14.3.11
აღმოსავლური სურნელების შესანიშნავი შვიდეული
Approved byალბათ ბევრმა არ იცის, რომ სახელგანთქმული „აბრეშუმის გზის“ გარდა სხვა, არანაკლებ ცნობილი და მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტებიც არსებობდა, რომლითაც ძველი ცივილიზაციების ტერიტორიები იყო დაქსელილი: „მეფეთა“ (Via Regia), „საზღვაო“ (Via Maris), „სუნელების“ და „კეთილსურნელების“ (ანუ „საკმევლის“) გზები.
ანტიკური გეოგრაფები არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, სადაც დღევანდელი იემენი მდებარეობს, „ბედნიერ არაბეთს“ უწოდებდნენ. „კეთილსურნელების გზა“ სწორედ აქ იწყებოდა, მთელ უდაბნოს კვეთდა და ნაბატეველთა დედაქალაქის, პეტრას გავლით წითელ ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქების, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისკენ მიემართებოდა.
სწორედ ამ სავაჭრო გზას ადგნენ აფრიკასა და არაბეთის ქვეყნებიდან მომავალი სუნელ-სანელებლებითა და ნელსაცხებელ-კეთილსურნელებით დატვირთული ქარავნები. არომატული ნივთიერებები ძირითადად რელიგიური რიტუალების შესრულების დროს გამოიყენებოდა, თუმცა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხმარობდნენ, როგორც ჰაერის არომატიზატორს თუ პარფიუმერიის კომპონენტს.
უძველესი კეთილსურნელებები ჩვ.წ.აღ-მდე მესამე ათასწლეულით თარიღდება. მდ. ინდის ხეობის ბუნება ძალიან უწყობდა ხელს სხვადასხვა არომატული ზეთების მოპოვება-წარმოებას და ხარაპას და მოხენჯადაროს გათხრებისას ნაპოვნი თიხის ჭურჭელი სწორედ იმას მოწმობს, რომ ოდესღაც მასში სურნელოვან ნივთიერებებს ინახავდნენ.
აი, იმდროინდელ ეგვიპტეს არ გაუმართლა - ღმერთებმა ფლორით მდიდარი ბუნება არ უწყალობეს და ეგვიპტელები იძულებულნი იყვნენ, სურნელები მეზობელი ქვეყნიდან, პუნტიდან (დღევანდელი ეთიოპია) ხან პატიოსანი ვაჭრობით და ხანაც ძალის გამოყენებით მოეპოვებინათ. არადა, არომატულ ნივთიერებებს, გარდა იმისა, რომ ღვთისმსახურებისას წვავდნენ, პარფიუმერიაშიც იყენებდნენ და ბალზამირებაშიც. სხვათა შორის, პირველებმა სწორედ ეგვიპტელებმა შენიშნეს კეთილსურნელების კიდევ ერთი, ანტიმიკრობული თვისება და მათი კმევა ხალხმრავალ ადგილებში დაიწყეს. პირველი სუნამოს შექმნასაც (რომელიც 16 კომპონენტისგან შედგებოდა) ეგვიპტელებს უნდა ვუმადლოდეთ.
ჩვ.წ.აღ-მდე პირველ ათასწლეულში კეთილსურნელების მოპოვების „ცენტრმა“ არაბეთის ნახევარკუნძულზე გადაინაცვლა - ხადრამაუტმა, საბამ და კატაბანმა არომატების გაყიდვაზე თავისებური და მკაცრი კონტროლი დააწესეს. არომატული ნივთიერებები ოქროს საზომი ერთეულით „მისხალით“ (4,5-4,8გრ) იწონებოდა და ოქროს ფასიც ღირდა.
კეთილსურნელებთან განსაკუთრებული სიყვარული ძველ ბერძნებს აკავშირებთ, რომლებსაც ღრმად სჯეროდათ, რომ არომატული ნივთიერებები ღმერთების გამოგონებაა. სურნელებმა თანდათანობით ტაძრებიდან ელინურ სახლებშიც გადმოინაცვლა: გაჩნდა სხვადასხვა არომატები ტანსაცმლისთვის, სხეულისთვის და თმისთვისაც კი! ეს სიყვარული ელადამ ანტიკურ რომს გადაულოცა, სადაც არომატულ ნივთიერებებს სასმელშიც ურევდნენ და დასაბან წყალშიც ამატებდნენ, სნეულებს სურნელოვანი კვამლით მკურნალობდნენ, ხოლო იმპერატორების ბრძანებით, „მდაბიოთა სიმყრალის ჩასახშობად“ იმ ქუჩებზეც ყრიდნენ, სადაც მის უზენაესობას უნდა გაევლო.
ვარდის წყლის გამომგონებლად სპარსეთი მიიჩნევა, სადაც 1300 წლის წინ ასეთ წყალს სხეულზეც იპკურებდნენ და თავის ტკივილსაც და უძილობასაც მკურნალობდნენ.
ჩინეთში არომატებს ქაღალდსა და მელანში ურევდნენ და მარაოების ტარებსაც სურნელოვანი სანდალოზის ხისგან ამზადებდნენ. ინდოეთში იგივე სანდალოზს მიცვალებულთა დასაწვავ კოცონში ყრიდნენ. იაპონიაში სურნელოვანი ჩხირების მოხმარება სულაც ხელოვნებას გაუტოლდა - სკოლები, სადაც სურნელების სწორად დაწვის წესებსა და ამ დროს შესასრულებელ სარიტუალო ცეკვას ასწავლიან, დღესაც არსებობს.
შუა საუკუნეების ევროპაში არომატულ ნივთიერებებს რელიგიური დატვირთვასთან ერთად, ფსევდოჰიგიენური ფუნქციაც დაეკისრა: დიდგვაროვნები და რაინდები ტანის დასაზელად (და უსიამოვნო სუნის ჩასახშობად) იყენებდნენ.
ერთი სიტყვით, კეთილსურნელებანი კაცობრიობის თანამგზავრია. ისინი განსხვავებული, მცენარეული ან ცხოველური წარმოშობისაა და ნებისმიერი მათგანის მოპოვება, შეგროვება თუ წარმოება ბევრ დროს და იმდენად ფაქიზ შრომას მოითხოვს, რომ მაღალი ფასი გასაკვირი სულაც არ არის. სურნელების გრძელი სიიდან რამდენიმე, ყველაზე კეთილშობილსა და სახელოვანს გადავხედოთ.
გეხსომებათ, რომ ძღვენი, რომელიც მოგვებმა ახალშობილ იესოს მიართვეს, ოქროსთან ერთად, კეთილსურნელებსაც - საკმეველსა და მურს (სმირნას) შეიცავდა. ეს ორი არომატი ხშირად, ლეგენდებსა და თუ რეალობაში, განუყოფელია.
ძველ ეგვიპტეში იზიდას პატივსაცემად დაკლულ ხარს საკმევლით და მურით ავსებდნენ და წვავდნენ. იმავე ეგვიპტეში, ჰელიოპოლისში, მზის ღმერთის რას საპატივცემულოდ სურნელებს დღეში სამჯერ წვავდნენ: განთიადზე - ქარვას, შუადღეზე - მურს, მწუხრისას - კიფის (საკმევლისა და სხვა სურნელების რთულ ნაზავს).
საკმეველი - გარკვეული ჯიშის ხის ფისი, რომელიც იემერში, ომანსა და სომალიში იზრდება. თებერვალ-მარტში ამ ხის ქერქს სერავენ და იქიდან თეთრი ფერის სითხე გამოდის (სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ევროპულ ენებში შესული სახელწოდება „ოლიბანუმი“ - „ალ ლუბან“ არაბულად „რძეს“ ნიშნავს). შეგროვებული საკმეველი ორგვარია: ნარჩევი (ღია ყვითელი ან მოვარდისფრო წვეთის ფორმის მომცრო ნატეხები, რომლებსაც სასიამოვნო სუნი და მომწარო გემო აქვთ) და ჩვეულებრივი (ნაკლებად წმინდა, მუქი ფერის მოზრდილი ნატეხები).
საკმეველთან დაკავშირებული ლეგენდა მზის ღმერთისა და მისი რჩეულის ლევკოტოეს ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს, ხოლო საკმევლის დოკუმენტური აღწერა ჰეროდოტესთან გვხვდება, რომელიც გვიამბობს ბაბილონში აგებულ ოქროს საკურთხევლიან ვაალის ტაძარზე, სადაც ყოველდღე წარმოუდგენელი ოდენობის წმინდა საკმეველს აკმევდნენ.
მური, ანუ სმირნა (არაბ. „მურ“ – „მწარე“) - აფრიკული და არაბული ჯიშის ხეებისგან მიღებული ძვირადღირებული ფისი, რომელიც მედიცინაში (ანგინის, კბილის ტკივილის დროს, აგრეთვე ინჰალაციებისას) გამოიყენებოდა. ძველბერძენი მეომარი საბრძოლველად ისე არ წავიდოდა, თან მურის იარების მოსაშუშებელი მალამო რომ არ წაეღო. მართლაც, ამ ფისს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
გადმოცემის თანახმად, ამ სურნელის პირველი მომპოვებლები მწყემსები იყვნენ, რომლებმაც თხის ბეწვზე მიკრული მურის შეგროვება დაიწყეს. თუმცა მურის ხესთან დაკავშირებით ოვიდიუსის მიერ გადმოცემული რომანტიკული და ნაღვლიანი ლეგენდაც არსებობს კვიპროსის მეფის ასულის უბედურ სიყვარულზე, რომელიც ხედ გადაიქცევა, ხოლო მისი ცრემლები - სურნელოვან ფისად.
გუნდრუკი (ბერძ. „ფუმიამ“ - „ვწვავ, ვაკმევ“) - საკმევლის მსგავსად, ესეც სურნელოვანი ფისის ნაირსახეობაა, რომელიც ბევრი ქვეყნის ისტორიულ თუ კულტურულ ტრადიციებში გვხვდება. გამონათქვამი „ღმერთებს კეთილსურნელება უყვართ“ ეგვიპტელებს ეკუთვნით და გუნდრუკიც მათი „გამოგონებაა“ - მას ღმერთების მოსაზიდად და გულის მოსაგებად ტაძრებშიც, სახლებშიც და საქმიანი შეხვედრების დროსაც კი (მოკლედ, ყველგან და ყოველთვის) აკმევდნენ.
სანდალოზი - ტროპიკული ხის ნაირსახეობა, მისგან მიღებული ზეთი ფართოდ გამოიყენებოდა პარფიუმერიაში, კოსმეტიკასა და მედიცინაში, ამჟამად მხოლოდ არომათერაპიაში გამოიყენება. ინდოეთში მე-9-10 საუკუნეებში იცოდნენ 6-10მ სიმაღლის ხის მერქნიდან ეთერზეთის მიღება-გამოხდა, ევროპაში ეს არომატული ნივთიერება ხუთი საუკუნით გვიან აითვისეს, ხოლო ევროპულ პარფიუმერიაში მისი გამოყენება მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყეს.
სანდალოზის მერქნისა და ზეთის ძირითად მიმწოდებლად ტრადიციულად ინდოეთი ითვლებოდა, თუმცა ამ ჯიშის ხის მასობრივი განადგურების თავიდან ასარიდებლად, სანდალოზის ექსპორტი ინდოეთიდან ამჟამად აკრძალულია და ამჟამად ამ ხის მოყვანა-განაშენიანება ავსტრალიაში ხდება.
ამბრა (არაბ. „ანბარ“ – „ამბრა, არომატი“) - წარმოადგენს კაშალოტის საჭმლის მომნელებელ სისტემაში წარმოქმნილ მყარ აალებად ნივთიერებას, რომელიც ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში (იშვიათად მედიცინასა და ჰომეოპათიაში). კაშალოტის ცხოველქმედების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება ზღვის მლაშე წყლისა და მზის სინათლის ზემოქმედებით თანდათანობით მყარდება და შავი ფერიდან ყავისფრად ამ ღია ნაცრისფრად იქცევა. ამბრის ნატეხი შეიძლება რამდენიმე გრამსაც და ათეულობით კილოგრამსაც იწონიდეს: 1942 წელს კუნძულ მადერას ნაპირთან მოპოვებული ყველაზე დიდი ნატეხის წონა 340კგ-ს აღწევდა. ამბრა ჩვენთვის ნაცნობ იერსა და სურნელს ხანგრძლივი პროცესის შემდეგ იღებს: ზღვიდან ამოღებულს, ჯერ 2-3 წლის მანძილზე აშრობენ, მერე დაახლოებით ამდენივე ხანს სპირტში აჩერებენ (სხვათა შორის, ფრანგული პარფიუმერები ყველაზე მეტად იმ ოქროსფერ ამბრას აფასებენ, რომელმაც ზღვაში ასზე მეტი წელი გაატარა).
ამბრის ბაზაზე დამზადებულ პარფიუმებს შორის პირველად ითვლება 1925 წელს შექმნილი Guerlain-ის „Shalimar“, მას მოჰყვა Chanel N5 (Chanel), „L’interdit de Givenchy“ (Givenchy), “Cerruti 1881” (Cerruti), “Dune” (Dior), “Tresor”, “Magie Noir”, “Miracle” (Lancome), “Paris” (YSL), “Must de Cartier” (Cartier) და სხვა უამრავი ცნობილი და აღიარებული სუნამო.
მუშკი (ბერძ. „მუსკუსი“ - ჩლიქოსანი ცხოველი კაბარგი) - ზოგიერთი ცხოველის (ზემოხსენებული კაბარგის, თახვის და სხვ.) ჯირკვლების მოქმედების პროდუქტი (თუმცა მუშკი მცენარეული წარმოშობისაც არსებობს - ეს ნივთიერება გარკვეული მცენარეების ფესვებში გვხვდება). ახლო აღმოსავლეთში მამაკაცებს შორის ყველაზე პოპულარული არომატი, რომელსაც პატივს ძველი ეგვიპტელებიც სცემდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მუშკი მამაკაცური ძალის აღმდგენია და ხელს ინტიმური პრობლემების მოგვარებასაც უწყობს. შუა საუკუნეების ცნობილი ექიმი იბნ სინა (ავიცენა) ამ ნივთიერებას ფართოდ იყენებდა მედიცინაში და თვლიდა, რომ მისი გამოყენებით სხვადასხვა დაავადებების (თავის ტკივილის, კრუნჩხვების, ისტერიის, უძილობის, სკლეროზის) მორჩენა და სმენისა და ყნოსვის მოშლილი ფუნქციების აღდგენა შეიძლება.
ვინაიდან მუშკის მოპოვება ადრე მხოლოდ სათანადო ცხოველის მოკვლით შეიძლებოდა (ერთი კილოგრამი მუშკის შეგროვებისთვის 30-50 კაბარგის დახოცვაა საჭირო), ამან კი ეს სახეობა გადაშენების პირამდე მიიყვანა, ქიმიკოსებმა და პარფიუმერებმა თავი იმტვრიეს და სხვადასხვა ტიპის ნიტროგლიცერინული მუშკის მიღება ისწავლეს, რომელმაც პარფიუმერიაში ბუნებრივი მუშკი ნელ-ნელა ჩაანაცვლა. ასეთი ხელოვნური მუშკის ბაზაზეა დამზადებული სუნამო „Tresor“ (Lancome).
ბახური (არაბ. „ბახურ“ – „ვაკმევ“) - ისლამურ სამყაროში ძალიან პოპულარული კეთილსურნელება, რომელიც რელიგიური რიტუალების დროსაც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ფართოდ გამოიყენება. შუა საუკუნეებიდან ფართოდ გავრცელდა ევროპაშიც. ტრადიციული ბახური წარმოადგენს სხვადასხვა არომატული ნივთიერებების ნაზავს, ან მუშკითა და პაჩულით ზეთით გაჟღენთილი სანდალოზის ხის პატარ-პატარა ნატეხებს.
კეთილსურნელებათა „ასორტიდან“ ყველაზე ცნობილი და პოპულარული „შვიდეული“ შემოგთავაზეთ. არომატების მაგიურ, დამაწყნარებელ და სამედიცინო თვისებებს თავი დავანებოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სურნელი სახლს სიმყუდროვეს შემატებს, თქვენ კი გუნება-განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ. თუ არ გჯერათ, სცადეთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
P.S. მე ხომ ვიშრომე და ოფლში გავიხვითქე,
ბარაქალა, თუ ბოლომდე წაიკითხეთ!
2 კომენტარი.:
საინტერესოა,სწორედ ახლახანს გამიტაცა ეთერზეთებმა და ძალიან მაინტერესებს მისი მიღების ზუსტი ტექნოლოგია სახლის პირობებში..ან თბილისში სადმე არ იყიდება ნამდვილი ეთერზეთები?
Ძალიან საინტერესოა.
Post a Comment