15.3.11
მარტის იდები (პიესა ერთ მოქმედებად)
Approved byკაპიტოლიუმის ბორცვზე დიდი ალიაქოთი და აურზაური იდგა. მდელოზე ოლიმპოდან გაძევებული და რომს შეკედლებული, სახე- და სახელშეცვლილი ღმერთების პანთეონი შეკრებილიყო. საპატიო ადგილას აღმართულ ტახტზე იუპიტერი იჯდა, ირგვლივ სავარძლებზე დანარჩენი ღმერთები ჩამომსხდარიყვნენ, პატრისების გარშემო აფორიაქებული წვრილფეხობა - სხვადასხვა ნუმინები ირეოდნენ. ხმა დაირხა, რომ პანთეონის ვარსკვლავთმრიცხველს მთვარის ფაზები არევია და იანუსის დაბადების დღე გამორჩენია. სათათბიროც ამიტომ შეიკრიბა. იუპიტერი მრისხანებდა, რამე თუ არ მოვიფიქრეთ და წელიწადის დღეები არ დავალაგეთ, თავს ისე გახვედით, მალე ჩემი დღეობაც დაგავიწყდებათო.
- ყველანი აქ არიან? - თვალი მიმოავლო იუპიტერმა ირგვლივ შეკრებილ სათათბიროს წევრებს.
- დიანა იგვიანებს, - ზანტად გაიზმორა ვესტამ, - ალბათ ისევ მორიგ ქურქზე ნადირობს.
- საკუთარ ძონძებს მიხედე, - იქედნურად შეეპასუხა იმ წამს გამოჩენილი დიანა, მისთვის მიჩენილ სავარძელში კეკლუცად მოკალათდა და იქვე, მიწაზე მონადირებული მაჩვების მთელი ასხმულა დააგდო.
- თახვები მაინც დაეხოცა, - ჩაულაპარაკა ვენერამ გვერდით მჯდომ იუნონას, - მაჩვის ბეწვი შარშან იყო მოდაში.
- ჩემზე რომ ბევრს ლაპარაკობთ, მარსიც არსად ჩანს, - განაცხადა დიანამ.
- რაც ამქვეყნად მშვიდობა დამყარდა, მარსი გაგვიზულუქდა და ტავერნებში სმა-ჭამას და დროსტარებას გადაჰყვა, - ჩაიბურტყუნა მერკურმა.
- მარსის წარმატება მოსვენებას ყოველთვის გიკარგავდა, - თქვა დიანამ და მაჩვის ბეწვს ხელი ალერსით გადაუსვა.
- მორჩით ლაყბობას! - დაიგრგვინა მოთმინებადაკარგულმა ღმერთმთავარმა, - აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ შეკრებილი და ერთმანეთის კბენას, ჯობია, საქმეს მივხედოთ! მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად მოგიხმეთ.
- გეგონება, სხვისი ამბავი გადარდებდეს! იმაზე ზრუნავ, პატივი შენ როგორ მოგაგონ, თორემ... - უკანა რიგებიდან ფავნის მოგუდული კიკინი გაისმა.
იუპიტერმა შეკრებილებს მრისხანედ გახედა, მაგრამ თავხედს პასუხი არ გასცა.
- მაინც ვერ გავიგე, რა გინდათ? ასეთი მნიშვნელოვანი რა ხდება, რომ ფურირმის რძის აბაზანაში განცხრომით წოლა არ მაცალეთ და აქ მომიყვანეთ, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ვენერამ.
- შენ ხომ მხოლოდ მამაკაცებზე და საკუთარ იერზე ზრუნვის მეტი არაფერი გადარდებს! ამაზე ფიქრს თუ არ მორჩები, ვერც გაიგებ, ამქვეყნად რა დიდი ამბები ტრიალებს, - უსაყვედურა იუნონამ.
- ხმა გაიკმინეთ და ყური მიგდეთ! - შეუძახა ქალღმერთებს უაზრო კინკლაობით თავმობეზრებულმა იუპიტერმა, - დროს ტყუილად ვკარგავთ! არადა, სწორედ ჟამთა სვლა უნდა დავყოთ და დავალაგოთ! ბევრი ვიფიქრე და ასე გადავწყვიტე: ჩვენს ძვირფას იანუსთან სირცხვილი ვჭამეთ, მის სახელზე ერთი თხაც არ დაგვიკლავს და ამბროზიაც არ დაგვიგემოვნებია. დანაშაულის გამოსასყიდად, წელიწადში ერთ თვეს მისი სახელი უნდა დავარქვათ. მისი დღეობა აწი აღარასდროს დაგვავიწყდება, - გადახედა ღმერთების მბრძანებელმა იქვე მოკრძალებით ჩამომჯდარ იანუსს.
- თვეებს ვიყოფთ? - გაიხარა ვენერამ, - ვარდები რომ ყვავიან, ის თვე ჩემთვის მინდა!
- შენთვის ისიც საკმარისია, საკუთარი პლანეტა რომ გაქვს, - შეუღრინა იუნონამ.
- ჩემი თანამეცხედრე მართალია, ასეთ პატივს დამსახურება უნდა! აქ თვეებს კი არ ვარიგებთ, თავგზააბნეულ რომაელებს კალენდარი უნდა დავუწესოთ, თორემ ჩვენს სახელზე სულ უფრო ნაკლებ ზეიმს მართავენ და, ასე თუ გაგრძელდა, ადრე თუ გვიან ათასგვარ შემოპარულ ურჯულოს გააღმერთებენ, - მოშორებით მიყუჟულ ასირიელ მიტრას იუპიტერმა ამრეზით გადახედა.
შეკრებილი საზოგადოება აყაყანდა. ზოგი რას იძახდა და ზოგი რას. ყველა თვლიდა, რომ მისი აზრი სხვისაზე უფრო მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო და ერთი მეორის ხმის გადაფარვას ცდილობდა. ვერ თანხმდებოდნენ, დიდხანს ადგენდნენ, წელიწადში რამდენი თვე უნდა ყოფილიყო და თვეში - რამდენი დღე.
როგორც იქნა, რაოდენობა განსაზღვრეს. ახლა ხელჩართული ბრძოლა თვეების დასახელებაზე გაიმართა. ვიღაცამ, „თვეებს მუზების სახელები დავარქვათო“. იდეა მოიწონეს, მაგრამ მუზები ხომ მხოლოდ ცხრა იყო! მერე შეთახმდნენ, ელადიდან სამარცხვინოდ გახიზვის ამბავი რომ არ განმეორებულიყო, რომაელების გული უნდა მოეგოთ და წელიწადში რომელიმე თვე მათთვის დაეთმოთ. კარგი, ამაზეც მოილაპარაკეს და ზაფხულის ორ თვეს რომაელი იმპერატორების სახელი დაარქვეს. ერთ-ერთი თვისთვის უზენაესი ღმერთის პატივცემული მეუღლის, იუნონას სახელის დარქმევას ყველა გულში უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც უსიტყვოდ დაყაბულდა. ზოგი თვეც მნიშვნელოვან მოვლენებს მიუძღვნეს. მაგრამ წელიწადში თორმეტი თვეა, საქმიანი და აზრიანი იდეა კი ნაკლები აღმოაჩნდათ. მოკლედ, დავას და გნიასს ბოლო არ უჩანდა.
უეცრად დაგვიანებული მარსის როხროხი გაისმა: - კართაგენიც დავამარცხე!
- სანამ შენ ხმალს იქნევდი, ჩვენ აქ საჭირბოროტო საკითხებს ვჭრიდით, - გაეპრანჭა ათლეტური აღნაგობის ომის ღმერთს მინერვა.
- შეხედე, თავს უსირცხვილოდ როგორ აწონებს! - გესლიანად ჩაუქირქილა დიანამ ვენერას.
- ალბათ ჰგონია, ერთ დღეს ცოლადაც მომიყვანსო. საბრალო, როგორ ცდება! - ვენერამ მოსასხამი გაისწორა და გრძელი და ნატიფი ფეხები მომგებიანად გამოაჩინა.
- ჩემს სამფლობელოში ამდენი სული უპატრონოდ მყავს მიტოვებული, მე კი ძვირფას დროს თქვენი ლაყბობის მოსმენაში ვკარგავ. ამ ოხერ თვეებს, რაც გინდათ, ის დაარქვით! - ხმა ამოიღო პლუტონმა.
ვენერა, დიანა და მინერვა ერთმანეთს არ აცლიდნენ და მათ შორის დარდიმანდულად ჩამჯდარ მარსს შექმნილ ვითარებას უხსნიდნენ: თორმეტი თვე გვაქვს, რამდენიმეს სახელი ვერ შევურჩიეთ და მეშვიდე თვეზე გავიჭედეთო.
- ამაზე კამათობთ? მაგას ბევრი ფიქრი რად უნდა? ადექით და დანომრეთ! - მიმართა მარსმა იუპიტერს.
- რა მარტივად გადაწყვიტა?! როგორ ეტყობა, რომ ჯარისკაცია და ბევრი ფიქრი არ ეხერხება, - მერკურს სულმა სძლია და მარსს წაკბინა.
- შენ ხომ ყიდვა-გაყიდვის გარდა არაფერი იცი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობ, - ადგილიდან წამოიმართა მარსი და მერკურს მრისხანე მუშტი მოუღერა, - აქ რას მიკეთებდი? სანამ მე ვომობდი, უკეთესი მოგეფიქრებინა.
ატყდა დაკა-დაკა. ღმერთები და ქალღმერთები ერთმანეთს დაერივნენ. სეირით აღფრთოვანებული უმცროსობა უფროსობას არ ჩამორჩა, ფავნი და ფავნა ჩლიქებს აბაკუნებდნენ, კუპიდონი შეკრებილთა თავზე დაფრინავდა და მოკამათეებს ისრებს სტყორცნიდა, ლარები ყაყანებდნენ, პომონები ბუჩქებში იმალებოდნენ... ბახუსმა დრო იხელთა, მოშორებით ხის ჩრდილში არხეინად წამოწვა და სეირით იქიდან ტკბებოდა.
- მარსის აზრს ვეთანხმები, დავნომროთ! ამ უსარგებლო დავას ბოლო რომ მოეღოს, უსახელოდ დარჩენილ თვეს მას მივუძღვნი. ამიერიდან წელიწადის პირველი თვე მარსის სახელობის იქნება, - ადგილიდან წამოიმართა იუპიტერი, მიწას კვერთხი დაჰკრა და იქუხა, - ჩემი საბოლოო სიტყვა ისმინეთ: ამიერიდან წელიწადში ოთხი დრო, თორმეტი თვე, ყოველ თვეში კალენდები, იდები და ნონები იქნება. ახალი კალენდრით მარტის იდებს გახსნილად ვაცხადებ. Urbi et Orbi! ამ წუთიდან ახალი წელი იწყება!
0 კომენტარი.:
Post a Comment