ანტიკური ჯაკუზი და ქართული ჩეჩმა

Approved by Natia Jinjolava

ოფურო
დღეს მსოფლიოში ძალიან უჩვეულო დღესასწაულს აღნიშნავენ - ცხელი აბაზანის დღეს. აბა, ასეთ ღირშესანიშნავ თარიღს როგორ გამოვტოვებდით?!  ცხელი წყალი და აბაზანა  ხომ თანამედროვე (და არა მხოლოდ) ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქვეყანაში არსებული წყალგაყვანილობის სისტემები, აბანოს ტრადიცია და პირადი ჰიგიენა პირდაპირ მიუთითებს მოსახლეობის განვითარების დონესა და კულტურაზე. არქეოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტი სწორედ წყლის პროცედურებთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ნაშთებია. მათი ფორმა და სახესხვაობა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სამშენებლო მასალის თავისებურებით, ცხოვრების სტილითა და წეს-ჩვეულებებით განსხვავდება. სხვადასხვა ხალხების აბანოები, არა მარტო კონსტრუქცით, არამედ სარიტუალო დანიშნულებითა და წყლის პროცედურების თავისებურებებითაც გამოირჩევა.  
საუნა
ოდესღაც ბანაობის პროცესი რელიგიას უკავშირებდა. წყლის გამაჯანსაღებელ ძალასა და მის სამკურნალო თვისებებზე მრავალი ლეგენდა და გადმოცემა მოგვითხრობს. ბევრი მდინარე წმინდად ცხადდებოდა და ადამიანებს სჯეროდათ, რომ  წყალში განბანვა მათ სულიერ და ფიზიკურ განწმენდას მოუტანდათ. სწორედ სტიქსში ჩაყვინთვამ შესძინა ანტიკურ გმირ აქილევსს ჯადოსნური ხელშეუხებლობა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აბანო დაახლოებით სამოცი საუკუნის წინ (ქვის ხანაში) არსებობდა. თუმცა ისტორიკოსები ჯერ კიდევ  ვერ შეთანხმებულან, პირველი აბანო სად გაჩნდა. ყველა ცივილიზაციას აბანოს თავისებური ფორმა აქვს: მისი ჩვეულებრივი ტრადიციული გაგების გარდა, ორთქლის აბანოებიც არსებობს, რომლის გაჩენაც ცივმა კლიმატმა და ხანგრძლივმა ყინვებმა განაპირობა. ასეთ აბანოებს ვხვდებით ჩრდილოეთის ტყეებში მცხოვრების ევროპელების, ჩრდილოეთ აზიის, ორივე ამერიკის (აცტეკებისა და მათი მეზობელი ტომების) ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ კულტურებში.
ეგვიპტელი ქურუმები ქვაში გამოკვეთილ აბაზანაში დღეში ოთხჯერ(!) ბანობდნენ. ფარაონები ჯერ ცხელ წყალში ნებივრობდნენ, მერე არომატიზირებულ გრილ წყალს ივლებდნენ და დამამშვიდებელ მასაჟსაც იკეთებდნენ. აბანო მხოლოდ დიდგვაროვნების და მდიდრების ფუფუნება არ იყო, იგი უბრალო ხალხისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. აბაზანის მიღების საკუთარი ტრადიციები ჰქონდათ ძველ ბაბილონელებს, სირიელებსა და თვით  სკვითებსაც კი.
თერმა
ბანაობის კულტურა განსაკუთრებით მაღალ დონეზე ანტიკურ რომში აიყვანეს, სადაც აბანოს პირადი ჰიგიენის დაცვის გარდა, სხვა დანიშნულებასაც გააჩნდა. რომაული „თერმები“ სხვადასხვა შენობების კომპლექსს წარმოადგენდა, სადაც საკუთრივ აბანოს გარდა (სხვადასხვა ტემპერატურის მქონე სამი აუზის), გასახდელები, გიმნასტიკის დარბაზი, მოსასვენებელი ოთახები, სატრაპეზოები, სპა-პროცედურებისა და მასაჟისთვის განკუთვნილი ოთახები და ბიბლიოთეკებიც კი არსებობდა და ერთი სიტყვით, თანამედროვე „ფიტნეს-ცენტრის“ წინაპარი იყო. ოღონდ, ერთი სხვაობით - ქალებისა და მამაკაცების აბანოში ერთდროულად შესვლა პერიოდულად იკრძალებოდა. სამაგიეროდ, მდიდრებიც და ღატაკებიც კვირაში სამჯერ რეგულარულად ჭყუმპალაობდნენ. რომის ელიტა აბანოში ნადიმებს თუ მართავდა, გასართობი ღარიბებისთვისაც მოინახებოდა.
