აივანზე შემოპარული მარტის თვე

Approved by Natia Jinjolava

კლემატისი

აღარ და აღარ გვეღირსა დათბობა. ცოტათი მაინც, ისე, რომ აივანზე სიამოვნებით  გავჩერდე და ჩემი საყვარელი მწვანე მობინადრეები მოვიკითხო. ამ ერთი თვის განმავლობაში უთოვლო და თბილი ზამთრის ნახევარის შემდეგ კი აცივდა, მაგრამ არც ისე, რომ ჩვენს კლიმატში პატარა მინუსზე საკმაოდ ყინვაგამძლე აივნის მცენარეები შემეფუთა. გაზაფხული თავისას შვება და პირველი ფოთლებიც გაშალა მხვიარა ვარდმა, ბოლქვოვანებმა.  ღიად  დატოვებულებმა,  ზამთარი  გადასარევად გადაიტანეს შარშან დარგულმა პეტუნიამ და კალენდულამ, მეორე წელია საკუთარ მაგალითზე ვამტკიცებ, რომ არაჰიბრიდული პეტუნია, (რომელიაც იმით განხვავდება, რომ თესლს იკეთებს და მის მეშვეობით წლიდან წლამდე მრავლდება) შესანიშნავად იზამთრებს და მეორე წელსაც ისევე ყვავის, როგორც პირველ.
რა შეიძლება გაკეთდეს მარტი-აპრილის პერიოდში ღია გრუნტში აივნის მასშტაბით?
პეტუნიები
შეგიძლიათ ჩარგოთ დიდ და ღრმა ქოთნებში ან ყუთებში ყველა მცოცავი და მხვიარა აივნის დამამშვენიერებელი მცენარე, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში ახალ-ახალ ტოტებს, ყლორტებს გამოიღებს  კედლებზე და ჭერზე მოსაჭიდად. სანამ ახალჩარგულია ანდა უკეთესი, სულაც მათ შეძენამდე, გადაწყვიტეთ, სად დააბინავებთ სასურველ ყვავილს, არა მარტო რომელ კუთხეს დაუთმობთ მას, არამედ როგორ „დააკვალიანებთ“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველა მსგავს მცენარეს ესაჭიროება საყრდენი, ახალი ტოტებისთვის  მიმართულების მიცემა და მათი დაფიქსირება. დანამდვილებით შემიძლია გაცნობოთ, რომ მცოცავ-მხვიარებიდან საკუთარი თვალით მაქვს ნანახი: სუროს 2-3 ჯიში, გლიცინია, ტეკომა და კლემატისი, ოღონდ გამყიდველს ჯიშს ნუ ჰკითხავთ, ინტრიგანობაში ჩაგეთვლებათ. საუკეთესო პასუხი, რაც მიმიღია, „შვილო, იცი რომელი ჯიშია? მთელი ზაფხული ყვავის“.
ადრე გაზაფხულზე საუკეთესო დროა დარგოთ სხვადასხვა წვრილი ბუჩქი იმ პირობით, რომ ფესვები დახურული აქვს.

ტორფ-ნეშომპალის ქოთნები

არ დაგავიწყდეთ, თუ ჩემსავით თებერვალში დათესეთ რამე, მარტის ბოლოსთვის გადასარგველად მზად იყავით.  ყვავილების  ჩითილის პიკირება ორი ნამდვილი ფოთლის სტადიაში ხდება. თითო-თითოდ ნაზად ამოიღეთ მიწიდან და უფრო დიდ ქოთანში გადარგით მარტო ან ჯგუფთან ერთად. გადასარგველად საუკეთესო ტორფ-ნეშომპალას ქოთნებია. რამდენი წელია ვიცი, რომ საუკეთესოა და ამდენივე წლის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი. წელს კი შემთხვევით მივაკვლიე, არა მხოლოდ ორი ზომის აბსოლუტურად ორგანული შემადგენლობის ქოთნებს, არამედ მათ მწარმოებელ ფირმასაც. მივაღწიეთ იმას, რომ ეს წვრილმანი საქართველოში მზადდება. ვაშა და დიდება!
გლიცინია
თუ რამის დათესვა გსურთ, აპრილის ბოლომდე თავისუფლად მოასწრებთ. ოთახის ყვავილებში ნიადაგის გამოცვლა, სასუქის შეტანა, მიწის ზედა შრის სისტემატირური გაფხვიერება, დაფესვიანება, მთელი გაზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ.
მომზადებული ტოტების, ფოთლების ნაწილი წყლი გარეშე, პირდაპირ ნოტიო მიწასა ან სილაში შეგიძლიათ დააფესვიანოთ. ესენია: კრასულა (ფულის ხე), მისნაირი სუკულენტები (სქელი და წვნიანი ფოთლებით მაგ. კალანჰოე, ნემსიწვერა ან პელარგონია, ზოგიერთი ბეგონია, და ა.შ.)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment