასხესო, წყალი გზაზე  ღელესავით მიედინება.
Fluffy Foxy  ცალ ხელში  დიდი ქოლგით, მეორეში კი   დიდი  ჩანთით, სადმე პატარა  სასტუმროს ეძებს. ადგილობრივი მცხოვრებლები, წვიმას შეფარებულნი, პატარა  რესტორნებიდან და მაღაზიებიდან დიდი ინტერესით ათვალიერებენ მას. ჯერ  წარმოდგენა არა აქვთ, რომ მათი უცხოელი სტუმარი აქაურ ადგილობრივ ენას    ბუნებრივად და თავისუფლად იყენებს. როცა მოუნდება, იტყვის ისეთ  რამეს, რომელიც მხოლოდ აქ დაბადებულ ადამიანს თუ მოუვა აზრად, მაგრამ  მისი უცნაური აქცენტი? ვინ მიხვდება, სადაურია Fluffy Foxy? მართლა აქ თუ იქ, იმ უცხო ქვეყანაში დაიბადა?  Georgia ჰქვიაო იმ ქვეყანას? თან ცოტა უცნაურად ლაპარაკობს ყველაფერზე. ვერ გაიგებ, მართალს  ამბობს  თუ  ხუმრობს;  ყველას  შეკითხვას მოთმინ-
ებით პასუხობს; არ იღლება, არ ელევა ეშმაკური  გაღიმება  და  თავგზას უბნევს  ყველას. ჰო,  მაგრამ მაინც  რანაირად ლაპარაკობს ასე მშობლიურად და ასე საყვარელი უცხო აქცენტით? ამ აქცენტზე ხომ ყველა გიჟდება. მზად არიან, სტუმარს ნებისმიერი სურვილი შეუსრულონ. ნეტავ, ვინ არის? თითქოს ციდან ჩამოფრინდა. მეთევზეები დღის   ბოლომდე დაბნეულები არიან. მათ დიდხანს ეყოფათ ეს ამბავი თავსატეხად. დასახლებაში გაიგეს: თურმე Fluffy Foxy დღეს არუგამის ყურეში  ჩამოვიდა და პალმის ფოთლებით გადახურულ  სასტუმროში დასახლდაო.
ყველაზე თამამი ბიჭები მეორე დილიდან კუდში დასდევენ, ყველა მეთევზეა, დაკოჟრილი ხელები აქვთ, გაუხეშებული ბადეების თრევით. Fluffy Foxy-ის არაფრის  ეშინია, მარტო სეირნობს გაწვიმებულ სანაპიროზე. ფარდულებიდან მეთევზეები  თვალს ადევნებენ. როცა მაგრად დასცხებს და ქოლგა ვეღარ იფარავს, რომელიმე  მეთევზის ფარდულს  შეაფარებს თავს.
ჰეიი, ცოტა ხნით მოვედი, სანამ წვიმა გადაიღებს... როდის გადიხართ სათევზაოდ? ხვალ, დილის 5 საათზე. ვის  შეუძლია  ყველაზე დიდი ცოცხალი  თევზი დამიჭიროს  და მაჩუქოს? დაველოდები თქვენს ნავს, ხვალ ისევ მოვალ აქ, 12 საათზე დაგხვდებით.   რომელი ნავით მიდიხართ?  აი, იმ დიდი ლურჯი ახალი ნავით. დიდი  ჭრელი თევზი ჩემთვის  არ დაგავიწყდეთ... ყველანი  გაოცებულები  უყურებენ თურმე  წიგნს  წერს და იმ  წიგნში ჩვენზეც დაწერსო.
ჩვენ ოკეანის შვილები ვართ, ოკეანე გვარჩენს. აქ დავიბადეთ და მისი ჩვევები, მისი ხასიათი ყველაფერი გვესმის. ოკეანე ხანდახან სასტიკია და  დაუნდობელი, მაგრამ ჩვენ ის მაინც ძალიან გვიყვარს. ყოველდღე  ნავებით შორს  მივდივართ, იღბლიან  დღეს უკან ბევრი თევზით ვბრუნდებით, ხანდახან ცარიელი ნავებით. მაინც არასოდეს ვიცით, უკან დავბრუნდებით თუ ვერა. ეგ ღმერთის ნებაა. ამიტომ ვცდილობთ,  ბოროტი საქმე არ ჩავიდინოთ, რომ უკან დაბრუნების შანსი გვქონდეს. თუ ბოროტ საქმეს  არ ჩავიდენთ, უკან აუცილებლად  დავბრუნდებით.