ძველრომაელთა ჩვევა, საბედნიეროდ, დანარჩენ ევროპასაც მოედო და გარკვეული ხნით სხვა ხალხებიც „გასუფთავდნენ“. საზოგადოებრივი აბანოები მთელ ევროპაში გავრცელდა და ახალი პროფესიაც გაჩნდა - „მეაბანოვე“, რომელსაც შესაშურ ჯანმრთელობასთან ერთად ბევრი სხვა ნიჭიც უნდა ჰქონოდა, არითმეტიკაშიც გაწაფული უნდა ყოფილიყო და რამდენიმე ევროპული ენაც (საყველპუროდ მაინც) უნდა სცოდნოდა. არც აბანოს სტუმრებისთვის იყო საქმე მარტივად. ბანაობის მსურველებს დღევანდელი ჯანმრთელობის ცნობის მსგავსი საგანგებო „ლიცენზია“ უნდა წარედგინათ, რომელიც თავისუფლად იყიდებოდა, ქირავდებოდა და მემკვიდრეობითაც გადაიცემოდა. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ევროპაში ბანაობის კულტურამაც იკლო და გარკვეული დროის შემდეგ თითქმის გაქრა. ქრისტიანული ეკლესია წარმართული რომის უკანასკნელი ნაშთების მოსპობასაც ცდილობდა და „თერმებში“ ერთი მეორის მიყოლებით ეკლესიებს ხსნიდა.
ჰამამი
XI-XII საუკუნეებში ჯვაროსნების წყალობით ევროპამ აღმოსავლური აბანო გაიცნო. მეთხუთმეტე საუკუნისთვის ყველა დიდ ევროპულ ქალაქში იპოვიდით საზოგადოებრივ აბანოს. აქაც, რომის მსგავსად, ქალების და მამაკაცების ერთად ბანაობა იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, აბანოში ორგიები მაინც გრძელდებოდა და გასუფთავების ნაცვლად ბევრი ვენერიული დაავადების გავრცელების წყაროსაც წარმოადგენდა. ისეთი დროც იყო, როცა აბანოში ერთი ღატაკის დაბანასაც კი ეკლესია ღვთის წყალობად მიიჩნევდა, მაგრამ პერიოდულად ხალხისა და ეკლესიის აბანოების მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა და, ისტორიკოსებს თუ ვენდობით, 1920 წლისთვის (უკვე მეოცე საუკუნეა!) ევროპის ქალაქებში საზოგადოებრივი აბანოს პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აბანოები ცალკეულ სოფლებში, ალპებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთსა და რუსეთის ჩრდილოეთში შემორჩა.
დღეისათვის ბანაობის ტრადიცია აღორძინდა, და აბანოს კარგა ხნით მივიწყებული ტიპები ისევ პოპულარული გახდა (თურქული ჰამამი, ფინური საუნა, რუსული აბანო, მექსიკური ტამასკალი, იაპონური ოფურო და სხვ.).
ქართველებს აბანოს კულტურა არ უნდა გვიკვირდეს, თბილისში გოგირდის აბანოების მთელი კომპლექსი გვაქვს, რომელიც თავის დროზე ქალაქის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, სადაც ქალაქელებისთვის მნიშვნელოვანი საქმეები ირჩეოდა და წყდებოდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თბილისის აბანოთუბანმა თავისი პირველადი დანიშნულება და ხიბლი დაკარგა და დღეისათვის ისტორიული უბნის ნაცვლად, უცხოელი ტურისტისთვის გასართობ ადგილად დარჩა, ქართველების უმრავლესობისთვის კი იაფფასიანი საროსკიპოს სინონიმად იქცა. ცენტრალურ წყალგაყვანილობას მიჩვეულ თბილისელებს უახლოესი წარსულის მძიმე წლებმა ვედროთი გამთბარი წყლით და „კრუჟკით“ ნაწილ-ნაწილ ბანაობა გვასწავლა, აი, საქართველოს ბევრ რეგიონში კი დღესაც ცუდად გვაქვს საქმე. გნებავთ, ქობულეთში, ანდა ბორჯომის ხეობაში, სადაც დედაქალაქიდან ჩასული დამსვენებლების დაჟინებული მოთხოვნა რომ არა, აბანო ახლაც  არ იქნებოდა. კარგად მახსოვს, სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, წაღვერში დასვენებისას კეჩხობის დამსვენებელთა სახლის ნაცნობ დირექტორს როგორ ვეღრიჯებოდით და ისიც, კვირაში ერთხელ დიდსულოვნად გვიშვებდა სანატორიუმის აბანოში (სხვა საშუალება ფიზიკურად არ იყო).
გოგირდის აბანოები
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ესპანეთში ვიზიტისას, ერთ ჩემს ნაცნობს ასეთი რამ შეემთხვა: საზეიმო ვახშამზე მასპინძლებისთვის სამადლობელო სადღეგრძელოში საქართველოს კარგი კუთხით გაცნობა მოინდომა, ჩვენი ისტორიის ქება-დიდებას მოყვა და სიტყვა ჩვენთვის სასახელო თარიღებით უხვად შეკაზმა. ესპანელებმა უსმინეს, უსმინეს და მერე ერთმა განსაკუთრებით უზრდელმა შეაწყვეტინა: „ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რას გვაკვირვებ, ჩემს სოფელში რომაელების დროინდელი თერმების ნანგრევები იპოვეს, სამი ფერის მოჭიქული კაფელითაა მოპირკეთებული“. შენამუსებულმა ქართველმა ერთი კი გაიფიქრა, რომაელების მემკვიდრეობით მოტრაბახე ესპანელს თავის ადგილზე მივსვამო, მაგრამ მერე დღევანდელი იმერეთი გაახსენდა, სადაც ერმიტაჟივით გაწყობილ სამსართულიან სახლში საკუთარი აბაზანა ბევრს დღესაც არა აქვს და ეზოს ბოლოში მადლიანი ბაბუის დადგმულ ჩეჩმაში საცალფეხო ბილიკით დადის...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment