„კექსეფინები“

Approved by Natia Jinjolava


ყველიერი, ყველიერიო და ამდენი რძის პრიდუქტის გადამკიდე, მე და ჩემს შვილს რამე ტკბილი და გემრიელი მოგვენატრა.  რთული და საწვალებელი ნამცხვრის  გაკეთება დამეზარა და „მაფინები“ გამოვაცხობა გადავწყვიტე.
კლასიკური რეცეპტი გადავაჩემებურე, უფრო სწორედ, რეცეპტის მოძებნა დამეზარა და საკუთარ ფანტაზიას და იღბალს მივენდე. მაგრამ ისეთი გემრიელი შედეგი გამოვიდა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც მომეყოლა. არ დაიზაროთ, გააკეთეთ და არ ინანებთ. სულ მარტივად და მალე კეთდება. უბრალოდ, არც მთლად „მაფინივით“ სველი გამოვიდა და არც „კექსივით“ მშრალი, რაღაც მაგათ ნაჯვარს გავდა და ამიტომ, ჩემს შედევრს „კექსეფინი“ დავარქვი.
ცომისთვის:  2 ჭ შაქარი, 1 ქილა მაწონი, 2 კვერცხი, სოდა-ძმრით, და ვანილი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ 150 გ გამდნარი კარაქი და იმდენი ფქვილი, რომ სქელი არაჟნის სისქის ცომი გამოვიდეს. ცომის 1/3 ცალკე გადმოვიღოთ და 1 სკ კაკაო დავუმატოთ. ცომის ძირითად მასას ქიშმიში დავუმატოთ.
შემდეგ გამზადებული თეთრი მასით გავავსოთ ცხიმწასმული ფორმები 2/3-ის სიმაღლეზე, თავზე ცოტა კაკაოიანი ცომი მოვასხათ. ისე, რომ აბსტრაქტული ნახატები გამოვიდეს. ზემოდან შაქარი მოვაყართ და გამოსაცხობად შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში. თხილის ან ნიგოზის მოაყრაც შეგიძლიათ, ან უკვე გამომცხვარს შოკოლადი მოასხათ, მაგრამ მერე „ზებრა“ ნახატები აღარ გამოჩნდება და გამოდის, რომ ამდენი ტყუილად გვიშრომია (ისე, ნიგოზის, თხილის, ნუშის, შოკოლადის ნატეხების ან ლიმონის ცედრის ცომში ჩაყრაც შეიძლება).
15-20 წუთში გამოცხვება და  მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი

0 კომენტარი.:

Post a Comment