Fluffy Foxy-ის პალმის ფოთლებით გადახურულ სასტუმროში დილაადრიან საჩუქარი  დახვდა: მარჯნის ბღუჯა და ზღვის ვარსკვლავები, ეს იმ ბიჭმა გამოუგზავნა, რომელიც  ყველაზე გაბედულია მეთევზეებს შორის, ცდილობს Fluffy Foxy-ის გვერდით  ამოუდგეს, თან მის გასაგონად რაღაც სასაცილო სიმღერას ღიღინებს, ცდილობს,  ყველგან მისი გამცილებელი იყოს, სულ პალმის ფოთლებით დახურული სასტუმროს   ახლოს დახეტიალობს, იქნებ Fluffy Foxy-ის  სადმე  თვალი მოჰკრას. დღეს გაუმართლა,  გზაზე დაეწია, დიდი ქოლგა და წყლის ბოთლიანი ჩანთა გამოართვა და ფეხდაფეხ მისდევს. აქვე ახლოს დიდი  მწვანე კაკტუსების ბაღია, Fluffy Foxy იქ სურათების გადასაღებად მიდის. რა ლამაზი  ყვითელი ყვავილები აქვთ ამ კაქტუსებს... ერთი  მოწყვიტა, მაგრამ თითში ეკალი შეერჭო.
 „ალააჰ, ეს რა დაგემართა, მომეცი თითი. აბა, მაჩვენე, ძალიან გტკივა? ნუ გეშინია, შხამიანი არაა, ახლავე   ამოვაძრობ ეკალს“.
 Fluffy Foxy დგას და უყურებს ამ ბიჭს, რომელიც თავისი დაკოჟრილი თითებით  აცლის ეკალს  და მერე მოულოდნელად მის თითს ნაზად სუნავს. რას აკეთებ? ეგ რაღაა? არ მინდა შენი დახმარება.. Fluffy Foxy-ის უცებ გაახსენდა ამ ხალხის ენაზე კოცნისა და სუნვის აღმნიშვნელი მხოლოდ ერთი სიტყვაა: imbinava ნიშნავს, როგორც სუნთქვას,  ისე კოცნას. ახლა მიხვდა Fluffy Foxy, რომ ამ ბიჭმა ეკლის ამოძრობისას თითზე აკოცა, ღმერთო ჩემო, როგორ განრისხდა არც შენი ნაჩუქარი მარჯნები მინდა და არც შენი  დახმარება როგორ გაბედე და მომიახლოვდი. ახლავე წადი! ახლავე წადი-მეთქი...  დამტოვე და ახლოს აღარ მოხვიდე! განრისხებული Fluffy Foxy ფეხებს აბაკუნებს  ოქროს სილაში, საწყალი მობუზული მეთევზე კი ლუღლუღით მიდის: კარგი, წავალ, კარგი, როგორც  გინდა.
საღამო მოვიდა, ახლა ნაპირზე მხოლოდ დაღლილი ნავები ყურყუტებენ,  გათენებას  და თავიანთ პატრონებს ელოდებიან. მალე პალმების ხეივანში თენდება, ბრტყელი  ყვავილები - კიბორჩხალას კლანჭები წუხანდელი ნამით შეციებულები,  ღრუბლებიდან შემოპარულ დილის მზის სხივებზე თბებიან. პალმის ფოთლებით გადახურულ სასტუმროს ჭიშკრთან  ტუკ-ტუკტაქსი ჩერდება.
Fluffy Foxy არუგამის ყურიდან დღეს შორეულ ჯუნგლებში მიდის თავისი ძველი მეგობრების სანახავად... ისევ წვიმს, არუგამის  ყურე წვიმისფერია...

(გაგრძელება იქნება...)

ფიქრია აფხაიძე

21 კომენტარი.:

  1. ninoaka

    ძალიან მაგარია,მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე - ეს ხომ თვითონ ფიქრიას ნაწერია და მერი პოპინსი რატომ აწერია ავტორად?

  1. Fluffy Head

    The author of "არუგამის ყურე" is Fluffy Foxy Tail, not Mary Poppins.

  1. Madame Durova

    ფიქრო, მშვენიერი ნოველაა!!! ძალიან მომეწონა! გააგრძელე რაა!!!

    ნინოაკა - ბლოგში პოსტები ბლოგის პატრონის სახელით იპოსტება! ბოლოში ავტორი წერია და წარდგენა გაკეთებულია. ნუ ღელავთ! ფიქრიას ნაშრომის მითვისებას არავინ არ აპირებს :)))))))
    საერთობ ბლოგი პირადია, და ერთ კაცს ეკუთვნის, საიტი საზოგადოა. ამიტომ ბლოგში ყველაფერი მისი პატრონის სახელით იპოსტება. ასეა პროგრამა დაწერილი. აქაური გამოგონება არაა.

    პატივისცემით, ნათია ჯინჯოლავა

  1. Argabedo

    აი, ჩემო მერიკო, სულ გეუბნებოდი, ამდენს ნუ წერთ თორე შენს ბლოგს არავინ წაიკითხავსმეთქი. ამდენი კაცი წერთ და ჯერ არავის უკითხავს მერიკოს სახელით რატომ იპოსტებაო.ზნაჩიტ, არ გკითხულობენ. ვინც კარგად დაწერა და ვისიც წაიკითხეს, იმას გამომქომაგებელიც გამოუჩნდა!
    ახლა როგორც კაცმა უნდა ვიკითხო: ამ ფლექსი ფოქსმა ის მეთევზე მთელი დღე აბა, აბა და მერე რატომ გაუკვირდა რომ აკოცა? მე უფრო მეტს ველოდი. ჯერ თევზებზე დააგანეცა, მერე საჩუქრები გამოართვა, მერე ჩანთა აზიდინა, გაუცინა, გამოუცინა და რატომ მაკოცაო? რა საქციელია ახლა ეს!! კახეთში რომ ქართულად მoჟღურტულე ტაილანდელი გოგჩო ჩამოვიდეს და ყვავილების საკრეფად წამიყვანოს... უი, დედასა...

  1. Natia Jinjolava

    ოჰ, შე მართლა მავნევ! კოცნის გარდა ამ მშვენიერ მოთხრობაში ვერაფერი ნახე???? რამდენი მაცინე.

    ფიქრია, მადლობა, ძალიან კარგი რამეა. წარმატებებს გისურვებ!კაგად გამოგდის!გაგრძელებას ველოდებით!

  1. Mrs Pots

    რა კარგი ადგილებია! მეც მინდა!
    Fluffy Foxy კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ბლოგში!
    ისე, ჩემს სტატიებსაც მერი პოპინსი აწერია, მაგრამ ყველა ხვდება რომ ჩემია :) ყოველ შემთხვევაში, შენი კექსი გამოვაცხვთო აშკარად მე მეუბნებიან:)))))))

  1. Aunt Polly

    აბა, მაშინ მე რაღა ვთქვა - მერი პოპინსს, არათუ უნდა ვტუქსავდე, ყოველი ჩემი სტატიის დაპოსტვაზე ცოცხით უნდა დავსდევდე - ჩემს სტატიებსაც მისი სახელი აწერია! მოკლედ, იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა გავარკვიეთ, ამოვწურეთ და ავტორობის თემა დავხურეთ.
    ფიქრია, კეთილი იყოს შენი კალამი (ბატის ფრთა, BIC, კომპიუტერის კლავიატურა, ა.შ.) ჩვენს ბლოგში!

  1. Fluffy Head

    ჰა ჰა ჰა:) გმადლობთ ყველას სასიამოვნო კომენტარებისთვის და რაც მთავარია, მოხარული ვარ,რომ მერი პოპინსი ფოქსის საავტორო უფლებებს არ დაარღვევს.
    Argabedo-ს ვწერ პასუხად- რატომ არ ესმით კაცებს, რომ ყვავილების, თევზების ჩუქება, ბაღი, სურათები და ა.შ ქალისთვის შეიძლება მხოლოდ კომუნიკაციის სფერო იყოს. "აბა-აბა-აბას და ა.შ" რომ დააპირებს კაცი, ჯერ კარგად უნდა მიხვდეს- ქალი უბრალოდ "ლაპარაკით ერთობა" თუ მის მიმართ გულგრილი არ არის:)

  1. ninoaka

    ბლოგის სტრუქტურა კარგად ვიცი...საერთოდ,წესით, ბლოგში ავტორმა მარტო საკუთარი ნაწერები უნდა დადოს,ესაა ბლოგის მთელი არსი :)მაგრამ თუ მაინცდამაინც ამგვარი ბლოგი გსურთ,ესეც თქვენი ნებაა,რასაკვირველია, მაგრამ ბოლოში ავტორიც უნდა მიეთითოს,ისე,როგორც ახლა არის მიწერილი - ფიქრია აფხაიძე...უბრალოდ,ეს ადრე არ იყო,კარგი ქენით,რომ ახლა მიაწერეთ :)

