20.3.11
მეგრული კუჭმაჭი
Approved by
ფაშვი |
„ძროხის ცოფზე“ ამდენი ლაპარაკის მერე ამ უგემრიელეს კერძს უყურადღებოდ ნამდვილად ვერ დავტოვებ. მთელი ბავშვობა დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ინგრედიენტების თბილისში ხელმიუწვდომლობიდან გამომდინარე მისი გაკეთება მხოლოდ რაიონებში და ისიც სამეგრელოში იყო შესაძლებელი. მაგრამ სულაც არ ყოფილა ასე. მეგრული კუჭმაჭისთვის აუცილებელი ძროხის ფაშვი არა მარტო ბაზარში, „გუდვილშიც“ კი იყიდება, მართალია ხაშის მოწყობილობასთან ერთად. ასე, რომ შეიძინეთ და ზედმეტი ნაწილები (ღორის ჩლიქები) თქვენ თუ არ გჭირდებათ, ვინმე მუჟუჟის მოყვარულს გადაულოცეთ, ან სულაც გადააგდეთ. სხვათა შორის, მოგვიანებით ფრანგული კუჭმაჭის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, სადაც საქონლის ფაშვთან ერთად ღორის ჩლიქებსაც იყენებენ, ასე რომ შეგიძიათ ფრანგული ვარიანტი გააკეთოთ. მაგრამ ამჯერად, მოდით ისევ ჩვენებურს, მეგრულს დავუბრუნდეთ.
მეგრული კუჭმაჭი |
ახლა რამდენიმე დათქმა: 1. გავრცელებულია აზრი, რომ ამ დელიკატესის ბინის პირობებში გაკეთება შეუძლებელია და მხოლოდ რესტორნებში შეგვიძლია ვჭამოთ. ტყუილი, ტყუილი და ტყუილი! რეცეპტს რომ ნახავთ, თვითონ მიხვდებით რა ადვილი მოსამზადებელია. ძნელი ფაშვის გარეცხვაა, თორემ გარეცხილის მოხარშვას რაღა უნდა. 2. მეგრული კუჭმაჭისთვის საჭირო სანელებლები თბილისში არ იყიდება - უკვე იყიდება და თუ მაინც ვერ მიაგნებთ, შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით შეაზაოთ: დაფქული წითელი წიწაკა, უცხო სუნელი და ქონდარი. 3. მეგრული კუჭმაჭი იჭმევა მხოლოდ ღომთან ერთად - ნამდვილად ასეა, მაგრამ ლავაშთანაც მშვენიერია და ბოლო, 4. მეგრულ კუჭმაჭს მაგიდაზე არ დგამენ, ჩამოტარებითაა. ესეც სიმართლეა და იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანი კერძია და გაციებული არ იჭმევა. მაგრამ არსებობს მარტივი გამოსავალი: ჯერ ერთი, ოჯახისთვის თუ გააკეთებთ, მაგიდაზეც ცხელი ტაფით დადგამთ და მეორე - კუჭმაჭის ან კუპატის ჭამას თუ ვაპირებ, თეფშებს (რომელზეც უნდა ვჭამო) წინდაწინ გვარიანად ვაცხელებ. ზამთარში „კარმაზე“ შემოვდგამ ხოლმე, კარმა თუ ჩართული არ მაქვს, გახურებულ ღუმელში ვდებ 10-12 წუთით. დამიჯერეთ, არც კერძი გაგიცივდებათ და არც თეფში გაგექონებათ.
მოხარშული და დაჭრილი ფაშვი |
მეგრული კუჭმაჭისთვის დაგჭირდებათ: 1 კგ საქონლის (თხის) ფაშვი, 3 ც საშუალო ზომის ხახვი, 2 ს/კ ტომატ-პასტა, მარილი და კუჭმაჭის სუნელი (ქონდარი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა) გემოვნებით, 1 ც მწვანე წიწაკა, ბლომად ქინძი (ცოცხალი!)
წინასწარ მოხარშული და გაციებული საქონლის ფაშვი (დიდხანს ხარშვა უნდა) დავჭრათ წვრილად. დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ ზეთდასხმულ ტაფაზე, მოთუშულ ხახვს დავუმატოთ ტომატი, ფაშვი და სუნელები, მარილი და კარგად დავხრაკოთ (დაახლოებით 20-25 წუთი). გამზადებულ კერძს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი, მწვანე წიწაკა, 5 წუთი ცეცხლზე კიდევ გავაჩეროთ და სასწრაფოდ მივირთვათ! (თუ გაცივდა, არაერთგზის გაცხელებას თავისუფლად ექვემდებარება, არ გეგონოთ რომ ერთჯერადი საჭმელია).
ახლა ერთ პატარა საიდუმლო ინგრედიენტს გაგიმხელთ, რომლისთვისაც მეგრელი დიასახლისები მომკლავენ (ჩემი არაპატრიოტიზმის გამო), მაგრამ დამიჯერეთ მართლა ძალიან უხდება! კუჭმაჭს ხრაკვის პროცესში სულ ნახევარი ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი დაუმატეთ. ამ სოუსს საკმაოდ უცნაური და მკვეთრი სუნი აქვს. კერძში სულ რამდენიმე წვეთს უმატებენ და მისი არომატი პრაქტიკულად არ იგრძნობა, მაგრამ ერთი ჯადოსნური თვისება აქვს. საკმარისია შესუნელებულ კერძში ჩაამატო, ყველა არომატი ძლიერდება და ბევრად მკვეთრად იგრძნობა. ამიტომ ძალიან უხდება ხორციან შესუნელებულ კერძებს, ქართულ ლობიოს, ნიგვზიან ფხალეულს... ოღონს არ დაგავიწყდეთ მხოლოდ რამდენიმე წვეთი!
კიდევ ერთი ქმედითი რჩევა, რაიონში სტუმრად ჩასულს პატივსაცემად ხბო (თხა, საქონელი) თუ დაგიკლეს და კუჭმაჭი ნახევარ საათში მოგართვეს, არ მიეკაროთ! ფაშვის გარეცხვას მინიმუმ რამდენიმე საათი და 4 ქალი ანდა, ერთი ქალი და 2 დღე სჭირდება!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment