27.3.11
ალუბლის კექსუნია იოგურტითა და ალუბლით
Approved byსიმსუნაგემ შემიპყრო და მთელი დღე რაღაც განსაკუთრებულ და ახალ ტკბილეულს დავეძებდი. ჩემმა შვილმა ოჯახში შოკოლადის მთელ მარაგს მუსრი რომ გაავლო ისევ კექსუნიების გაკეთება განვიზრახე. ჩემში ექსპერიმენტატორის სულმა გაიღვიძა და ძველი რეცეპტი შევცვალე. მაცივარი გამოვიკვლიე და აღმოჩენილი პროდუქტებით ვისარგებლე.
ავიღე 4 საშუალო ზომის კვერცხი (დიდი სამიც გეყოფათ), დავამატე 2,5 ჭ შაქარი და ვთქვიფე გოგლი-მოგლის გათეთრებამდე, მერე ამ მასას დავუმატე ვანილი (გემოვნებით), 1 ქ მაწონში (500გ) გახსნილი 0,5 ჩ/კ სოდა, კარგად რომ გაფუვდა დავუმატე სახლში შემთხვევით აღმოჩენილი ალუბლის იოგურტი (ჩვეულებრივი, პატარა), რომლის ცოცხალმა ალუბლებმაც ნამცხვარს განსაკუთრებით სასიამოვნო გემო მისცა. ცეცხლზე გავადნე 100 გ კარაქი და სანამ ცივდებოდა, მოვხალე 100 გ თხილი. თხილი დავჭერი და კექსზე ზემოდან მოსაყრელად გავამზადე.
ამასობაში გაციებული კარაქი ჩავუმატე ძირითად მასას, კარგად ავთქვიფე და ფქვილის ჯერიც დადგა. ცომი სქელი არაჟნის სისქე უნდა გამოვიდეს. მერე ფორმები შევაკარაქე, და ცომი ჩავასხი ფორმის ზუსტად ნახევარ სიმაღლემდე. ზემოდან მოვაყარე თხილი და წინასწარ გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით შევდგი. ცხობის დრო ფორმის ზომაზეა დამოკიდებული, მაფინის ფორმებში 15 წუთში ცხვება, დიდ ფორმაში რასაკვირველია, უფრო მეტი დრო უნდა.
ძალიან გემრიელი გამოვიდა. ალუბლის იოგურტი არ დაგავიწყდეთ! 2 ცალს თუ დაუმატებთ, მთლად გადასარევი იქნება. ჩემს ოჯახსაც ძალიან მოეწონა და მეგობრებსაც, რომლებმაც ამ „გემრიელობის“ სურათი იხილეს თუ არა, მეხვეწებოდნენ, ერთი ნაჭერი ჩვენც შეგვინახეო.
სცადეთ და არ ინანებთ, თქვენს ახლობლებს ძალიან მოეწონებათ ეს გემრიელი კექსუნია!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი
0 კომენტარი.:
Post a Comment