23.3.11
უწიგნურთა უმეცრება და „წიგნიერთა“ სიბრიყვე
Approved byრამდენიმე წლის წინ, ჩემი ძმა და მისი მეგობრები (სკოლა, ის-ის იყო, დაამთავრეს) მესტუმრნენ და ბაქი-ბუქით წამეტრაბახნენ, ერთ-ერთ ბარში ვიღაც მაგარი „ნაშა“ როგორ ოსტატურად „დაკერეს“. ასეთი რა ჰქენით-მეთქი, დავინტერესდი. მოდურ ბარში მსხდარან, გვერდით მაგიდასთან ვიღაც სიმპათიური გოგო იჯდა. მისი ყურაღების მისაქცევად ყმაწვილებმა ხმამაღალი საუბარი გააბეს და ერთმანეთს გასულ ზაფხულს ვენეციაში წარმოსახვითი მოგზაურობის ამბებს ახსენებდნენ. ოინმა გაჭრა და გოგონამ ბიჭების მაგიდასთან გადმოინაცვლა. აი, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო. ეშხში შესული „ნორჩი მოგზაურები“ გოგოს თავს აწონებდბენ და აზარტით მოუთხრობდნენ, რომ თურმე ერთ დღეს ვენეციაში „იქაური ნავით“ სეირნობდნენ, ამ დროს რომელიღაც აივნიდან მომხიბვლელმა იტალიელმა ქალმა გადმოჰყო თავი და ბიჭებს „ფიესტა, ფიესტა“ დაუძახა. ჩემი ძმა ფეხზე წამოხტა, ნავში შემთხვევით აღმოჩენილი ყვავილების თაიგული ქალს სტყორცნა და ამ ჩოჩქოლში წყალშიც გადავარდა. არ დაიბნა, წყლიდან თავი ამოყო და ქალს მხიარულად შესძახა: „სიესტა, სიესტა!“-ო. ქალთან ერთად ის დღე როგორ გაატარეს, აღარ მოვყვები, მაგრამ ფაქტია, რომ ტყუილმა შედეგი გამოიღო - ქართველი გოგონა, ვენეციელ ქალს თავი რომ მოაწონეს, ისეთ ვაჟკაცებს, აბა, როგორ დაიწუნებდა?!
ბევრი ვიცინე და „ახალბედა კაზანოვებს“ მერე მოვუყევი, სინამდვილეში რა მოხდა: მათი ნაამბობის მიხედვით, ბიჭები გონდოლათი სეირნობდნენ, ვენეციელმა ქალმა რატომღაც ესპანურად მიაძახა: „დღესასწაულიო“, ანუ „მოდით, ბიჭებო, კარგად გავერთოთო“. ვენეციური არხის ბინძურწყალნაყლაპმა ჩემმა ძმამ კი აღტაცებულ ქალს, ასევე ესპანურად „რა დროს ეგაა, წადი ქალო, დაიძინე“, უპასუხა („სიესტა“ ხომ შუადღის ძილია). სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერც ჩემი ძმა და ვერც მისი მეგობრები და, მით უმეტეს ქართველი გოგონა, უკვე „გასაერთაშორისოებულ“ ტერმინებში მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ ერკვეოდნენ.
ბავშვების რა მიკვირს, ეს გაუგებრობა მათ უმწიფრობას დავაბრალოთ. არაერთი ე.წ. „ინტილიგენტი“ ვიცი, „გენოკოლოგთან“ „შიკოლათით“ და „კანიაკით“ ხელდამშვენებული რომ მიდის. „კალიდორი“ და „მანიქაშიც“ არაერთხელ გექნებათ გაგონილი. ბევრი მოდასაყოლილი იურისტისგან მსმენია, „ცივილიზებულს“ (განვითარებულს) „ცივილურში“ (სამოქალაქოში) რომ ურევს და, ვერავინ დამაჯერებს, ამ ტერმინების მნიშვნელობა რომ არ იცოდეს, უბრალოდ, „რუსთავი-2“-მა ხელის ერთი მოსმით სიტყვები: „ცივილური“ და „ფოიერვერკი“ დაამკვიდრა. ნეტავ ასეთი ენთუზიაზმით მართლა საჭიროსაც ვსწავლობდეთ! ალბათ „შამპანიურის“ მოყვარულებსაც იცნობთ, ახლობლები „რეამინაციაში“ რომ უწევთ, ან „წალამალა“ თავი სტკივათ... და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი შესანიშნავი სიტყვა „გვქონია“: სამსე, სტაიანჩიკი, ბასანოჭკი, კასტუმი, კასტრული, მარშუტკა, "ნაპალეონი"... „მანქნების“ მარკებს არ იკითხავთ? „ბენვე“, „რენაულტი“, „პეჟოტი“, „ლამბორჯინი“, „ხა-5“ და სრულიად შედევრი და ჩემპიონი - ვიღაცამ ინგლისური „Jeep“-ი, კაცმა არ იცის, რა ენაზე, მაგრამ „ლეერად“ წაიკითხა და „მუავტო.ჯი“-ზე დადო გასაყიდად. ადამიანმა უცხო ენა რომ არ იცის და ზოგიერთი სიტყვის დაწერილობაში ვერ ერკვევა, დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ არც იმით დაშავდება რამე, ასეთ შემთხვევაში თავი რომ არ გაიმასხრო და ვინმე მცოდნეს ჰკითხო.
ერთხელ ერთმა მეგობარმა ფრანჩესკო როზის „კარმენი“ მომიტანა. ჩვენც სიამოვნებით ვუყურებდით. ხელოვნებათმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტი შემოგვესწრო და ფილმის მსვლელობამ ჩაითრია. გოგოს ეჩქარებოდა, წასასვლელი იყო და შეგვეხვეწა: „მითხარით რა, როგორ მთავრდებაო“. მერიმე რომ წაკითხული არ გაქვს, არც ამით ფუჭდება რამე, მაგრამ ხოსემ რომ კარმენი მოკლა, უნდა იცოდე და „ჰაბანერა“ მაინც უნდა გქონდეს მოსმენილი. და, კარგი ბატონო, ნუ გეცოდინება ოპერის ავტორი ვინ არის.
ვან გოგის მზესუმზირების დანახვისას, ერთი ჩემი ნაცნობი ისტორიკოსივით არ უნდა ჰკითხო რეპროდუქციის პატრონს, ტილო მისი დახატული ხომ არ არის და „ვან გოგენზეც“ არ უნდა გიჟდებოდე. ამაზე დოსტოევსკის საბრალო „იდიოტი“ გამახსენდა, ერთმა ჩვენმა „светская львица“-მ საქვეყნოდ ამაყად რომ განაცხადა: მართალია, ქართულ კლასიკას არ ვიცნობ, მაგრამ მამაჩემმა ევროპულ შედევრებს მაზიარა და დოსტოევსკის „კრეტინი“ წაკითხული მაქვსო. ერთ სკოლაში საახალწლოდ „მაკნატუნაზე“ დასასწრები ბილეთები დაარიგეს. მასწავლებელმა მშობლებს დაურეკა: „ნინო ანანიაშვილი მონაწილეობს და ბავშვი აუცილებლად წაიყვანეთო“. ერთ-ერთმა მშობელმა იკითხა, ეგ რომელ თეატრშია და ვინ თამაშობსო.
შეიძლება კითხვა არ გიყვარდეს და სწავლით თავს არ იკლავდე, მაგრამ ზოგადი განათლების ნასახი მაინც აუცილებლად უნდა გქონდეს. საღამოობით ოჯახური საუბრებიდან, ტელევიზორიდან, ფილმებიდან და თუნდაც ინტერნეტიდან ის მაინც უნდა იცოდე, რომ მთვარე პლანეტა კი არა, თანამგზარია; პირამიდები ეგვიპტეში დგას; ოტელო მავრია; „ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველმა დაწერა; ჰამლეტის მონოლოგების მადლიერი მსმენელი საბრალო იორიკის თავის ქალაა; ოპერაცია „ვალკირია“ მარტო ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება კი არ იყო, ვაგნერის სახელგანთქმული ოპერაა და საერთოდ, ასე მითიურ პერსონაჟებს ერქვათ; შტრაუსი რომ ორი იყო; მიქელანჯელო, რაფაელი, დონატელო და ლეონარდო კი, სანამ მუტანტ კუ ნინძებად იქცეოდნენ და ქვეყნის გადარჩენით დაკავდებოდნენ, წინა ცხოვრებაში ხანდახან ხატავდნენ კიდეც და ა.შ....
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
3 კომენტარი.:
"დიახ დიახ მე ძალიან ბევრს ვკითხულბ და მაგალითად აი დოსტოიევსკი ჩემი უსაყვარლესი მწერალია, განსაკუთრებით "კრეტინი" მიყვარს." ვერ წარმოიდგენთ რამდენჯერ გამიგია ეს თანამოსაუბრისგან.
დავანებოთ თავი დოსტოიევსკს. ჩემი მეგობრები მისაღებ გამოცდებზე:
(ასე თუ ისე მომზადებული) –აუ ბიჭო შპარგალკები კი არ მაქვს და ნეტა რა თემები მოვა?
(ჭკვიანი)– სამაგიეროდ მე ყველა მწერილს მაქვს, თუ რამე შენც მოგცემ.
(ასეთუ ისე მომზადებული)–აუ ჯიგარიხარ ძმაო, აჩრდლის აზრზე არ ვარ და ეგ თემაც გაქვს ?
(ჭკვიანი)– ე...მოიცაააა ... აჩრდილი ვინღაა????
sagol meri:) chventan dzalian ishviatad tu vinmem ar icis saqartveloshi dabadebuli gamochenili mamulishvilis arseboba, sheidzleba ar icodes ras warmoadgenda:)) piradad mec an ar miswavlia an uinteresobis gamo damaviwyda an siberis bralia an kide sxva ramis magas ukve mnishvneloba ara aqvs:) qartvelebs gvixaria tu vinmes chvenze uvics vipovit da esetebi magalitistvis berdznebi arian, me rac gamigonia, magalitad didma nawilma ar icis pitagora vin iyo, ar ician makedoneli vin iyo:)) etyoba sxva rameshi arian magrebi. kide vici dzalian bevri gamochenili adamiani sxvadasxva propesii, romlebmac aseve dzalian ubralo saqveynod cnobili ragaceebic ki ar ician.
zogadi ganatleba dzalian zogadia:) aris moduri ganatleba, aris enciklopediuri ganatleba, aris kide ganatleba imisa rac gexeba, yvelapers ver gawvdebi:)) bevr rameshi getanxmebi, sityvebis damaxinjebas rac sheexeba eg ukve katastrofaa,
pizikurad tbilisshi rom arian da mentalitetit shors, swavla ganatlebas alternativa ara aqvs,
ki ara da umecreba borotebaa. magalitad maknatuna 1 kviris win gavige, rom txilis samtvrevze yopila:))) kargia gaunatleblobis winaagmdeg tu kvlav gailashqrebt da uvicoba tu sircxvili iqneba:)))) sposibo
ეს თემა ძალიან აქტუალურია და ალბათ ამ დროისთვის " ზოგადსაკაცობრიოც", თუმცა ბევრი არ იწუხებს მაგაზე ფიქრით თავს.
მართალია, უმეცრება ბოროტება, მაგრამ განათლება მიღებული ბოროტები და დაბოღმილებიც არ აკლია ჩვენს საზოგადოებას, თან მგონი, გაცილებით საშიშები არიან.
Post a Comment