  1. Natia Jinjolava

    მეგონა ფიქრიას პატივი ვეცით, ჩვენს ბლოგში მისი ნოველა რომ გამოვაქვეყნეთ. ასეთი გულშემატკივარი თუ იყავით და ბლოგებში ასე კარგად ერკვეოდით, მანამდე მიგეცათ მეგობრისთვის რჩევა და თქვენს ბლოგში გამოგექვეყნებინათ მისი მართლაც კარგი მოთხრობა რაც მეტ ადილას გამოქვეყნდება და რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს, უკეთესი იქნება. ბლოგს ერთი არა, შეიძლება რამდენიმე ავტორი ყავდეს, მაგრამ ადმინისტრატორია ერთი. ერთი მოთხრობისთვის ფიქრიას ადმინისტრატორის უფლებებს ნამდვილად ვერ გადავცემ :)
    და საერთოდ, ფიქრიას ყველა ულოცავს, ყველას უხარია და რატომ ცდილობთ მისი წარმატების გაფუჭებას და რაღაც ტექნიკურ საკითხებზე ყურადღებუის გადატანას?!

  1. Natia Jinjolava

    მადლობა, თქვენისთნა გულისხმიერი მკითხველების წყალობით ვართ სწორედ, თორემ ინტერნეტი რა იყო ეგ არ მეცოდინებოდა:)))))))))))
    მორჩით რა, ეს ფიქრიას გვერდია!
    საკუთარი ცოდნა სხვაგან აქეთ!

  1. Fluffy Head

    Marry Poppins ვთხოვ ტექნიკური საკითხების გამო ნუ ინერვიულებს, ჩვენ ნამდვილად არ გვინერვიულია ასე ღრმად ამ პატარა გაუგებრობის გამო. კმაყოფილი ვართ, რომ სხვადასხვა კომენტარები დადეს და გულღია წარმატებაც მისურვეს. მთავარია, რომ ბოლოში დააწერეს ჩემი გვარი და გაუგებრობაც მორჩა.
    მადლობთ ყველას
    საუკეთესო სურვილებით და დიდი ღიმილით
    Fluffy Foxy

  1. Natia Jinjolava

    ფიქრია, გულით გისურვებთ წარმატებებს! არ გინდათ lit.ge-ზე ატვირთოთ თქვენი ნოველა? ამ საიტზე კლასიკაც დევს და ახალი ნაწარმოებებიც და თან ძალიან ბევრი მკითხველი ყავს.

  1. Keti

    fluffy-ის დელფინები უყვარს ჩემსავით ძალიან და
    მას ადამიანებიც უყვარს, მაგრამ ყველას კოცნა შეიძლება არ ესიამოვნოს. ყველას ხომ არ აკოცნინებს.

    Keti (14 წლის)

  1. Unknown

    ეს წუთია, ჩემი მყუდრო ოთახიდან პირდაპირ წვიმისფერ არუგამიში აღმოვჩნდი, ოკეანის ტალღების ხმაური მესმის და თევზის სუნი მცემს... ყოჩაღ, Fluffy!!!

    არ შემიძლია, ასეც არ გითხრა:
    Mage daksa kella, oyage jaya - mage jaia!!!
    Apuuruyi!

  1. Ana

    ძალიან მომეწონა, ფიქრია. ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ემოციები მშვენივრადაა გადმოცემული. მოუთმენლად ველი გაგრძელებას!

  1. Fluffy Head

    ჰეიიიიიი, თამოოოოო, მოულოდნელი იყო შენი სინჰალური კომენტარი. შენ თვითონ ხარ ძალიან ნიჭიერი გოგო. საიდან გახსოვს ასე კარგად სინჰალა? როგორ მინდა შემეძლოს გაჩვენო იქაურობა.
    გმადლობთ, შენი გულწრფელი სიტყვებისთვის.

  1. Unknown

    როგორი ბუნდოვანი და უფერულია დღეს თბილისი, უცბად მოვხვდი ოკეანის სანაპიროზე, დავინახე ყველაფერი, რაც Fluffy-მ ნახა, გადმომედო მისი თავისუფალი სული, მინდა ჩემი გიდი იყოს შრი–ლანკაში.

  1. Carlos

    gamarjoba Pikria! zalian visiamovne sheni motxrobis cakitxvit! shoreuli jadosnuri mxareshi mamogzaure. stilisturad da leqsikitac gemrielad ikitxeba. veli gagrdzelebebs!

  1. Fluffy Head

    ცოტა ხანი დამელოდეთ ძვირფასო მკითხველებო
    ძალიან დაკავებული ვარ და აუცილებლად დავწერ გაგრძელებას, დრო მომეცით. მაისში აუცილებლად იქნება.ამ თვეში სხვა საქმეებს ვაკეთებ.

  1. Anonymous

    მე მართალია შენი ღირსი ვერ გავხდი, მაგრამ ყოველთვის მხურვალე გულით მეყვარები...ყველა შენი წარმატება ძალიან მიხარია

Post a Comment